რა გზავნილები მოდის ამერიკის შეერთებული შტატებისგან? – ჟურნალისტი ია მეურმიშვილი “პირველი ხაზის” ეთერში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასავლეთის მთავარ მესიჯებს აჟღერებს.
“ამერიკის ხმის” ყოფილი კორესპონდენტი აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები საქართველოსა და ამერიკის ისტორიულ ურთიერთობაში “უპრეცედენტოა“.
“სანქციებზე საუბარი აქამდე არასდროს ყოფილა” – ამბობს ჟურნალისტი და იქვე დასძენს, რომ მიუხედავად “ქართული ოცნების” ანტიდასავლური რიტორიკისა, ამერიკა ყოველთვის იყო და რჩება ქართველი ერის მეგობრად.
ია მეურმიშვილი ღიად აცხადებს, რომ ახლა ივანიშვილის გუნდმა უნდა გააკეთოს არჩევანი – გახდეს საქართველო ევროპული ოჯახის წევრი, თუ გეზი ოკუპანტი რუსეთისკენ აიღოს.
ისევე როგორც განცხადებები, რომელიც ბოლო პერიოდში ვნახეთ, ასევე ეს ინიციატივაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში უპრეცედენტოა. მიუხედავად იმისა, რომ იყო არაერთი განცხადება დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, იყო შიშები, რომ ქვეყანა შეიძლება რუსეთს ეხმარება სანქციებზე თავის არიდებაში, აქამდე არასდროს მიდიოდა. სანქციებზე საუბარი არასდროს არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებები არაერთ გვსმენია საქართველოს მხრიდან. ასე შორს არ წასულა არასდროს.
კონგრესმენ უილსონზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ის დიდი ხანია, რაც საქართველოს მეგობარია. მე მას პირველად შევხვდი 2015 წელს, როდესაც ქართველი ჯარისკაცებისთვის მან საკუთარ საარჩევნო ოლქში თავისუფლებისთვის მებრძოლების ჯილდო შეიმუშავა და ქართველ ჯარისკაცებს გადასცა იმ პატივისცემის დემონსტრირების მიზნით, რომ ამერიკა ქართველებს აფასებს. უილსონი ყოველთვის ცდილობდა, რომ რბილი პოზიცია ჰქონოდა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე. ის იმაზე მეტად მეგობრულია საქართველოს მიმართ და ის იმდენად კრიტიკული არ ყოფილა “ქართული ოცნების” მიმართ, როგორც სხვები იყვნენ…
კანონპროექტის ტექსტი ისეთია, რომ არ არსებობს რაიმე სახის დიპლომატიური მინიშნება, გზის დატოვება იმისთვის, რომ კარგი, ამას ვიზამთ, მაგრამ მოდით დავილაპარაკოთ. ამისთვის გზა არ არის დატოვებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა და ახლა მათ უნდა გააკეთონ არჩევანი”, – ამბობს ია მეურმიშვილი.
პირველად ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორიაში ამერიკის კონგრესს სანქციების პაკეტი წარედგინება. კანონპროექტი ითვალისწინებს ხელისუფლების ყველა იმ მაღალჩინოსნის იდენტიფიცირებას, ვინც რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელია. ანუ, ამ სიაში, სავარაუდოდ, ავტომატურად მოხვდება ის 84 დეპუტატიც, რომლებმაც ანტიევროპულ კანონს მხარი დაუჭირეს.
ასევე სანქციები გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ადამიას უფლებათა დარღვევაში არიან მხილებული. ანუ, იმ პოლიციელებზე, რომლებიც აქციის მონაწილეების სასტიკი დარბევის განკარგულებებს გასცემდა. საუბარია შეერთებულ შტატებში გადაადგილების აკრძალვაზე და ფინანსურ შეზღუდვებზე. კანონპროექტს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – ჯო უილსონი წარადგენს. კონგრესმენი ამბობს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლება პატრიოტი ქართველების წინააღმდეგ მიდის და ამერიკამ დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას.