დიდი ბრძოლა გველის წინ, მაგრამ ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში – „ჯიუტელი“ აქტივისტი ბათუმიდან

„არ ვიცი, რამდენად სიმბოლურია, მაგრამ რუსულის მასწავლებელთან ერთად უშუალოდ გაკვეთილზე ვსაუბრობდით ოკუპაციაზე. მაშინ ვისაუბრეთ ანწუხელიძეზე. პირველად პროტესტი გამიჩნდა სკოლის პერიოდში, მე-11 თუ მე-10 კლასში ვიყავი…“ – გვპასუხობს მეგი დიასამიძე. ეს აქტივისტია სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტიდან“, ბარიკადებთან საქართველოს დროშით, ან მეგაფონით ხელში რომ ხშირად შეხვდებით.

მეგი დიასამიძეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ვესაუბრებით, ვიდრე მორიგი საპროტესტო აქციის მონაწილეები შეიკრიბებოდნენ. აქტივისტისგან გვაინტერესებს: როგორ გამოხატავს პროტესტს ოკუპაციის მიმართ ყოველდღიურობაში, საპროტესტო აქციებს მიღმა? როდის გაუჩნდა პირველად პროტესტი? რა შეუძლია ინდივიდუალურ პროტესტს?

„ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ გიორგი ანწუხელიძეზე, თუ როგორ აწამეს. მანამდეც მქონდა, რა თქმა უნდა, პროტესტის განცდა, მაგრამ როდესაც დეტალურად ვეცნობოდი მის პერსონაჟს, მისი ბრძოლის პროცესს, დიდი პროტესტის განცდა გამიჩნდა მე, როგორც ქართველს, გამიჩნდა იმის სურვილი, რომ მეც მეტი გამეკეთებინა და ანწუხელიძის ბრძოლა არ ყოფილიყო უშედეგო.

დღეს ისეთი პროცესია სახელმწიფოში, რაც არ არის მარტო: „არა რუსულ კანონს“, ეს არის „არა რუსულ რეჟიმს“ და „არა მოღალატე ხელისუფლებას“, რომელმაც ყველაფერი იკადრა იმისთვის, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა საქართველოს მოქალაქეებისთვის,“ – პარლამენტისკენ მიმავალ ადამიანებს გაჰყურებს მეგი.

უკვე ისმის საყვირების ხმა, შეძახილები, მოქალაქეები ჩქარი ნაბიჯებით მიდიან რუსთაველზე.

მეგი დიასამიძე ერთ-ერთია, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს. ის ბათუმელია და 22 წლისაა. „ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღებამდე, „ჯიუტელი“ მეგი დიასამიძე სხვადასხვა აქციაზე ჩნდებოდა, მაგალითად, აპროტესტებდა რუსული გემის შემოსვლას ბათუმში.

მეგი დიასამიძე რუსული გემის წინააღმდეგ

მანამდე, 2023 წელს მეგი დიასამიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათქვამი „ლაჩრულად წაგებულ ომზე“ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე გააპროტესტა.

სამოქალაქო მოძრაობა „ჯიუტი“ 2022 წელს შეიქმნა. მეგი დიასამიძე გვიყვება, რომ მოძრაობაში სხვა აქტივისტებთან ერთად მას შემდეგ გაერთიანდა, როცა უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და მკაფიოდ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ „რუსეთუმე პოზიციები“.

„ჩვენ ლიდერი არ გვყავს, ლიდერი არის აზრის თავისუფლად გამოხატვა… აქ სტუდენტებიც არიან, ლექტორებიც, ექიმებიც,“ – დასძინა მეგი დიასამიძემ. მისი თქმით, მოძრაობა ძირითადად თვითორგანიზების ხარჯზე და დაფინანსების გარეშე ერთვება სხვადასხვა აქტივობაში.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მეგი დიასამიძეს კატეგორიულად გადაუწყვეტია, რუსულად არ ესაუბრა. ამ დროს მეგი სტუდენტი იყო და პარალელურად მუშაობდა. ამის გამო მას სამსახურის დატოვებაც რამდენჯერმე მოუხდა:

„როდესაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ მომსახურების სფეროში მომხმარებელთან არ მქონოდა რუსულ ენაზე კომუნიკაცია და დღემდე ასე გრძელდება.

ეს საჭიროა და აუცილებელი. მართლა მგონია, რომ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დადის საქმე. ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ადგილას, ჩვენს მაქსიმუმს თუ დავდებთ, შედეგსაც აუცილებლად მივაღწევთ.

ძალიან კარგად ვიცი, ბათუმში, თუნდაც თბილისში, რა რაოდენობით რუსი მოქალაქეები არიან. კატეგორიულად გადავწყვიტე, რომ მათთან რუსულად არ მესაუბრა. ბევრჯერ მქონია მომენტი, როცა ძალიან თამამები და აგრესიულები ყოფილან, თუ რატომ არ ვესაუბრები რუსულად. როცა უხსნი ამ ყველაფერს მათ ქართულად, რომ გააგებინო, ინგლისურადაც ესაუბრები, ვერ იგებენ, არ იგებენ, ჩემი აზრით, უფრო არ იგებენ…

ჩემთვის მარტივია, ვუთხრა დამსაქმებელს, რომ თუ ამის შესაძლებლობა არ მექნება, არ ვიმუშავებ. არის კომპანიები, სადაც მენეჯერს უთქვამს, რომ არ ვისაუბროთ რუსულად. მქონია მომენტი, – მომსახურების სფერო ვართ და მომხმარებელს უნდა შევუქმნათ კომფორტიო. ბევრი თანამშრომელი მყოლია, როდესაც ეს აზრი არ გვაინტერესებდა. ამიტომაც, სამსახურში ვუთანხმებდი მენეჯერებს, რომ მე ამას არ გავაკეთებ და თუ შენ ამაში შემზღუდავ, არ ვიმუშავებ.

