უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისე სამხედროები აცხადებენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაწყებულ ბრძოლებს კვლავ განაგრძობენ. განცხადებები გაკეთდა 21 მარტს, კიევში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
შეიარაღებული ჯგუფები – „რუსეთის თავისუფლება“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე 12 მარტს შეიჭრნენ, საკუთარ თავს „რუსეთის განმათავისუფლებელი ძალების“ ნაწილად წარმოადგენენ.
„რუსეთის თავისუფლების“ მოხალისე მებრძოლი – ალექსეი ბარანოვსკი აცხადებს, რომ „პუტინის არმიას“ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.
„ისინი [რუსეთი] იძულებული გახდნენ, გადაესროლათ დამატებითი მნიშვნელოვანი ძალა ხარკოვის მიმართულებიდან, კუპიანსკის მიმართულებიდან, რათა გაემაგრებინათ თავიანთი ბელგოროდისა და კურსკის ოლქები – ჯერჯერობით თავიანთი ოლქები…
ფაქტობრივად, ჩვენ ჩავშალეთ რუსეთის შეტევის გეგმა, დაკავშირებული [საპრეზიდენტო] არჩევნებსა და პუტინის ხელმეორე დანიშვნასთან, ფაქტობრივად – მეფედ“, – განაცხადა ბარანოვსკიმ.
რუსმა მოხალისეებმა შეაჯამეს მოწინააღმდეგისთვის მიყენებული ზიანი:
- 651 – მოკლული სამხედრო, 908 – დაჭრილი სამხედრო, 37 – ტყვედ აყვანილი სამხედრო;
- 121 ერთეული ტექნიკა – განადგურებული [მათ შორის მძიმე ტექნიკა] და 50 – მწყობრიდან გამოსული.
„[რუსეთის] ტაქტიკური ავიაციაც ჩვენკენ მივიტყუეთ. მათ განახორციელეს, სულ მცირე, 323 ავიადარტყმა და ყველაფერი ეს მოფრინდა ბელგოროდისა და კურსკის ოლქების ტერიტორიაზე. შესაბამისად, ამ ჩვენი „შეზღუდული სამხედრო ოპერაციის“ წყალობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეძლეს ფრონტის სტაბილიზება და იმ უბნების დაცვა, სადაც მოსალოდნელი იყო პუტინის ჯარების მასირებული შეტევა“, – აცხადებს ბარანოვსკი.
გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია შესაძლებელი.
“რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ მეთაური, დენის ნიკიტინი, მეტსახელად White Rex – კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა უკვე ტრადიციად იქცა, ამ ხერხს „მოხალისეთა კორპუსი“ – 2023 წლის მარტიდან მიმართავს და, სხვა ჯგუფებთან ერთად, მომავალშიც გააგრძელებს.
„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევძელით მეორე ფრონტის გახსნა და სამხედრო მოქმედებების სრულფასოვნად მტრის ტერიტორიაზე გადატანა. ახლა უკვე საომარი მოქმედებების თეატრი არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზეა, არამედ რუსთის ტერიტორიაზეც“, – დენის ნიკიტინი მიმდინარე მოვლენებს „მასშტაბურ და სერიოზულ ცვლილებას“ უწოდებს.
„პუტინს უფრო მეტი საინტერესო აღმოჩენა ელოდება“ – თავის მხრივ აღნიშნავს „ციმბირის ბატალიონის“ მებრძოლი, მეტსახელად – „ხოლოდ“, რომელმაც პრესკონფერენციაზე ერთობლივი განცხადება წაიკითხა.
„მალე ჩვენ წავალთ სხვა ქალაქებშიც. მოვუწოდებთ რუსებს ყველა ქვეყანაში, ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანებს – შემოგვიერთდნენ და ერთად ვიბრძოლოთ პუტინის დიქტატურის წინააღმდეგ. მხოლოდ იარაღით ხელში და ერთად ყოფნით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და შევქმნით ახალ რუსეთს – ძლიერ, მშვიდობიან და პატივსაცემ ქვეყანას, რომლის მოქალაქეობაც სამარცხვინო არ არის. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. იქნება ახალი გამარჯვებები“, – ნათქვამია რუს მოხალისეთა შენაერთების ერთობლივ განცხადებაში.
ტექსტში აღნიშნულია ასევე, რომ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, მოხალისეებმა გაათავისუფლეს ორი დასახლება, პროცესმა თავად პუტინისა და „პუტინის არმიის“ მნიშვნელოვანი სისუსტე გამოავლინა, „კრემლმა ვერ შეძლო [საპრეზიდენტო] არჩევნების ჩატარება ოლქებში, სადაც მიმდინარეობდა ნამდვილი ომი“ და „ბელგოროდისა და კურსკის ოლქების მოქალაქეები არ წავიდნენ საარჩევნო უბნებზე“.
შეკითხვაზე – როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ადგილობრივებს მათ მიმართ? – მოხალისეები პასუხობენ, რომ ადგილობრივებმა მიიღეს მართებული გადაწყვეტილება, როცა სარდაფებში იმალებოდნენ და 1000-მა ადამიანმა თავს ევაკუაციით უშველა, საღამოს 9 საათიდან ყოველდღე გახსნილი სამშვიდობო დერეფნის გავლით.
რუსი მოხალისეები აცხადებენ, რომ მათ სამიზნეს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენს; ხოლო მშვიდობიანი ადამიანები თავად რუსეთის ხელისუფლებამ გაწირა, როცა იგნორირებას უკეთებდა მათ მოწოდებებს – აუცილებელი ევაკუაციის შესახებ.