ტერორი „მარწყვის არომატით“ – გინებისა და მუქარის ახალი ტალღა

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების მიმართ სატელეფონო გინების, მუქარის, ქუჩაში დახვედრისა და ცემის, სახლთან თუ ოფისებთან შეურაცხმყოფელი შინაარსის პოსტერების გაკვრის პირველი ტალღა გადავლილი არ იყო, მაისის ბოლოს, მეორე ტალღა რომ აზვირთდა.

დაშინების მცდელობების ახალი სერია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 28 მაისს, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და “უცხოეთის აგენტების” კანონი 84 ხმით მიიღო.

შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების ადრესატები სამოქალაქო აქტივისტებთან, ჟურნალისტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, ის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც არცერთ პარტიას ან ჯგუფს არ ეკუთვიან – უბრალოდ, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დადიან.

ან არ დადიან, მაგრამ იმ ადამიანები ოჯახის წევრები არიან, რომლებიც აქციებზე დადიან და პროტესტს ხმამაღლა გამოხატავენ. მათ გაჩუმებას ოჯახის წევრების დაშინებით ცდილობენ.

გინება, მუქარა, მარწყვი და ტყემალი

თუკი მაისის დასაწყისში, გინებისა და მუქარის პირველი ტალღისას, უცნობები შეურაცხყოფაზე სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემისას პირდაპირ გადადიოდნენ, ამჯერად, როგორც ჩანს, ტაქტიკა შეიცვალა – ადამიანები, რომელთა ტელეფონებზეც უცნობი ნომრიდან შევიდა ზარი, ჰყვებიან, რომ შუაღამისას, „ზრდილობიანი მისალმების“ შემდეგ, უთხრეს, რომ მარწყვი ან ტყემალი ჰქონდათ მათთვის გადასაცემი და შეხვედრა სთხოვეს. გინება და მუქარა უარის მიღების შემდეგ დაიწყეს.

სანამ ქეთო ნინიძის დედას და შემდეგ ქმარს, მარწყვისა და ტყემლის შეთავაზებით დაურეკავდნენ, მანამდე, 31 მაისს, პირადად მასთან დარეკა უცნობმა პირმა.

ქეთო ნინიძე ქმარ-შვილთან ერთად მარტვილში ცხოვრობს. ის საოჯახო მარნის, „ოდას“ დამფუძნებელია, თუმცა, ბოლო პერიოდია, საპროტესტო აქციების გამო, შვილებთან ერთად თბილისში, დედასთან ცხოვრობს. სწორედ დედასთან ერთად დადის აქციებზეც.

მუქარისა და სატელეფონო ზარების შემდეგ, ფიქრობს, რომ დროებით, მარტვილში დაბრუნებისგან თავს შეიკავებს: „თბილისში მაინც კორპუსში ვცხოვრობთ და უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს“, – ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

31 მაისს, უცნობმა პირმა მის ტელეფონზე სექსუალური ძალადობის მუქარის შემცველი გზავნილებით დარეკა:

„ღამით დამირეკა, ისეთ სიტუაციაში ვიყავი, რომ პასუხიც ვერ გავეცი. პირდაპირი მუქარა იყო სექსუალური ძალადობის“.

პირველ ივნისს ისევ დარეკეს ქეთო ნინიძესთან. ამ ზარის შემდეგ, დაახლოებით ორწუთიანი ინტერვალებით, დარეკეს ჯერ დედამისთან და შემდეგ მის ქმართანაც:

ქეთო ნინიძე
ქეთო ნინიძე

„ჩემთან ისევ გინებით დარეკეს, მეც შევეპასუხე. ამ ზარიდან ორ წუთში კი დარეკეს დედაჩემის ნომერზე. დედას ეძინა და მის ტელეფონსაც მე ვუპასუხე. დედაჩემის სახელით მომმართეს და მითხრეს, ტყემალი გამოგვატანეს ვანიდან და სად გადმოგცეთო. ამ ზარიდან ერთ წუთში დარეკეს ჩემს ქმართან, მარწყვი გვაქვს თქვენთვის და რა მისამართზე მოგიტანოთო.

არ ვიცი, მისამართების იდენტიფიცირება უნდათ, თუ რა გეგმა აქვთ. ვინ მივა შუაღამისას მათ სანახავად. ამ ზარების შემდეგ, ისევ ჩემთან დარეკეს. შაბათის ზარები მთლიანად შეურაცხყოფის შინაარსს ატარებდა. პარასკევის ზარი კი იყო მუქარა – სექსუალური შინაარსის მუქარა. დამელოდე მოვდივარო“…

ქეთო ნინიძემ, მუქარის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პოლიციას 2 ივნისს მიმართა:

„ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში ვიყავი. დავწერეთ საჩივარი. პოლიცია ძალიან ცდილობს, რომ ეს საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევით წარიმართოს და არა მუქარის მუხლით, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. იმ ეპიზოდს, როდესაც ჩემს მიმართ განხორციელდა ძალადობრივი მუქარა, არაფრით აღიარებდნენ, რომ იყო მუქარა. მეუბნებოდნენ, რომ მუქარა აუცილებლად სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს უნდა შეიცავდესო. ცდილობდნენ, რომ აქცენტი გამეკეთებინა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. ძალიან დიდხანს მალოდინეს და ბოლოს საქმე გადააგზავნეს ცენტრალური პოლიციის განყოფილებაში და იქ მომიწევს მისვლა ადვოკატთან ერთად“.

„მარწყვებით მუქარის“ ტალღაში მოჰყვა აქტივისტი ანა სუბელიანიც. „რაღაც ახალი მოიფიქრეს, სრულიად გამაოგნებელი“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში პირველ ივნისს.

პირველად სწორედ ამ პოსტის შემდეგ გაირკვა, რომ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებსა და კრიტიკოსებს ხელისუფლების გადაწყვეტილებებისადმი ლოიალურად განწყობილი ჯგუფები ე.წ. ტერორს „მარწყვის სახელით“ უწყობდნენ.

ანას „ვაიბერზე“ ზარი უცხო ნომრიდან შუაღამისას შევიდა:

„ხობიდან მარწყვი ჩამოვიტანე, 150 ლარის მარწყვი გამომატანეს თქვენთვისო და უნდა გადმოგცეთო. არა, ვერაფერს ვერ მომიტანთ, რანაირად გგონიათ, რო ასე უცხო ადამიანს ამ შუაღამეს მოგიშვებთ ჩემამდე-მეთქი და ეს ანგელოზის ტყავში გადაცმული ქოცი იხსნის ნიღაბს და იწყებს გინებას. მეც ვაგინე შეძლებისდაგვარად. გავუთიშე და შემდეგ დარეკვაზე გადავწყვიტე ჩავიწერ-მეთქი და სპიკერზე ჩავრთე. ამჯერად უკვე ისეთი ბინძური ენით მოჰყვა გინებას, რომ აქამდე არცერთს არ უკადრებია.ვცადე გადამეფარა, მაგრამ ბავშვი გამიგიჟდა ამ ყველაფრის მოსმენაზე“, – დაწერა ანა სუბელიანმა.

„თავატკიებულთა“ კაკუნი

რამდენიმე დღის წინ, შუაღამისას დაბრუნებულ ჟურნალისტს, ვიკა ბუკიას, სახლის კარზე დაუკაკუნა უცნობმა პირმა და დახმარება სთხოვა:

ვიკა ბუკია
ვიკა ბუკია

„ღამის სამი საათი იყო, მეგობრისგან დავბრუნდი, სულ ორიოდ წუთის შემოსული ვიქნებოდი სახლში, კაკუნი რომ შემომესმა. გავიხედე და დავინახე, ჰუდში ჩაცმული ახალგაზრდა, სახე ვერ გავარჩიე. გოგონი, გამარჯობა, თქვენი მეზობელი ვარ მეოთხე სადარბაზოდან, „ციტრამონი“ ხომ არ გექნებათ, რომ მომცეთო. კარი არ გამიღია, შიგნიდან გავძახე, ვინ ბრძანდებით ამ შუაღამისას, ნორმალური ხართ-მეთქი?“

