დვაბზუელების უარი გოგიტიძის გაცემაზე
.
გურიის 1905-1906 წლების აჯანყების ჩახშობის შემდეგ რეპრესიები გაგრძელდა, ერთ ასეთ ეპიზოდს აღწერს გაზეთი „ისარი“, რომლის მიხედვითაც აჯანყების ჩახშობისას ნახევრად გადამწვარი სოფელ დვაბზუს მოსახლეობას 1907 წლის მარტის შუა რიცხვებში მოსთხოვეს გოგიტიძის გადაცემა. გოგიტიძის სახელი პუბლიკაციაში მითითებული არ გახლავთ, სავარუდოდ საქმე ეხებოდა ძმებ ივანე და დიმიტრი ქიშვარდის-ძე გოგიტიძეებიდან ერთერთს, სოციალდემოკრატი ძმები გოგიტიძეები „გურიის რესპუბლიკის“ სპეციალური დანიშულების რაზმის „ტერორიტების“ წევრები გახლდნენ და მათი დაკავება რუსებმა აჯანყების ჩახშობის შემდეგ ვერ შესძლეს.
.
დვაბზუს მოსახლეობისათვის ახლად დანიშნული ბოქაულს მოუთხოვია – „იმ გოგიტიძის გაცემა, რომელიც იმის ცნობით, საკაცით უნდა მიეტანათ ჭრილობის გამო სოფელ დუაბზუში.“ რაზეც დვაბზუელებს უთქვიათ, რომ მათთვის უცნობი იყო გოგიტიძის ადგილსამყოფელი. გაბრაზებულ ბოქაულს 12 კაცი დაუპატიმრებია და ოზურგეთში წაუყვანია. მიუხედავად ამისა დვაბზუელებს გოგიტიძე მაინც არ გაუციათ და ვინაიდან ხალხის დაპატიმრებას შედეგი არ მოჰყოლია – „მაშინ ბოქაულმა თავი მოუყარა ხალხს და გამოუცხადა თუ გოგიტიძეს არ გასცემთ მაშინ ჯარიმა მოგელითო. ხალხმა მოსაფიქრებლად ვადა ითხოვა.“
.
ამ შემთხვევაში ხალხისაგან მოსაფიქრებელი დროის მიცემის თხოვნა შეიძლება გადაწყვეტილების მიღებისათვის მოთხოვნილი დრო იყო, რადაგანაც იმ დროინდელ გურიაში ნებისმიერი გადაწყვეტილება ყველასათვის გასაგები უნდა ყოფილიყო და რაც მთავარია ურთიერთშეთანხმებით უნდა მიღებულიყო. როგორც პუბლიკაციიდან ჩანს დვაბზუს მოსახლეობამ უარი უთხრა მთავრობას გოგიტიძის გაცემაზე და გადამწვარი სოფლის კვალობაზე უზარმაზარი ჯარიმა 3000 მანეთი გადაიხადა.
.
„კვლავ გაჩდა ბოქაული სტრაჟინიკებითა და ყაზახებით და რა შეიტყო, რომ ხალხი გოგიტიძის გაცემას არ აპირებს, 3000 მანეთით დააჯარიმა. შეუდგა კიდეც ფულის აკრებას. რას მოასწავებს ეგზეკუცია და ფულის კრება, გურულებმა ეხლა კარგად იციან. ამიტომ ცემა-ტყეპისა და დაპატიმრების თავიდან ასაცილებლად, ხალხმა უკანასკნელი სიმინდის მარცვალი გაჰყიდა, ხბო არ შეინარჩუნა სახლში და ისე გაისტუმრა“.
.
გოგიტიძეების დაკავების მიზნით 1908 წელს ეგზეკუცია სოფელ ჭალაშიც განხორციელდა, ძმებიდან ერთი ივანე გოგიტიძე რუსებმა დააკავეს 1908 წელის სექტემბერ/ოქტომბერში, ხოლო 1909 წლის მაისში დიმიტრი გოგიტიძე პოლიციაში თავად გამოცხადდა, რაც სავარაუდოდ მისი დაკავებული ძმის წამების თავიდან აცილების გამო მოხდა.
.
– გაზეთი ისარი 1907 წლის 5 აპრილი #75
– გაზეთი ეკალი 1908 წელი #28
– გაზეთი ჩვენი აზრი. – 1909 წელი 31 მაისი. – N26
– ფოტო: გურული ტერორისტები- Гурийские террористы; Период создания:1905-1906 гг.; Материал, техника: фотобумага, фотопечать; Размер:20х14,6; Место создания:Гурия; Местонахождение: “Государственный центральный музей современной истории России”
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა