პარლამენტმა კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა, თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა – ერთი მოსმენაც ვერ გაძლეს, რომ არ გაემჟღავნებინათ ნამდვილი მიზნები, – ასე აფასებს “უცხოური გავლენის გამჭვირავლობის შესახებ” კანონპროექტში განხორციელებულ ცვლილებებს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე.
როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში განმარტავს, თუ იუსტიციის სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში კერძო პირს სამინისტრო ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვს და ამას ფიზიკური პირი დაუყოვნებლივ არ გააკეთებს, ის 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
„ყველაზე საინტერესო ის არის, რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი „საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც.
მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა “განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები”, რომელიც უკავშირდება პირის:
რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებას;
პოლიტიკურ შეხედულებებს;
რელიგიურ, ფილოსოფიურ ან სხვაგვარ მრწამსს;
პროფესიული კავშირის წევრობას;
ჯანმრთელობას;
სქესობრივ ცხოვრებას;
ბრალდებულის, მსჯავრდებულის, გამართლებულის ან დაზარალებულის სტატუსს;
მსჯავრდებას, ნასამართლობას, განრიდებას;
ადამიანით ვაჭრობის ან ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის დანაშაულის მსხვერპლად ცნობას;
პატიმრობას და მის მიმართ სასჯელის აღსრულებას;
აგრეთვე ბიომეტრიულ და გენეტიკურ მონაცემებს”, – წერს ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.