“ზივზივაძემ შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს” – ამის შესახებ კომენტარი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.
სანიოლის თქმით, ჩატარებული თამაშებით ქართველი ფეხბურთელები მოწინააღმდეგეებს დროთა განმავლობაში კიდევ უფრო აკვირვებენ.
მწვრთნელი იმასაც დასძენს, რომ გუნდში გარკვეული სახის ცვლილებები იგეგმება, თუმცა სანიოლი არ განმარტავს, კონკრეტულად რაზე აქვს საუბარი.
”ბუდუ ზივზივაძის სათამაშო დროზე: რაც შეეხება ბუდუს, არ მგონია ეს შეკითხვა რელევანტური. მან შრომა უნდა გააგრძელოს და დროს აუცილებლად მიიღებს. მიქაუტაძე ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ თამაშს აჩვენებს. გუნდში კონკურენციაა და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ოპონენტებს ვაკვირდებით და ჩეხეთის შესახებ ბევრი ვიცით. მათ თამაშებს განვიხილავთ და ყველა სუსტი, თუ ძლიერი მხარე კარგად ვიცით. ყოველთვის ვიძახი, რომ მთავარი ჩვენი შემართებაა და არა მეტოქის თამაში.
თუ ჩვენს ხასიათს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა. ცვლილებებზე ვერ გიპასუხებთ. ეს შეჯიბრია, სადაც ზოგჯერ ცვლილებების გაკეთება საჭიროა. ამას ახალი ენერგია შემოაქვს. მთავარია ეს შანსი კარგად გამოვიყენოთ, რათა შემდგომში უფრო დიდ გუნდებს ვეთამაშოთ. ვფიქრობ, ცვლილებები იქნება, მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.
ვფიქრობ, ხალხი განსხვავდება, ზოგს ნაკლები შემართება აქვს, ზოგს მეტი. თუ ყოველთვის შედეგზე ფოკუსირდები, ყოველთვის კმაყოფილი ვერ დარჩები. უნდა შეაფასო, რა გააკეთე კარგად და რა ცუდად. ასეთი თამაშის შემდეგ ცოტა გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გულდაწყვეტა მაინც წინგადადგმული შედეგია“, – განაცხადა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩეხეთის დაპირისპირება 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.