ბევრი ევროპელი თვლის, რომ რუსეთი უსამართლოდ დაესხა თავს უკრაინას და, რომ აუცილებელია უკრაინელების სამხედრო და ჰუმანიტარული თვალსაზრისით მხარდაჭერა, მაგრამ სულ უფრო ნაკლებ ევროპელს სჯერა იმისა, რომ უკრაინას შესწევდეს უნარი დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები.
საუბარია კვლევაზე, რომლის პრეზენტაციაც კარნეგის საერთაშორისო ფონდისა და საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ექსპერტებმა 26 მარტს ვაშინგტონში გამართეს.
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ევროპის 12 ქვეყანაში ჩატარდა, 10-დან მხოლოდ ევროპის ერთ მოქალაქეს სჯერა იმისა, რომ უკრაინა შეძლებს ომის მოგებას, ანუ აღადგენს კონტროლს მთელ თავის ტერიტორიაზე. ორჯერ მეტ ევროპელს სჯერა, რომ ომში გაიმარჯვებს რუსეთი. და გამოკითხულთა თითქმის 40% მიიჩნევს, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისით დამთავრდება.
პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ატლანტიკის ორივე მხარეზე ამომრჩეველთა დამოკიდებულებაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული იმ საკითხის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება სამხედრო დახმარება უკრაინისათვის და როგორი წილობრივი მონაწილეობით უზრუნველყოფენ ამ დახმარებას აშშ და ევროკავშირი.
„არჩევნები ომის დროს“ და პუტინის მოლოდინი
გამოკითხულ ევროპელთა 40% მიიჩნევს, რომ დასავლეთმა უკრაინას უნდა უბიძგოს იმისკენ, რომ დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკება, და მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება დახმარება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.
„ჩვენ ამ კვლევას ვუწოდეთ “არჩევნები ომის დროს”, რადგან ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ თუ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს, საარჩევნო ყუთების საშუალებით შეძლებს ომის მოგებას. მოსკოვი ძლიერ იმედოვნებს, რომ დასავლეთში ომის დაღლილობის შედეგად უკრაინა თვითდინებას გაჰყვება“, – ამბობს მარკ ლეონარდი, ბრიტანელი მკვლევარი და ECFR-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ პუტინი გარკვეულწილად მართალია თავის გათვლებში, ზოგ რამეში კი ძალიან ცდება. და ეს არის ის, რასაც, მარკ ლეონარდის თქმით, ყურადღება უნდა მიაქციონ დასავლელმა პოლიტიკოსებმა, რომელთაც სურთ შეინარჩუნონ კონსენსუსი უკრაინის დახმარებაზე, რაც ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი უნდა იყოს.
და მართლაც, ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების აზრით, ევროპელებმა ნელ-ნელა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ორ წელიწადზე მეტი ხნის წინ წამოიწყო, მთელ კონტინენტზე იქონიებს გავლენას. მათ უკვე დაიწყეს მოქმედება, კერძოდ, გაიზარდა სამხედრო ხარჯები, მაგრამ რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცნობიერების შეცვლის პროცესი ძალიან ნელა მიდის.
ამ ცნობიერების სიმწვავე და ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმისთვისაც ევროპელები არიან მზად, იმის მიხედვით განსხვავდება, თუ როგორია ამ ქვეყნების რუსეთთან ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება და მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა.
ასე მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და შვედეთი მნიშვნელოვნად ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და აქტიურად წვრთნიან თავიანთ შეიარაღებულ ძალებს, რათა წინ აღუდგნენ რუსეთის შესაძლო აგრესიას.
მაგრამ ზოგიერთ სხვა, ძირითადად რუსეთის საზღვრიდან მოშორებულ, ევროპის დასავლეთით მდებარე ქვეყნებში ჯერ კიდევ ოცნებობენ „ძველ ნაცნობ“ სამყაროში დაბრუნებაზე, სადაც ევროპაში ომი შეუძლებლად, ხოლო მშვიდობა – მოცემულობად მიიჩნევა.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თუ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში ყველაზე უფრო მეტად ბირთვული ომის საფრთხისა ეშინოდათ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ფინეთში – ყველაზე უფრო მეტად რუსეთის შესაძლო ოკუპაციისა ეშინოდათ.
კვლევისთვის შერჩეული 12 ქვეყნიდან ყველაზე მეტად შვედები (50%), პოლონელები (47%), ფრანგები და ესპანელები (35%) არიან მზად უკრაინის მხარდასაჭერად. ბევრისთვის მოულოდნელად, პორტუგალია უკრაინის აქტიურ მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა. როგორც მიღებული შედეგით ირკვევა, უკრაინისთვის მხარდაჭერის დონით (48%) პორტუგალია მხოლოდ შვედეთს ჩამორჩება.
მაგრამ, ესპანეთიდან დაწყებული, სადაც უკრაინის მხარდამჭერებისა და რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებისთვის კიევის იძულების მომხრეთა ხმები თითქმის თანაბრად გაიყო, სხვა ქვეყნებში მოლაპარაკებების მომხრეები ჭარბობენ. გამოკითხული ქვეყნებიდან რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას ყველაზე მეტი მომხრე (64%) ჰყავს უნგრეთში, 59% – საბერძნეთში, 52% – იტალიაში, 50% – რუმინეთში, ავსტრიაში – 49%, გერმანიაში – 41% და ნიდერლანდში – 37%.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა ასევე უნგრეთის მეზობელი, სლოვაკეთის ხელისუფლება, რომელმაც უკრაინისათვის ყოველგვარი სამხედრო დახმარება შეწყვიტა.
სლოვაკეთი და უნგრეთი აცხადებენ, რომ არ უერთდებიან ჩეხეთის პრეზიდენტის ინიციატივას და არ აპირებენ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას.
„ჩვენ ვთვლით, რომ ამ კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პერსპექტივა არ არსებობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აღარ დავეხმაროთ უკრაინას იარაღითა და საბრძოლო მასალებით და უპირატესობას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ვანიჭებთ“, – განაცხადა 21 მარტს პრაღაში, „ვიშეგრადის ოთხეულის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა.
რა შუაშია აშშ-ის არჩევნები?
ევროპელთა განწყობისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ისიც, თუ ვინ მოვა ხელისუფლების სათავეში ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, აქტუალურია შეკითხვა, შეძლებს თუ არა შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე ევროპა, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას? და დასრულდება თუ არა რუსეთ-უკრაინის ომი, თუ დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო რბოლაში?
გამოკითხულ ევროპელთა 36% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება მშვიდობას მოუტანს უკრაინას. უფრო მეტი, 43% კი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის პირობებში უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს.
„მათ [ევროპელთა] უმეტესობას არ სურთ მიიღონ პუტინის შემოთავაზება, მათ არ სურთ რაიმე სახის „მინსკი-3“, რომელსაც ისინი უკრაინისთვის წამგებიანად მიიჩნევენ“, – ამბობს მარკ ლეონარდი.
ამის ნაცვლად, ანალიტიკოსის რწმენით, ევროპელების გონებაში ხდება უკრაინის ადგილის გადააზრება გეოპოლიტიკური მნიშვნელობით, რომლის თანახმად, ის უნდა იყოს დასავლეთის სამყაროს, ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი.
უკრაინაში ომმა და დონალდ ტრამპის პრეზიდენტად შესაძლო არჩევის პერსპექტივამ განაპირობა ის, რომ ევროპელები მზად არიან გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ამით აიხსნება ნატოს ხელმძღვანელობის მოლოდინი, რომ ევროკავშირის 23 ქვეყანა, რომლებიც ასევე ალიანსის წევრები არიან, ამ ზაფხულს ვაშინგტონის ნატოს სამიტამდე შეეცდებიან თავდაცვის ხარჯების საჭირო დონემდე, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდას.
ეს მაჩვენებელი სავალდებულოა ნატოს წევრი ქვეყნისთვის და ის ფაქტი, რომ მხოლოდ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ მიაღწია ამ დონის თავდაცვის ხარჯების მიზანს, გახდა კიდეც თავის დროზე იმის მიზეზი, რის გამოც პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი მოკავშირეები გააკრიტიკა.
ზემოხსენებული კვლევის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი არის ის, რომ ევროპელები ახლა გაცილებით ნაკლებად არიან მზად, ხმა მისცენ პოპულისტებსა და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებს, ვიდრე ევროპარლამენტის წინა არჩევნებში, როდესაც „ტრამპისეული პოლიტიკა“ მოდაში იყო. ექსპერტების თქმით, ამჟამად ულტრამემარჯვენე ევროპული პარტიებიც კი ცდილობენ გაემიჯნონ როგორც დონალდ ტრამპს, ასევე ვლადიმირ პუტინს. უნგრეთში კი, რომლის ლიდერი ვიქტორ ორბანი თავს დონალდ ტრამპის დიდ მეგობრად წარმოადგენს, – მარკ ლეონარდის თქმით, – ამომრჩეველთა მხოლოდ 28% იქნებოდა ბედნიერი, თუ ტრამპი პრეზიდენტად დაბრუნდება.
არადასავლეთის ქვეყნები უკრაინა-რუსეთის ომს ევროპის წინააღმდეგ რუსეთის ომად მიიჩნევენ
მრავალი წლის განმავლობაში კოლექტიურ დასავლეთში მცხოვრები ხალხი რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ განიხილავს, როგორც რეგიონულ კონფლიქტს, რომელიც მათ ინტერესებს არ ეხება. მაგრამ ამ მოსაზრებაში არ იყო გათვალისწინებული იმ ქვეყნების საზოგადოებრივი აზრი, რომლებიც ამ კონფლიქტში თავს დასავლეთის მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ. ასე ფიქრობს ივან კრასტევი, სოფიის ლიბერალური სტრატეგიების ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც ზემოხსენებული კვლევების კიდევ ერთი თანაავტორია.
„ჩვენ დავსვით მარტივი შეკითხვა: “როგორ ფიქრობთ, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ საომარ მდგომარეობაში იმყოფება?” რუსების უმრავლესობამ, 53%-მა, თქვა “დიახ”. ჩინელების უმრავლესობამ – 62%-მა – თქვა “დიახ”. იგივეა დასავლეთის სივრცის მიღმა არსებულ ყველა ქვეყანაში, სადაც კვლევა ჩავატარეთ. მხოლოდ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ვფიქრობთ, რომ ომში არ ვართ“, – ამბობს ივან კრასტევი.
რაც შეიძლება კიდევ უფრო საინტერესო იყოს, კრასტევის დაკვირვებით, არის ის, რომ ადამიანები, რომლებიც დასავლეთში არ ცხოვრობენ, მიიჩნევენ, რომ რუსეთი ამ ომს იგებს და იმავე ადამიანების აზრით, 20 წელიწადში ევროკავშირი აღარ იარსებებს.
„ანუ, რუსეთის გამარჯვება უკრაინაში აღიქმება, როგორც გამარჯვება არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ მთლიანად ევროპასა და დასავლეთზე. ეს კი დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ მოექცევიან ეს ქვეყნები დასავლეთს და როგორ მოიქცევიან მთელ რიგ სფეროებში მოლაპარაკებების დროს“, – ამბობს ივან კრასტევი.
კიდევ ერთი საკითხია ომის ეკონომიკური მხარე. კრასტევის თქმით, ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა თურქეთი და ინდოეთი, ამ კონფლიქტში თავიანთ ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ.
აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსის აზრით, დასავლური ელიტის გაკვეთილი საკუთარი მოსახლეობისთვის თავისი პოლიტიკის პრიორიტეტების ახსნაში მდგომარეობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩეველმა შეიძლება იმ პოლიტიკასაც არ დაუჭიროს მხარი, რომელიც სწორი და შორსმჭვრეტელურია.
მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროა საზოგადოებრივი აზრის მომზადება უკრაინის ომის გარშემო შესაძლო მოლაპარაკების სწორად აღსაქმელად. მაგალითად, თუ უმრავლესობა თვლის, რომ საქმე მოლაპარაკებებით დასრულდება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რათა მისი პოზიცია უფრო ძლიერი იყოს მოლაპარაკებებში. მაგრამ, ამავე დროს, აუცილებელია განვმარტოთ იმ დამარცხების მნიშვნელობა, როგორიც მშვიდობა იქნებოდა რუსული თვალსაზრისით.
„ჩვენ გვჭირდება რეალობაზე დაფუძნებული ნარატივი. მაგალითად, გულწრფელად უნდა ვუთხრათ (ხალხს), თუ რა მოჰყვება რუსული პირობებით დამყარებულ მშვიდობას. ეს იქნებოდა, შედარებისათვის, იგივე, თუ მათივე ქვეყანა დათმობდა თავის ტერიტორიებს. მნიშვნელოვანია, რომ არგუმენტების დასაბუთება საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ხალხის უსაფრთხოების კოორდინატების პრიზმაში მოხდეს“, – ამბობს მარკ ლეონარდი, ბრიტანელი მკვლევარი და ECFR-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ.
- 14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციასა და მოქალაქეებთან ე.წ. პირდაპირი ხაზის დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა – უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.
- „მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, – განაცხადა პუტინმა.
- რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“. უკრაინაში შეჭრამდე კრემლმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი. ომის მსვლელობისას რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, თუმცა ვერცერთ მათგანს სრულად ვერ აკონტროლებს.
- უკრაინას თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის, მათ შორის, რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის დაბრუნება.
- უკრაინის სამშვიდობო გეგმა, „მშვიდობის ფორმულა“, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წელს წარუდგინა მსოფლიო საზოგადოებას, ითვალისწინებს რუსეთის ფაქტობრივ კაპიტულაციას, ჯარების გაყვანას, ზიანის ანაზღაურებასა და სასამართლო პროცესს ომის დამნაშავეებზე.
რადიო თავისუფლება