ფრონტის ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა საბრძოლო მასალის გადატანის დროს, ორივე მებრძოლი გარდაიცვალა – მამულაშვილი

ქართული ლეგიონის მებრძოლები უკრაინაში საბრძოლო დავალების შესრულებისას, უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ. ორივე მათგანი – ნოდარ ნასიროვიც და  გიორგი გოგიაშვილიც უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდნენ რუსეთის წინააღმდეგ.

გმირების ცხედრები სამხრეთის მიმართულების ფრონტის ხაზიდან უკვე გამოიყვანეს. შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა კონკრეტულად სად, ამაზე ქართველი მებრძოლები არ საუბრობენ:

“ქართული ლეგიონის რიგებში ირიცხებოდნენ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. სამწუხაროდ, ფრონტის ხაზზე მოხდა უბედური შემთხვევა. საბრძოლო მასალის გადატანის დროს ამოტრიალდა საბრძოლო მანქანა და ორივე მებრძოლი გარდაიცვალა. იყვნენ პროფესიონალი სამხედროები, კარგად გამოიჩინეს თავი, გლოვის დღეა ქართულ ლეგიონში.

ნოდარ ნასიროვის გადმოსვენებაზე შეთანხმდნენ მეუღლესთან. დაიკრძალება უკრაინაში, მეუღლე ჰყავს უკრაინელი, შვილის ჰყავს უკრაინაში და მეუღლემ მოითხოვა რომ დაკრძალონ უკრაინაში. რაც შეეხება გიორგის, ექსპერტიზის შემდეგ იქნება გამომშვიდობება ქართული ლეგიონის ბაზაზე და შემდეგ გადმოასვენებენ საქართველოში” ამბობს ქართული ლეგიონის დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილი 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share