პარტიის თქმით, ქართული ოცნება საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის.
მათი განცხადება:
“2024 წლის 22 მარტს, ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ, განაცხადა, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.
ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯი გადაედგა, საქართველოს პრემიერმინისტრმა კვლავ განაცხადა, რომ ქართული ოცნებისთვის საკითხი დახურულია და მმართველი პარტია არ აპირებს ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე აუცილებელი რეფორმების გატარებას.
ასევე, დღესვე, მოსამართლეთა კონფერენციაზე დასანქცირებულმა სასამართლო კლანმა ერთი-ერთში გაიმეორა მმართველი პარტიის დეზინფორმაციული გზავნილები ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეფორმების დისკრედიტაციის მიზნით. ეს კი ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანზე ღიად უარის თქმას ნიშნავს.
ევროკავშირი არის ღირებულებებზე, პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე დაფუძნებული ცივილიზაციური ერთობა. რუსეთისგან განსხვავებით, ის სხვა სახელმწიფოებს აღიქვამს თანასწორ პარტნიორებად და პატივს სცემს ხალხის არჩევანს. ჩვენი არჩევანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც წინ მმართველი პარტია ეღობება და საკუთარი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხის ამ ისტორიული მისწრაფების აღსრულებას შეუძლებელს ხდის.
სწორედ ამიტომ, ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, ცვლილება უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანის მთავარ პრიორიტეტად. ცვლილება, რომელიც მოიტანს მრავალპარტიულ დემოკრატიულ მმართველობას და საქართველოს გახდის ევროკავშირის სრულფასოვან წევრად, რაც თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს კეთილდღეობას, უსაფრთხო გარემოს, ბედნიერებისა და მშვიდობის მყარ და სამუდამო გარანტიებს”.
ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზეა საუბარი, ნახსენებია მართლმსაჯულების სისტემაში დანიშნული პირების კეთილსინდისიერების შემოწმება – ე.წ ვეტინგი.
ვეტინგის სისტემა არის მოდელი, რომლის ფარგლებშიც მოწმდება მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი, კომისია კი უცხოელი და ქართველი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. ამას ითხოვს ვენეციის კომისიაც.
ქართული ოცნების არგუმენტი ისაა, რომ პროცესში უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხე შეექმნება. მმართველ გუნდში ცდილობენ, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა ოპოზიციის ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა ამას ქვეყნისგან ევროკომისია ითხოვს.