როგორც ვიკა ბუკია ყვება, ამ დიალოგიდან დაახლოებით ორ წუთში, მის ტელეფონზე ზარი გაისმა. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ „თავატკიებული ახალგაზრდა“ და ზარის ავტორი ერთმანეთთან კავშირი მყოფი ადამიანები, ან სულაც ერთი პირი იყო:

„ტელეფონს ვუპასუხე და იქიდან მესმის ხმა – ქალბატონო ვიკა, თქვენ ხართ? დაისჯები ამ უზრდელობისთვის და შემდეგ გინება.

არ მინდა კონსპირაციის თეორიებში შევიდე და არ მინდა, რომ უკვე ყველგან საფრთხეს ვხედავდე, მაგრამ ამ უცხო ადამიანის კარზე კაკუნსა და ამ ზარს შორის, ძალაუნებურად ხედავ კავშირს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი ჩემს სახლს მანამდეც უთვალთვალებდა, იცოდა, რომ ჩემი ქმარი არ იყო სახლში და სახლში მარტო მე, ბავშვი და დედაჩემი ვიყავით. თან ჩემი სახლში მისვლიდან რამდენიმე წუთში დააკაკუნა კარზე. მესმის, რომ ყველას გამძაფრებული გვაქვს ემოციები, თუმცა, ფაქტია, რომ ე.წ. „ტიტუშკები“ მუქარისა და დაშინების ტაქტიკას ცვლიან და ზოგს მარწყვს სთავაზობენ და ზოგსაც თავის ტკივილის წამალს სთხოვენ“, – ამბობს ვიკა ბუკია.

ზარები „გენერირებული ნომრებიდან“

აფხაზეთდან დევნილი, ინჟინერი ნანა დიხამინჯია, აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში.

„გული მერევა, სახელმწიფო რომ ამ დონეზე დაეცა. აფხაზეთის ომი გვაქვს გამოვლილი, თქვე უბედურებო, ზარებით შეგვაშინებთ?“, – დაწერა ნანამ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში.

ბოლო დღეებია მასთან, მის დედასთან და დასთან, აქტიურად რეკავენ უცხო პირები და მათ შეურაცხყოფას და დაშინებას ცდილობენ.

ნანა დიხამინჯია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნომრები, საიდანაც მათთან ზარები შედის, გენერირებულია:

ნანა დიხამინჯია
ნანა დიხამინჯია

„ნომერს რომ დახედავ, მაშინვე ეტყობა, რომ გენერირებულია. წესით, როდესაც „ვაიბერით“ და „ვოთსაფით“ რეკავენ, ჯობია, რომ არ ვუპასუხო და არც უკან გადავრეკოთ, რადგან დიდი საფრთხეა ტელეფონის გატეხვის, მაგრამ მაინც დავრეკე, ნომერი არ იყო რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ნამდვილად გენერირებულია. ერთი და იმავე ნომრიდან რეკავდნენ ჩემს დასთან და დედაჩემთანაც. ღამის ორის ნახევარზე შედიოდა ზარები. ამავე ნომრებიდან რეკავდნენ ჩემი მეგობრის ოჯახშიც.

სასაცილოა, ჩვენ 90-იანი წლები გვაქვს გამოვლილი, ნორმალურ ადამიანებს ამ გინებაზე რა რეაქცია უნდა გვქონდეს? საინტერესოა ისიც, ვისთან რეკავენ. მაგალითად, რეკავენ სოციალურ ქსელებში აქტიურ ადამიანებთან. მაგრამ რეკავენ მათთანაც, ვინც საერთოდ არ არის სოციალურ ქსელებში აქტიური, მაგრამ დადის აქციებზე. სავარაუდოდ, ამ ადამიანებს სატელეფონო ანძების მიხედვით პოულობენ, ადგენენ, რომ აქციების დროს იმ ტერიტორიაზე იყვნენ და ურეკავენ. ჩემს დასთან და დედაჩემთან დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს გამო რეკავდნენ. ცდილობენ, გამოიყენონ რუსული მეთოდები, როდესაც ერთი ადამიანის გაჩუმება, ყველას გაჩუმებას იწვევს, მაგრამ ჩვენ არ ვართ ეს ხალხი“, – ამბობს ნანა დიხამინჯია.

ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობები

2 ივნისს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ორი ახალგაზრდა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთ ლიდერზე, ცოტნე კობერიძეზე თავდასხმას, თუმცა, მცდელობა კრახით სრულდება. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, თავადვე ხდება იმ ე.წ. „ელექტროშოკის“ მსხვერპლი, რომლის გამოყენებასაც ის ცოტნე კობერიძის წინააღმდეგ ცდილობდა – ახალგაზრდა კაცი გარბის, შემდეგ კი რამდენჯერმე ეცემა ასფალტზე.

„მუხიანში ვცხოვრობ, ტელევიზიაში მივდიოდი, პირდაპირი ეთერი უნდა მქონოდა. სამის ნახევრისთვის ავტობუსის გაჩერებაზე დავდექი, ზუსტად პოლიციის განყოფილების წინ. ყურსასმენები მეკეთა და უცებ ძალიან ახლოდან მომესმა გინება“, – უყვება რადიო თავისუფლებას ცოტნე კობერიძე მის სახლთან ახლოს მოწყობილი თავდასხმის მცდელობის შესახებ:

ცოტნე კობერიძე
ცოტნე კობერიძე

„ორი ადამიანი იყო, „ელექტროშოკებით“. მაშინვე მივხვდი, რაც ხდებოდა, მეც გინება დავუწყე და ყველანაირად შევეცადე, რომ „ელექტროშოკი“ არ მომდებოდა. ალიაქოთი რომ ატყდა, ხალხმაც მიცნო, ერთ-ერთმა გამომარიდა, ზოგმა ყვირილი დაიწყო, ზოგმა ტელეფონით გადაღება. კარგად ვერ მივხვდი, რა დაემართათ და გაქცევისას, რატომ დაეცა ერთ-ერთი მათგანი, შესაძლოა, მთვრალები იყვნენ ან მეორე ვარიანტია, ვიდეოშიც ისმის, როგორ ააქტიურებს „ელექტროშოკს“ და შეიძლება, თავად მიიდო შემთხვევით გაქცევისას“.

ცოტნე კობერიძე ამბობს, რომ მასზე თავდასხმის მცდელობა პოლიციის განყოფილებიდან დაახლოებით 25 მეტრში მოხდა, თუმცა, პოლიცია მასთან არ მისულა და არც შემდეგ შეხმიანებია ვინმე.

3 ივნისს, სავარაუდო ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობის შესახებ დაწერა პოსტი სამოქალაქო აქტივისტმა ზუკა ბერძენიშვილმა:

“ამ წუთებში ფამფალეთიდან ურეკისკენ ვიძვრები მატარებელს რომ დავხვდე, ამ დროს ჩემი თანასოფლელები მატყობინებენ, რომ დილაუთენია მეძებენ და სოფლის გასასვლელში დგანან “გაურკვეველი პირები”.

ზუკა ბერძენიშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ გურიაში, მისი სახლის სიახლოვეს „უცხო პირების“ გამოჩენა, სავარაუდოდ, იმ სატელეფონო ზარებს უკავშირდება, რომელიც მან „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, რამდენიმე დეპუტატთან განახორციელა:

ზუკა ბერძენიშვილი
ზუკა ბერძენიშვილი

„ჩემს ყოფილ მეგობრებს, კაჭარავას და სონღულაშვილს დავურეკე. არც ერთმა არ მიპასუხა. მერე გადავედი ზოგადად დეპუტატებზე, მათ შორის, ვინმე სალომე ჯინჯოლავასთან დავრეკე, ძირითადად მოღალატეობაზე ველაპარაკებოდი. მერე მისმა ქმარმა დამირეკა, ჩემს ცოლს როგორ აგინეო. მე ეგრე არ მახსოვს, რომ ვაგინე, უფრო დანარჩენ ცხოვრებას რომ ციხეში გაატარებდა, ამას ვუხსნიდი, მაგრამ მის ქმარს კი ნაღდად მოვუკითხე რუსი „ფესვები“. შემპირდა, მოვალ სადაც ხარო. 5 წუთში დამირეკეს უკვე „ტიტუშკებმა“. აქ და აქ მოდი, სოფელ ფამფალეთში ვართო… ჩვენს ჭიშკართან იყო დიდი მანქანების წრიალი. ეს ხდებოდა ბოლო ორი დღის განმავლობაში, დღეს დილით კი, მატარებელზე რომ უნდა წასვულიყავი, შემატყობინეს, მობილიზებულები არიან, გასასვლელი აქვთ დაკეტილიო“.

როგორც ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, ეს ინფორმაცია მან სამართალდამცავებს შეატყობინა:

„თან მახლდნენ ოჯახის წევრები. ურეკში მივდიოდით მატარებელზე და ვაგვიანებდით. დავრეკე ოზურგეთის პოლიციაში, როგორც მინიმუმ უმოქმედობის დოკუმენტირებისთვის, მოვიდნენ, გაგაცილებთ, მაგრამ ორი წუთით მოიცადეთო. 20 წუთი გვეუბნებოდნენ ამას. ბოლოს ვუთხარი, მატარებელზე ვაგვიანებ და თუ არ მომყვებით, გავივლით ჩხუბ-ჩხუბით-მეთქი. ერთხანს გამოგვყვნენ და მერე ჩამოგვშორდნენ. ჩასაფრება აღარ დაგვხდა. მატარებლამდე უსაფრთხოდ მივედით“.

ცემა ჯოხით „აგენტების კანონის“ გამო

2 ივნისს, მარიამ სიჭინავას, „დროას“ წევრს, ზუგდიდში, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით მხოლოდ იმიტომ გაუსწორდა კაცი ფიზიკურად, რომ ის „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ იბრძვის.

ინციდენტი მარიამის მეგობრის ჭიშკართან ერთად მოხდა, სადაც ის რამდენიმე არასრულწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა:

„მეგობრის მეზობელი გამოვიდა, რომელმაც მიცნო და მიხვდა, ვინ ვიყავი და რომ ვაპროტესტებდი „რუსულ კანონს“. ჩემსკენ გამოიწია ჯერ გინებით და შემდეგ ერთ-ერთ იქ მყოფ ადამიანს, სავარაუდოდ, მის მეუღლეს, გამოართვა ხელჯოხი და ჯერ თავში ჩამარტყა, შემდეგ მხარსა და მკლავში. გუშინვე გადავედი კლინიკაში, რადგან მტკიოდა თავი, მაგრამ საბედნიეროდ არ აღმომაჩნდა სერიოზული არაფერი“.

როგორც მარიამ სიჭინავა ამბობს, მისი ცემის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავები მასთან კლინიკაში იყვნენ მისულები:

„არანაირი ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს, რადგან ეს საქმე უნდა გამოიძიონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ერთი თვის წინ აქციაზე [30 აპრილს დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რ.თ] ძალის გამოყენებით დამაკავეს და ერთი თვის წინ სამმართველოს შენობაში მომაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. შესაბამისად, არ ველოდები, რომ ისინი რაიმეს ობიექტურად გამოიძიებენ“, – ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც მან გასული კვირის ბოლოს საკუთარ გვერდზე ატვირთა, ჩანს, როგორ დადის ქუჩაში რამდენიმე ნიღბიანი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების ოფისების კედლებზე წერენ უხამს სიტყვებს, იგინებიან, კვერცხებს ესვრიან შენობებს.

ვიდეოს თან ახლავს დიმიტრი სამხარაძის სიტყვები: მმმართველი პარტიის დეპუტატი იმუქრება, რომ ოპონენტებს კრიტიკას მტკივნეულად დაუბრუნებენ.

„ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ “ქართული ოცნების” გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ!“

28 მაისს, მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონი დაამტკიცა, მოქალაქეები სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ ვიდეოებს, სადაც ისინი კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ.

რატომ ცდილობს შსს არ დააფიქსიროს საჩივრებში მუქარის ფაქტები?

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი, ნესტან ლონდარიძე იმ ორი ქალის ინტერესებს იცავს, რომლებსაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უცნობმა პირებმა დაურეკეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ.

როგორ ის რადიო თავისუფლებას უყვება, ორივე შემთხვევაში მათ მოუწიათ ებრძოლათ იმისთვის, რომ სამართალდამცავებს საჩივრის ოქმში ჩაეწერათ, რომ ქალების მიმართ განხორციელდა არა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, არამედ მუქარაც:

ნესტან ლონდარიძე
ნესტან ლონდარიძე

„გასაუბრების ოქმში სამართალდამცავები ცდილობენ ჩაწერონ, რომ ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა და არანაირი მუქარა. ერთ შემთხვევაში, ამოგვიბეჭდეს გამოკითხვის ოქმი, სადაც არაფერი ეწერა იმის შესახებ, რასაც ქალი ამბობდა, რომ მის მიმართ განხორციელდა მუქარა და დევნა. ჩვენ სამჯერ დაგვჭირდა ოქმის შეცვლა, რომ სამართალდამცავებს დაეფიქსირებინათ სწორედ ის, რასაც ქალი ამბობდა. სამართალდამცავები ოქმში წერდნენ, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას და არანაირი მუქარა და ძალადობის ნიშნები არ ყოფილა“.

ნესტან ლონდარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებში არის განცდა, რომ მათ საჩივარს შედეგი არ მოჰყვება, აუცილებელია, რომ ადამიანებმა, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან , მიმართონ სამართალდამცავ სტრუქტურებს.

„იმ მოქალაქეების პოზიციაც მესმის, რომლებიც ამბობენ, რომ მნიშვნელობა და შედეგი არ აქვს პოლიციაში წასვლას, რადგან სამართალი მიკერძოებულია. მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობაა – დაშინება, ცემა, მუქარა. ამიტომ აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა მიმართონ სამართალდამცავებს, რადგან ვაიძულოთ ისინი, გამოავლინონ სავარაუდო დამნაშავეები.

მისივე რჩევაა, რომ გამოკითხვაზე არ წავიდნენ ადვოკატის გარეშე:

“ჩემი რჩევაა, რომ საქმეებში ჩართონ ადვოკატები, მათ გარეშე გამოკითხვაზე არ მივიდნენ, ოქმი წაიკითხონ ყურადღებით. გავა პერიოდი და ხელისუფლებას ჩვენს წინააღმდეგ სწორედ ეს არგუმენტი ექნება, რომ ასეთი განცხადებებით მათთვის არავის მიუმართავს, შესაბამისად, დანაშაულსაც არ ჰქონია ადგილი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საჩივრები დაიწეროს“.

3 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ, „აგენტების კანონი“ “საკანონმდებლო მაცნეს” ვებსაიტზე გამოქვეყნდა. საქართველოს კანონმდებლობით, ეს აუცილებელი პროცედურაა კანონისთვის სამართლებრივი სტატუსის მისანიჭებლად.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სახელწოდების კანონი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერით გამოქვეყნდა.

საქართველოს პარლამენტმა “აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია.

„არა რუსულ კანონს!“ – ამ მთავარი გზავნილით კანონს თითქმის ორი თვის განმავლობაში აპროტესტებდა ათობით ათასი მოქალაქე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროტესტი კვლავაც გრძელდება. კანონის სამიზნე ორგანიზაციები არ აპირებენ დაემორჩილონ კანონს და სამართლებრივ გზებს მიმართავენ.

„აგენტების კანონი“ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.

რადიო თავისუფლება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share