მაგის გამო მეხუმრებიან, რომ ხშირად იცვლი სამსახურსო. ძირითადი მიზეზი ეს იყო, განსაკუთრებით მაგ პერიოდში, რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში, რომ 2 თვის განმავლობაში 2-ჯერ შევიცვალე სამსახური: შესაძლებლობა არ მომცა ჩვენმა მხარემ, რომ რუსულად არ გვესაუბრა, არ გაიაზრეს, არ ადარდებდათ ეს ყველაფერი,“ – გვიყვება მეგი დიასამიძე.

მეგი დიასამიძე აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე. 2022 წლის აპრილი

აქტივისტი მიიჩნევს, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს ინდივიდუალურად პროტესტი ვაჩვენოთ და დისკომფორტი შევუქმნათ. მეგი დარწმუნებულია, რომ „მინიმალური ნაბიჯებით ხდება დიდ გამარჯვებამდე მისვლა.“

„თუ ვეტყვით რუსეთის მოქალაქეებს და არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას და ამით მთლიანად რუსეთს – „არას“, ეს იქნება პრინციპული ჩვენი მხრიდან და ნებისმიერ მომენტში დასტური იმისა, რომ ჩვენ გვაქვს მყარი პოზიცია.

პირველ რიგში, ინდივიდები ვართ და მერე მოქალაქეები, მერე გუნდის წევრები, მერე სახელმწიფოს წევრები. ამიტომ, მე ნებისმიერ ადამიანს ვეტყოდი, რომ თუნდაც ისეთი მომენტი იყოს, რომ სხვამ ვერ გაიგოს და საქვეყნოდ ცნობილი არ გახდეს, ეს უნდა გააკეთო,“ – ამბობს მეგი დიასამიძე.

მეგი დიასამიძე აჭარის მთავრობის წინ გამართულ აქციაზე. 2022 წლის აპრილი

„მათთან დისკუსიაში შესვლას არსებითი  მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, მათგან მოდის აგრესია, რომელიც მე არ მაინტერესებს: მივყვები იდეას, რაც აერთიანებს საქართველოს მოქალაქეებს. ასევე ცდილობენ გაჩვენონ, რომ შენზე მაღლა არიან… წარსულში შენი ბატონები იყვნენ. ეს არის გამაღიზიანებელი, ისტორიის არასწორი აღქმა ხდება. ეს ყველაფერი დარწმუნებული ვარ, შეიცვლება.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ჩემი ერთი პროტესტით რა უნდა მოხდეს? ჩემი აზრით, მსგავსი დამოკიდებულება ოკუპანტების მიმართ ამაღლებს თვითშეფასებას საზოგადოებაში. საკუთარი თავიდან თუ წამოვა იმის გააზრება, რომ მე, ერთიც შევძლებ, ყველა ასე იფიქრებს მერე: მაგალითს მაგალითი მოსდევს, გამოცდილებას – გამოცდილება. ინდივიდუალური პროტესტები შექმნის დიდ ქარცეცხლს,“ – თავდაჯერებულია მეგი დიასამიძე.

მეგი დიასამიძე სპეცრაზმელების წინ აქციაზე „არა რუსულ კანონს“

აქტივისტის დაკვირვებით, ხელისუფლების პროპაგანდა აღარ მუშაობს და მის ირგვლივ ადამიანები, რომლებიც რუსული კანონის მიღებამდე ამბობდნენ, რომ „აპოლიტიკურები არიან“, დღეს სამოქალაქო მოძრაობის წევრები გახდნენ – დაინახეს, რომ ქვეყანა „ოცნების“ ხელისუფლება რუსეთისკენ მიჰყავს.

„ეს ყველაფერი: გაერთიანება, ჯაჭვის შექმნა, მასობრივი დაუმორჩილებლობა, ყოველდღიური პროტესტი, „ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო იმაში, რომ პროცესის გაწელვასთან ერთად, მუხტი დავარდებოდა და მუხტის დავარდნის ნაცვლად ლოკაციები შეიცვალა, საქართველოს მოსახლეობა ისევ აპროტესტებს, მასობრივი პროტესტი, გაფიცვა და დაუმორჩილებლობა არის ყველაზე დიდი და შედეგიანი გამოსავალი.

ჯენზი თაობა არის დაუმორჩილებელი… აბსოლუტურად პოზიტიური მოლოდინი მაქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ბრძოლა გველოდება წინ, ერთ და ორ დღეში ეს ყველაფერი არ დასრულდება, მაგრამ გვექნება შედეგი. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის: ჩვენ არ გავიღვიძებთ რუსეთში, ყველანაირად ცდილობს ამას ხელისუფლება, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ იქნება,“ – უთხრა მეგი დიასამიძემ „ბათუმელებს“.

batumelebi

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share