ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა განსაკუთრებული პოლიტიკური კაპიტალი, რაც უკავშირდება სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, რომლითაც გამოირჩეოდა. 3-მილიარდიან ქველმოქმედებაზეა საუბარი და ეს, ბუნებრივია, ითარგმნებოდა მათ შორის, საბოლოო ჯამში პოლიტიკურ კაპიტალში. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი იყო 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი და ეს ნიშნავს განსაკუთრებულ პოლიტიკურ კაპიტალს. ამასთან ერთად ყველაზე მთავარი იყო მისი ინტელექტუალური რესურსი, რომლითაც ის მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესში. ერთხელ პოსტი მივუძღვენი ამ ყველაფერს და კიდევ გავიმეორებ, რომ ის პოლიტიკაში მოქმედებდა, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, როგორც გროსმაისტერი, რომელიც წინასწარ თვლიდა ათზე მეტ სვლას, ვიდრე მიიღებდა გარკვეულ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის კვირასთან ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას თქვა.