ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების დეპუტატის, თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროვება მისთვის “უსიამოვნო სიურპრიზი” იყო. ამაზე მან დღეს, 3 თებერვალს, პარლამენტში ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა:
“როდესაც გუშინ ეს ფაქტი ვნახე, ძალიან არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია და მგონია, რომ არაეთიკური იყო. ვიცი, რომ სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს ამ საკითხს და ვნახავთ, რას იქნება მათი მოსაზრება”, – თქვა ჰარცელმა.
თეა წულუკიანმა გვარამიას ტელეფონის ნომერი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოაცხადა. ის პარლამენტში ახლადშესულ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს პასუხობდა, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად, მის პირველ საპარლამენტო სხდომაზე გამოსვლისას, თავისი მობილურის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა.
წულუკიანმა ელისაშვილს უთხარა, რომ თავადაც სურდა ნომრის გამოცხადება, თუმცა, სანაცვლოდ, გვარამიას ნომერი გამოაცხადა და ელისაშვილს მოუწოდა, პარლამენტში გამოსვლის ტექსტები მასთან შეეთანხმებინა.
“ეს ნიკა გვარამიას ნომერია, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, გაყალბდა თუ არა არჩევნები, იმაზე ისაუბრეთ. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?”, – განაცხადა წულუკიანმა.