რუსულმა სანქცირებულმა Сбербанк-მა საქართველოში ფულის გადმორიცხვის შესაძლებლობა დაამატა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, აპლიკაციაში საქართველო განახლების შემდეგ გამოჩნდა.ლევშიცი ირწმუნება, რომ Сбербанк-დან საქართველოში ფულის გადმორიცხვის ფაქტი დადასტურებულია და ფული ანგარიშზე საკმაოდ სწრაფად ისახება.
“რუსულმა Сбербанк-მა დაიწყო გადარიცხვები თავისი ანგარიშებიდან ქართული ბანკების ანგარიშებზე. ახალი ქვეყანა კომპანიის განახლებულ აპლიკაციაში გამოჩნდა, თუმცა ის ჯერჯერობით ყველა გაჯეტზე დაინსტალირებული არ არის…. მაგრამ გადარიცხვების ფაქტი არსებობს და ფული საკმაოდ სწრაფად ირიცხება” – წერს ლევშიცი
ინფორმაციას უარყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი და ამტკიცებს, რომ განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა:
„გაცნობებთ, რომ 2022 წლის 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით ფინანსურ სექტორს დაევალა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოთხოვნათა შესრულება. სანქციების მოთხოვნათა დაცვის და ამ კუთხით გასატარებელი სხვა ღონისძიებების შესახებ შესაბამისი ვალდებულებები, ასევე, განისაზღვრა „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 5 აგვისტოს №208/04 ბრძანებით. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი ვალდებულია დანერგოს ღონისძიებები სანქციათა რეჟიმების გვერდის ავლის აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით.
ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული ბანკი რეგულარულად ამოწმებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენელს, რაც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სანქციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლს. აღსანიშნავია, რომ კომერციულ ბანკებს დანერგილი აქვთ ეფექტური მექანიზმები სანქციადაკისრებული პირების იდენტიფიცირებისა და ოპერაციების შეჩერებისთვის. განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში, სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა.
ეროვნული ბანკი ახორციელებს საკითხის დამატებით მოკვლევას“, – აცხადებს სებ-ი.