„გურიაში თხილი ინტენსიურად ხმება“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში მცხოვრები ფერმერები უყვებიან.
მათი განცხადებით, მცენარე ბოლო წლებშია აქტიური ხმობის ფაზაშია, მაგრამ წელს პროცესები დაჩქარდა. ფერმერების თქმით, აგრონომების ნაწილი აღნიშნულს მცენარის ფესვის ლპობით ხსნის.
„გურიაში თხილი ინტენსიურად ხმება, ხმობის პროცესი დაახლოებით ორი-სამი წელია დაიწყო, თუმცა წელს გაცილებით მეტია, ვიდრე წინა წლებში. ხმობის პროცესი მიმდინარეობს ახალგაზრდა ბაღებშიც; თავიდან იწყება ფოთლების სიყვითლით და მალევე ვითარდება ხმობის პროცესი. შეიძლება დღეს თხილი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, მაგრამ ორ-სამ დღეში სრულად გაყვითლდეს და მალევე გახმეს. როგორც აგრონომმა გვითხრა, მცენარეს აქვს ფესვის სიდამპლე“, – აცხადებენ ფერმერები.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ხმობის პროცესის შესაჩერებლად ამ ეტაპისთვის ქვეყანაში შესაბამისი სამკურნალო პრეპარატები არ არსებობს.
„როგორც მოვიძიეთ აქამდე არ არსებობდა პრეპარატი. წელს როგორც გვითხრეს, შემოიტანეს პრეპარატი, მაგრამ ჯერ ტესტირების ეტაპზეა. ამის შემდეგ გვეცოდინება, გვექნება პრეპარატი თუ კვლავ სხვა რამის ლოდინის პროცესში უნდა ვიყოთ. ასეთ დღეში ვართ გურულები, ეს ხდება გარშემო ყველა ბაღში“, – უყვებიან ადგილობრივები „ბიზნესპრესნიუსს“.
როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნათს ინკორპორეითედის“ აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე ლათათია ამბობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ თხილში ეპიდემიური დაავადება იყოს გავრცელებული, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი სამსახურები პროცესებს აკვირდებიან.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა რომ, საქმე გვქონდეს აგრონომთა კვალიფიკაციის პრობლემასთან, რესპონდენტი გვპასუხობს შემდეგს:
„ვფიქრობ, ეპიდემიური დაავადებები არ გვაქვს თხილში. შესაბამისი უწყებები ამას აკონტროლებენ რაღაც დოზით. ვფიქრობ, ჩვენი გამოწვევა უფრო მეტად არის ის, რომ ფერმერები მიბმულები არიან აგრო მაღაზიებზე, რომლებიც ძირითადად ორიენტირებულები არიან თავისი პროდუქტის გაყიდვაზე. ხშირ შემთხვევაში ფერმერებს აძლევენ არა მათზე სასარგებლო რჩევებს, არამედ მოქმედებენ თავისი პროდუქციის გაყიდვის მოტივებით. ჩვენს მეურნეობას არ გვაქვს მსგავსი პრობლემები, რადგან გვყავს ჩვენი აგრონომთა ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურია და საჭიროებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს კონკრეტული პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ თორნიკე ლათათიამ.
ამის გარდა, თხილის მწარმოებელი ფერმერები სხვა გამოწვევების წინაშეც დგანან: დაწყებული მუშახელით, რომელიც ბოლო წლებში დეფიციტური გახდა და გაძვირდა კიდეც, დამთავრებული სამუშაო პროცესში ტექნოლოგიების ჩართულობის ნაკლებობით.
თორნიკე ლათათიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ძირითადად თხილის საოჯახო მეურნეობებია. მისი თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 41 ათასი ჰექტარი თხილის მეურნეობაა, საიდანაც 70% საოჯახო მცირე მეურნეობებზე მოდის.
ლათათია ამბობს, რომ თხილის მწარმოებელი მცირე მეურნეობებისთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, რაც მათ რეალურად ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით დაეხმარებოდა.
„პატარა მეურნეობისთვის მთავარი გამოწვევა დღეს არის მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობა, ამ დროს ტექნოლოგიები მნიშვნელოვანია საოპერაციო ხარჯების შესამცირებლად. მექანიზაციის გარეშე სამუშაო პროცესიც ვერ ტარდება ეფექტურად და ბევრად ძვირი ჯდება, ვიდრე მექანიზაციის ჩართვის დროს. გარდა მექანიზაციისა, მნიშვნელოვანი გამოწვევაა მოსავლის აღება, ბოლო წლებში ყველაზე მტკივნეული გამოწვევაც კი არის ეს, რადგან წლების განმავლობაში ფერმერები მუშახელს ქირაობდნენ და მათი მეშვეობით იღებდნენ მოსავალს. დღეს მუშახელი გაძვირდა და გაძვირების პირობებშიც ფიზიკურად არ არის ბაზარზე, მათი ნაწილი გასულია ქვეყნიდან ან ამ ინდუსტრიაში არ მუშაობს. აქედან გამომდინარე, ბაზარზე არის მუშახელის დეფიციტი, რაც გამოწვევას წარმოადგენს მოსავლის აღების დროს“, – აღნიშნავს თორნიკე ლათათია.