ლალი ჩანქსელიანი – ჩვენი მიზანია, გურიაში მეფუტკრეობა სამოყვარულოდან პროფესიონალურ რელსებზე გადავიდეს

 

„მეფუტკრეების 90% მარტო თაფლზეა ორიენტირებული, თუ ამინდმა ხელი არ შეუწყო რჩება უთაფლოდ. მინდა გურულებს მივმართო, მეფუტკრეობა არის დარგი, სადაც ვერ ამოწურავ შესაძლებლობებს, მეფუტკრეობა არ არის მხოლოდ თაფლი, დიდი მოთხოვნაა ცვილზე, დინდგილზე, ფუტკრის დედაზე, ამანათნაყარზე, ფუტკრის ოჯახზე, ყვავილის მტვერზე. ფუტკრის ე.წ. შხამი-ერთი გრამი 14 დოლარი ღირს. გურიის მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანი ამ ცოდნის მიწოდებაა, იმისათის რათა, გურიაში მეფუტკრეობა სამოყვარულოდან პროფესიონალურ რელსებზე გადავიდეს.“

ლალი ჩანქსელიანი – საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების გამგეობის წევრი, გურიის მეფუტკრეთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე; მცენარეთა დაცვის სპეციალისტი;

 

“სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი”

 

 

 

„გურიის მოამბე“ რუბრიკის „სოფლის ცხოვრება – წარმატებული მეწარმეები“ ფარგლებში თაფლის და თაფლის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „მიშერის“ მფლობელს, ლალი ჩანქსელიანს შეხვდა და ესაუბრა;

 

„სრულიად ახალგაზრდა, დაახლოებით 25 წლის ვიყავი, როცა მეუღლესთან ერთად, 2000-იანი წლების დასაწყისში, სოფელ ბაილეთში გადავედით საცხოვრებლად. მეუღლეს იქ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი ჰქონდა საკუთრებაში და დავიწყეთ თხილის პლანტაციის, კივისა და ციტრუსის გაშენება. შემდეგ მეუღლემ  ფუტკრის ორი ოჯახი შეიძინა, თავიდან ამას არ ვუყურებდით როგორც ბიზნესს, თუმცა პირველ წელს იმდენად წარმატებული იყო და კარგი მოსავალი გვქონდა, დავიწყე მეფუტკრეობაზე ფიქრი. სადაც მივედი, როგორც ახალგაზრდა გოგონას, სერიოზულად არ აღმიქვამდნენ, იმ გაგებით, რომ წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. მე მეფუტკრეობას სერიოზულად ვუყურებდი, არ სჯეროდათ, რომ ამ დარგში, რადგან ქალი ვიყავი, რაიმეს მივაღწევდი.

 

მინდა ვთქვა, რომ 2000-იანი წლები ძალიან რთული იყო ზოგადად და ჩემი ოჯახისათვისაც. შესაძლოა, დღევანდელი გადასახედიდან ვინმეს მოეჩვენოს, რომ 90-იანი წლები უფრო რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ ასე არ იყო, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული მარაგები, სიმდიდრეები დაგროვილი დაგვრჩა, რომლის გაყიდვითაც იმ ავბედით წლებს გავუძელით. თუმცა, 2000-იანი წლები ეს არის პერიოდია, როცა საქართველოში მცხოვრებთ, ყველანაირი მარაგი ამოგვეწურა და დავრჩით სერიოზულ გზაგასაყარზე – ან ემიგრაცია, ან კიდევ ოჯახის არსებობისათვის რაიმე უნდა მოგვეფიქრებინა, რადგან ის მოლოდინები, რომ ვიღაცა ქარხანას ან ფაბრიკას გახსნიდა და დაგვასაქმებდა საბოლოოდ დასამარდა.

ვინაიდან, მეუღლეს ხშირად უხდებოდა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა, დავრჩი პირისპირ, მარტო ახალდაწყებულ საქმესთან.

თავიდან მეფუტკრეობას არ ვუყურებდი სერიოზულად, მხოლოდ ორი ოჯახი შევიძინეთ თუმცა პირველივე წელს იმდენად დიდი მოსავალი მოგვცა, რომ უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი. ამის მიუხედავად, მეორე წელი არ იყო კარგი და მივხვდი, რომ ამ დარგს სერიოზული მიდგომა სჭირდებოდა და დავიწყე განათლებაზე ზრუნვა, გამოცდილების შეძენის მიზნით ბევრ მაშინდელ პროფესიონალს ვესაუბრებოდი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მაშინ ქალი მეფუტკრე იშვიათობა იყო და სერიოზულად ჩემს მცდელობებს არ აღიქვამდნენ. შესაძლოა, ჩემი ბრალიც იყო, ალბათ ძალიან მიამიტურ კითხვებს ვსვამდი. არავისზე არ ვბრაზობ, მაშინ სხვა დრო იყო, არ იყო ინტერნეტი, დღეს ნებისმიერი ცოდნის მიღება შეგიძლია, თუკი წვდომა გაქვს ინტერნეტზე, ხასიათით ცოტა ჯიუტი ვარ და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა – რა უნდა ყოფილიყო ისეთი ბარიერი მეფუტკრეობაში, რომელსაც ვერ გადავლახავდი. თავისთავად მეფუტკრეობა რთულია, ერთ შეცდომას არ გაპატიებს ფუტკარი, თუმცა ამ დარგმა შეყვარებაც იცის.

მოკლედ, მთელი 5 წელიწადი ვიწვალე. მეფუტკრეობაში ათი ნაბიჯი სწორი რომ გადადგა, თუ ერთი შეგეშალა ათივეს წყალში ჩაგიყრის. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში მოხდა უმნიშვნელოვანესი მოვლენა, 2005 წელს, ბაილეთში იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს – USAID-ის წარმომადგენლები, რომლებიც ეძებდნენ ქალ მეწარმეებს.

შეხვედრაზე მიმიწვიეს, მაშინ უკვე 24 ფუტკრის ოჯახი მყავდა. USAID-მა დააფინანსა ჩემი 5 წლიანი პროექტი, ამ წლების განმავლობაში USAID-მა მთლიანად განაახლა და შეავსო ჩვენი საწარმო, თანამედროვე, მეფუტკრეობისათვის აუცილებელი ხელსაწყოებით. შევქმენი თაფლის საწარმო, 5 წლის განმავლობაში რასაც ვითხოვდი, ამ დარგში. რა მიმართულებითაც გვინდოდა ცოდნის ამაღლება, მაშინვე ჩამოჰყავდათ უცხოეთიდან იმ საკითხის ექსპერტები და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გვიტარებდნენ ტრენინგებს. სულ საქართველოში ბიზნესის სხვადასხვა დარგში 18 ქალი მეწარმე ვიყავით გამარჯვებული. აქ მარტო მეფუტკრეობაზე არ იყო საუბარი, უდიდესი ცოდნა მივიღეთ, მაგალითად მარკეტინგის მიმართულებით. მენეჯმენტი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს ჩემთვის ტრამპლინი იყო, ავედი 150 ოჯახზე, მოვახდინე ჩემი პროდუქციის რებრედინგი, ამ წლებიდან ჩვენი ბრენდული სახელია „მიშერი“.

რაც შეეხება რეალიზაციას, ამ პროექტის ფარგლებში იმდენი კონტაქტი დამიგროვდა, რომ 2015 წლიდან უკვე ევროკავშირის ბაზარზეც გავედით.

ევროკავშირის ბაზარზე რამდენიმე ასპექტია მნიშვნელოვანი, ერთი მხრივ, პროდუქციის ხარისხი და მეორე მხრივ, უვნებლობა. შესაძლოა, პროდუქტი უმაღლესი ხარისხის იყოს, მაგრამ ის ისეთ კომპონენტს შეიცავდეს, რომელიც უვნებლობის მხრივ გარკვეულ პრობლემებს ქმნიდეს.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების შრომის შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენთან მეფუტკრეობის ხარისხი, ბევრ ცოდნასა და განათლებას ვაძლევთ მეფუტკრეებს ტრენინგებისა და სემინარების მეშვეობით სულ ხუთი წელია არსებობს, მაგრამ მაინც შესამჩნევი პროგრესია ამ ორგანიზაციის მუშაობით მეფუტკრეობაში, თუმცა, ვფიქრობდით, რომ იმ აურაცხელი პრობლემების გათვალისწინებით და მეფუტკრეების მზარდი რაოდენობის გამო, აუცილებელია ყველა მხარეში შეიქმნას ასოციაციები, რომლებიც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებასთან ერთად იმუშავებენ ამ დარგის კიდევ უფრო განვითარებაზე.

ამ მიზნით გურიაში მოღვაწე 12-მა ბიზნესმენმა, ამ დღეებში, ჩამოვაყალიბეთ გურიის მეფუტკრეთა ასოციაცია, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც გახლავართ, აღმასრულებელი დირექტორია ვახტანგ ღლონტი ლანჩხუთიდან.

წესდება შევიმუშავეთ, განაცხადი შევიტანეთ, ველოდებით რეგისტრაციას.

მინდა ვთქვა, რომ გურიაში წარმატებული საქმიანობისთვის უდიდესი პოტენციალია არამარტო მეფუტკრეობის განვითარებაში, არამედ სოფლის მეურნეობის სხვა დარგებშიც. მოვუწოდებ ყველას, ხელი აიღონ ქვეყნიდან გასვლის ფიქრზე, ჩემი ოჯახის ბევრი წევრი წავიდა საზღვარგარეთ, თუმცა არაფერი აქედან არ გამოუვიდათ და ყველაზე წარმატებული ჩემი გადაწყვეტილება გახდა, დავრჩენულიყავი საქართველოში და დამეწყო ბიზნესი. დამცინოდნენ ბაილეთს ვერ ელევიო, მე ვურჩევდი ყველას დაინახონ შესაძლებლობები და გამოიყენონ ისინი.

გურულები ხომ ხართ სულსწრაფები და „ელანძე“  საქმე გიყვართ, „უცფათ“ – ჰოდა, ჩემო გურულებო, ზუსტად მეფუტკრეობაა სათქვენო საქმე-ყველაფერი იქნება „ელანძე“ და „უცფათ“.

მეფუტკრეობა ამავე დროს პასუხისმგებლობაცაა, ეს არ არის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, დააბა ეზოში და თუ არ მოუვლი მარტო თვითონ დაზარალდება, მოუვლელი ფუტკარი აზიანებს სხვა ფუტკარსაც, აქედან გამომდინარე აუცილებელია ცოდნა. დაფრინავს-გადააქვს და მოაქვს დაავადებები. თუმცა, იმდენად გიყვარდება ეს საქმე, რომ ყველა სიძნელე ადვილად გადალახვადი ხდება.მეფუტკრეობა არ არის „პარალელური ბიზნესი“ – ჩემთვის თხილმა, კივმა და ციტრუსმა კარგა ხანია მეორე პლანზე გადაინაცვლა,  ხანდახან ვნატრობ კიდეც, ეს თხილის პლანტაცია ნეტავი საერთოდ არ მქონოდა, არანაირი შემოსავალი იქედან არაა.

 

გურიის მეფუტკრეთა ასოციაციის გეგმებზე

აღარ შეიძლება ძველი მეთოდებით მართვა. ისევე როგორც მედიცინაში, სოფლის მეურნეობაშიც ასეა, მავნებელიც ადაპტირდება, ეგუება გარემოს, ძველი მიდგომებით მას ვეღარ გაანადგურებ, ახალი მიდგომაა საჭირო. ასოციაციის მიზანია მეფუტკრეებს გადასცეს ცოდნა, განათლება, გამოცდილება და რაც მთავარია, მოახდინოს მათი ინფორმაციით უზრუნველყოფა.

ბევრია გასაკეთებელი, მეფუტკრეობა როგორ განვითარდება თუ ჩვენ არ განვავითარეთ და არ დავიწყეთ თაფლოვანი მცენარეების გამრავლება, ნერგების დარგვა.

აღმოსავლეთ საქართველოსაგან განსხვავებით, სადაც თაფლს ერთხელ წურავენ, დასავლეთ საქართველოში ეს პროცესი შეგვიძლია უწყვეტად გვქონდეს.

ასოციაციას დაგეგმილი აქვს ათასობით თაფლოვანი ხე მცენარეების დარგვა. ამ პროცესის მაღალ დონეზე ჩასატარებლად სატყეო სააგენტოსთან და სანერგე მეურნეობებთან ვიწყებთ მოლაპარაკებებს. ბევრი სანერგე მეურნეობა მზადაა ნერგები უფასოდაც მოგვცეს, სპონსორების მოძიებაც არ იქნება პრობლემა.

ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, დასალაგებელია მეფუტკრეებისა და მოცვის მწარმოებლების ურთიერთობა. დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა, რომ კენკროვანი კულტურის მწარმოებელი მეურნეობები ქირაობენ ფუტკრის ოჯახებს, რადგან მათ ბიზნესში მნიშვნელოვანია დამტვერვის პროცესი, ამას კი უმაღლეს დონეზე აკეთებს ფუტკარი. წელს ვერ მოესწრება მაგრამ მომავალ წელს დავიწყებთ მოლაპარაკებებს.

ასოციაცია ფიქრობს ასევე მერიასთან თანამშრომლობის გზით, შევქმნათ საგამოფენო სივრცე-ოზურგეთში, ჩოხატაურში, ლანჩხუთში – იქნება ადგილი, სადაც თვის ერთ-ერთ დღეს, მეფუტკრეები მოაწყობენ საკუთარი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას, რომელშიც ყველა მეფუტკრე მიიღებს მონაწილეობას.

იმ მეფუტკრისაგან, რომელსაც ფუტკრის 10 ოჯახზე მეტი ჰყავს, სახელმწიფო ითხოვს ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თაფლის წარმოებისა და რეალიზაციის შესაძლებლობებზე პრობლემები ექნებათ, ასევე თაფლის წარმოებისათვის აუცილებელი გახდა ლიცენზიები, რაც შესაბამის პირობებს გულისხმობს-ასოციაციის მიზანია,  ყველა სოფელში იყოს, ერთი ასეთი ლიცენზირებული თაფლის საწარმო, რომ ნებისმიერ გურულ გლეხს შეეძლოს იქ თაფლის პროდუქციის წარმოება.

„90% მეფუტკრისა მარტო თაფლზეა ორიენტირებული, თუ ამინდმა ხელი არ შეუწყო რჩება უთაფლოდ, მინდა გურულებს მივმართო, მეფუტკრეობა არის დარგი, სადაც ვერ ამოწურავ შესაძლებლობებს, მეფუტკრეობა არ არის მხოლოდ თაფლი, დიდი მოთხოვნაა ცვილზე, დინდგილზე, ფუტკრის დედაზე, ამანათნაყარზე, ფუტკრის ოჯახზე, ყვავილის მტვერზე. ფუტკრის ე.წ. შხამი-ერთი გრამი 14 დოლარი ღირს. გურიის მეფუტკრეთა ასოციაციის მიზანი ამ ცოდნის მიწოდებაა, იმისათის რათა, გურიაში მეფუტკრეობა  სამოყვარულოდან გადავიდეს პროფესიონალურ რელსებზე.“

 

წარმატებული ბიზნესმენები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

 

 

„გურიის მოამბე“ და „ალიონი“ – „ბახვი ჰესის“ დახმარებით – ერთობლივ რუბრიკა – „სოფლის ცხოვრება“ – დავიწყეთ

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და მიგრაცია – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც ლაიტმოტივად გასდევს გურიაში სოფლის ცხოვრებას, სოფლის, რომელიც თანდათან იცლება ახალგაზრდებისაგან, ოჯახის რჩენისათვის ერთადერთ გამოსავლად კი საზღვარგარეთ – სამუშაოს პოვნა მიიჩნევა.

სამწუხაროა, რომ ასეთ პირობებს – ობიექტურ მიზეზებთან ერთად – სუბიექტურიც განაპირობებს, პირვე რიგში ის, რომ სოფელში ადგილობრივები არ არიან ინფორმირებულები, რომ ამ პირობებშიც. სავსებით შესაძლებელია ადამიანებმა საკუთარი ძალებით ნახონ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

მცირე ფერმერული მეურნეობები, სწორი აგრარული პოლიტიკა, გამოცდილებაზე დაყრდნობილი პოზიციონირება ამ სფეროში და პარტნიორების ძებნა, ხშირ შემთხვევაში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებში – ეს ის თემებია, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ გურულ ოჯახს შეუძლია იპოვოს გამოსავალი ამ მდგომარეობიდან და ადგილებზე შექმნან წარმატებული ფერმერული მეურნეობები.

ამას, ხშირ შემთხვევაში, აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებად ინფორმირებულობა და გამოცდილების არ ქონა.

ჩვენი მიზანია თქვენ მოგაწოდოთ არამარტო ენციკლოპედიური ტექსტები – არამედ. კონსტრუქციული ჟურნალისტიკის ფარგლებში. გაპოვნინოთ გამოსავალი ამ მდგომარეობიდან-თქვენივე თანასოფლელების, წარმატებული ფერმერების გამოცდილების ხარჯზე.

„გურიის მოამბე“ ‘ალიონი“ და „ბახვი ჰესი“ რუბრიკით „სოფლის ცხოვრება“  – შეეცდებიან. მნიშვნელოვნად ხელი შეუწყონ თქვენს ინფორმირებულობას რაც თავისთავად აისახება თქვენს წარმატებაზე – ადგილებზე განავითაროთ ფერმერული მეურნეობები, იპოვოთ გამოსავალი და იყოთ წარმატებულები საკუთარ კარ-მიდამოში.

“ალიონისა” და “გურიის მოამბეს” რედაქცია დიდ მადლობას უხდის ამ შესაძლებლობისათვის “ბახვი ჰესს” – ასევე ყველა იმ წარმატებულ ბიზნესმენს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში ჩვენთან თანამშრომლებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share