ევროკავშირი ოკუპირებულ ცხინვალში მარიონეტული რეჟიმის მიერ ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ ცნობს ე.წ “არჩევნებს” და კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
“ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. “საპარლამენტო არჩევნები” ჩატარდა. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას” – წერს სტანო.
9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. “არჩევნებს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა განცხადებით, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც “უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.