ფარცა – ამორძალების ცეკვა
.
აპოლონ წულაძისა და გიგო შარაშიძის მიხედვით „ფარცაკუკუ“ ქალების ცეკვა იყო. წულაძე კი ცეკვის თანმხლები სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე თვლიდა, რომ იგი ქართველი მეომარი ქალების ანუ ამორძალების ცეკვა იყო.
.
„„ფარცაკუკუ“ ყველაზე უძველესი ცეკვაა, ცეკვავდნენ ქალები, უფრო გათხოვილები, ვაჟები იშვიათად – უფრო ქალებს აჯავრებდნენ. ცეკვის მანერით და ცეკვის დროს სიმღერის ტექსტის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ცეკვა ქართველი ამორძალების (ამაზონელები) ცეკვა უნდა იყოს. ცეკვა არის ჩამჯდარი, წყვილ-წყვილი შეიძლება ცეკვავდეს 2, 3, 4 და 10 წყვილი მოცეკვავე ტაშს უკრავს და კიდეც უვლის, თამაშობს, პირველად ხელს ხელზე დაირტყამენ, მეორედ ორ ხელს მუხლებზე, და მესამედ სხეულის უკანა რბილ ადგილებზე. ამავე დროს მღერიან და ჩამჯდარნი, სიმღერას ფეხებს აყოლებენ, სიმღერის ტექსტი ასეთია:
.
ფარცა კუკუ, ფარცა დინა!
ყურსა სისხლი რამ გადღინა?!
ლაშქარს ვიყავ დავიკოდე,
ყურსა სისხლი მან მადინა!..
ზღვას გადავჟედ ნემსებითა,
ზედ გავიარ ჩექმებითა!
.
ცეკვა სიცოცხლით სავსე და ამავე დროს ვნეჯბის აღმძვრელია, მაგრამ არა ისე ვულგარული, როგორიცაა ევროპული ცეკვა კეკუოკი ან ტვისტი.“ (წულაძე)
.
ფარცაკუკუ ძველებური ცეკვა; ასრულებდნენ წყვილ-წყვილად დაწყობილი ქალები: მუხლებს მოხრიდნენ, კაბას ლამაზად შემოიკეცდნენ ბარკლებზე, ტაშის კვრით უვლიდნენ და აყოლებდნენ შემდეგს დიალოგს:
– ფარცაკუკუ, ფარცადინა, ყურსა სისხლი რამ გადინა? – იტყოდა ერთი.
– ლაშქარს ვიყავ, დავიკოდე, ყურსა სისხლი მან მადინა. – უპასუხებდა მეორე.“ (შარაშიძე)
.
აპოლონ წულაძე ეთნოგრაფიული გურია (1971);
ქართველურ ენათა ლექსიკა – გიგო შარაშიძე გურული ლექსიკონი (1938);
ფოტოს არა აქვს კავშირი ზემოხსენებულთან
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა