როგორც კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გრემმა აღნიშნა, ის აპირებს კანონპროექტის ინიციირებას, რომლის მიღების შემთხვევაშიც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდება. მან აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდა კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.
სენატორმა რუსეთის არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმური პრეზიდენტია.
“პუტინის არჩევნები არალეგიტიმურია. ის არალეგიტიმური პრეზიდენტია. ის მართავს ტერორისტულ სახელმწიფოს, ამიტომ ჩემი პასუხი მის არჩევაზე, როცა დავბრუნდები ვაშინგტონში იქნება შემდეგი: წარვადგენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც რუსეთი გამოცხადდება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ – ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან რუსეთი ასეთია”, – თქვა გრემმა.
რესპუბლიკელი სენატორი ამბობს, რომ რუსეთის ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები “უბრალოდ წარმოუდგენელია” და მათი ფალსიფიკაცია მოხდა. მან პუტინს “სამხედრო დამნაშავე” უწოდა.
გრემმა ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ “ძალისხმევა უნდა გააორმაგონ”.
“ვხვდები, რომ სანქციები ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდნენ. რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია და ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, მივხედოთ მათ ეკონომიკურ აქტივებს. ამიტომ, თუ მოხდება რუსეთის აღიარება [ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ], განმეორებითი სანქციები უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან ისეთი ქვეყნები, როგორც ინდოეთი, ჩინეთი და სხვები, რუსეთთან საქმეს მეტი სიფრთხილით დაიჭერენ”, – განაცხადა გრემმა.