საქართველოს სახალხო დამცველი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს – ომბუდსმენი “პოლიტიკური ამბების” ეთერიდან ივანიშვილის გუნდს მოუწოდებს, რომ ყველა ძალადობრივი ქმედება დროულად აღკვეთონ.
ლევან იოსელიანი ძალოვან უწყებასაც მიმართავს და მათ ე.წ. სიკვდილის ბრიგადებისა და მაგინებელი რაზმების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას სთხოვს.
ომბუდსმენი ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებასა და დაძაბულობასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო ახლა “სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გადის“.
”მთელი ეს სიტუაცია შევიდა იმ სპირალში, სადაც სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე გავდივართ. აქ არის სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია, ასეთი ყველა მოქმედება აღკვეთოს. თუ ვინმე ორგანიზებული ჯგუფია, თუ ვინმე ორგანიზებულად სადმე რეკავს, ამაზე გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არიან ეს ადამიანები და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ. რა თქმა უნდა, ათასი ვერსია იქნება გაჟღერებული, მაგრამ პირველ რიგში, ყველაფერზე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს და შემდეგ ყველა სხვა აქტორს, ვინც ჩართულია ზიზღის და სიძულვილის ენის კამპანიაში”, – ამბობს იოსელიანი.