ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლგა ჰარლანს მილანში მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის გაგრძელების უფლება მისცა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი, ვადიმ გუცეიტი ავრცელებს.
ოლგა ჰარლანს მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე დისკვალიფიკაცია მისცეს. მან რუსი მეტოქე დაამარცხა და ხელი არ ჩამოართვა, რაც წესების დარღვევაა.
უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის დაჟინებული ძალისხმევის წყალობით, ისევე როგორც ჩემი, როგორც საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრის მოწოდებით, ოლგა ჰარლანს უფლება მიეცა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდურ შეჯიბრებებში გამოსულიყო.
ეს არის სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილება. დისკვალიფიკაციის საკითხის განხილვა გადაიდო.
ხვალ ვგულშემატკივრობთ ჩვენს მოფარიკავეებს!
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი სპორტსმენების გულისთვის უკრაინის სახელით” წერს მინისტრი.
გარდა ამისა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლგა ჰარლანისთვის 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე დამატებით კვოტას გამოყოფს.
უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ვადიმ გუცეიტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, თომას ბახმა ჰარლანს მიწერა:
„თქვენი უნიკალური სიტუაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მოგცემთ დამატებით კვოტას პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, თუ დარჩენილ პერიოდში კვალიფიკაციას ვერ მიაღწევთ…“, – ნათქვამია წერილში.