ვდგავარ იქ, სადაც ჩემი სტუდენტები აპროტესტებენ რუსულ კანონს – თსუ-ს ლექტორი

“პირველი დღიდან იქ ვდგავარ, სადაც ჩემი სტუდენტები მათზე განხორციელებული ორგანიზებული ძალადობის მიუხედავად აპროტესტებენ მთავრობის მიერ უკვე მეორედ შემოტანილ რუსულ კანონს”- ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს.

თსუ-ში ევროპისმცოდნეობის (European Studies) ინგლისურენოვანი სადოქტორო, ორმაგი ხარისხის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების დამფუძნებელი ნინო ლაპიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ადგილი აქვს საქართველოს მიერ ევროპული კურსიდან გადახვევის დამღუპველ მცდელობას.

”დღეს თსუ სტუდენტებმა გაავრცელეს მიმართვა, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო და ვთქვა, რომ მე, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში EU/ევროკავშირის მიერ დაარსებული IES – ევროპული კვლევების ინსტიტუტის (Institute for European Studies)  დირექტორი, ასევე, თსუ-ში ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ავტორი და აკადემიური კოორდინატორი ვაცხადებ, რომ პირველი დღიდან იქ ვდგავარ, სადაც ჩემი სტუდენტები მათზე განხორციელებული ორგანიზებული ძალადობის მიუხედავად  აპროტესტებენ მთავრობის მიერ უკვე მეორედ შემოტანილ რუსულ კანონს და საქართველოს მიერ ევროპული კურსიდან გადახვევის დამღუპველ მცდელობას.
#არარუსულკანონს! #კიევროპას!”- წერს თსუ-ს ლექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები საგანგებო განცხადებას აკეთებენ – პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი ახალგაზრდები პროტესტის პერმანენტულ რეჟიმში გადადიან.

შვილების თაობა უარს ამბობს აუდიტორიებში ლექციებზე დასწრებაზე და ორშაბათიდან, რუსთაველის გამზირზე გაუჩერებელ პროტესტს აანონსებს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, უარს ვამბობთ აუდიტორიებში შესვლაზე” – აცხადებენ სტუდენტები და იქვე ამატებენ, რომ 13 მაისის დილის 9 საათიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში იდგებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share