მოქალაქეების მიერ მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება, 2022 წლის პირველი იანვრიდან, ფასიანი გახდა. ამასთან, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე 2022 წლის 1-ელ იანვრამდე წარდგენილ განცხადებებზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება უსასყიდლოდ [საზღაურის გარეშე].
მიწის რეგისტრაცია საქართველოში ორი წესით მიმდინარეობს. სისტემური და სპორადული წესით.
მიწის სისტემური წესით მიწის რეგისტრაციის ადგილებს იუსტიციის სამინისტრო განსაზღვრავს და ამ ადგილებში კერძო ნაკვეთების რეგისტრაცია მოქალაქეებისთვისაც უფასოა;
სპორადული წესით მიწის რეგისტრაციის დროს კი, მოქალაქე თავად აკეთებს საკადასტრო ნახაზს, რაც ფასიანია და შესაბამის დოკუმენტებთან ერთად წარადგენს საჯარო რეესტრში. ამის შემდეგ ყველა პროცედურა, მიწის რეგისტრაციის ჩათვლით, მოქალაქეებისთვის იყო უფასო.
რა ეღირება მიწის რეგისტრაცია ახალი წლიდან? – საჯარო რეესტრის მიერ მიწის ნაკვეთზე სპორადული წესით საკუთრების უფლების აღიარებისა და სარეგისტრაციო მომსახურების საფასური მთავრობას ჯერ არ დაუდგენია, თუმცა, როგორც საჯარო რეესტრში „ბათუმელებს“ უთხეს, იანვიდან, თუ განსხვავებული ფასები არ იქნა დადგენილი, მიწის [როგორც ქონების] საკუთრებაში რეგისტრაცია 4 სამუშაო დღეში 50 ლარი ეღირება.
საჯარო რეესტრში დაზუსტებით ვერ გვეუბნებიან მიწის შემთხვევაში იმოქმედებს თუ არა რეგისტრაცია დაჩქარებული წესით [შესაბამისად საფასურიც – 1 სამუშაო დღეში – 150 ლარი, იმავე დღეს რეგისტრაცია კი – 200 ლარი], ვინაიდან, „მიწის რეგისტრაციისას საჭიროა საარქივო დოკუმენტების მოძიება და დამუშავება, რაც დაჩქარებული წესით, შესაძლოა, ვერ მოხერხდეს.“
„ვინაიდან მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განხორციელდეს, მოქალაქეებისთვის მიწის რეგისტრაცია მაინც უფასო იქნება. მაგრამ, თუ კონკრეტულ რაიონში არ არის დაწყებული სისტემური რეგისტრაცია, მოქალაქე არ დაელოდება და მოგვმართავს რეგისტრაციისთვის, მისთვის მიწის რეგისტრაცია ფასიანი იქნება. მოქალაქე გადაიხდის მხოლოდ რეგისტრაციის საფასურს, ხოლო არქივში და სხვა უწყებებში დოკუმენტების მოძიება ამ შემთხვევაშიც იქნება უფასო“ – ამბობენ საჯარო რეესტრში.
მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალებს იუსტიციის მინისტრი ბრძანებით განსაზღვრავს.
წყარო: ბათუმელები