2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება. გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების ოფიცერმა მარიამ ვაჩნაძემ კი, ისაუბრა გარემოსდაცვით ღონისძიებებსა და სოციალური პროექტების განვითარებაზე. კომპანიის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებს პირველ რიგში გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახვი ჰესი მიმდინარე წლის მაისში გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის წევრი კომპანია გახდა. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების დინამიკაზე. შეხვედრის მონაწილეებისთვის ახალი და საინტერესო ინფორმაცია იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემის სოფლებში, კერძოდ, მთისპირში, უკანავაში, ვანისქედსა და ოქროსქედში და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მოსახლეობისთვის გზების შეკეთების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი სამუშაოები.
გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების ოფიცერმა მრჩეველთა საბჭოს წევრებს გააცნო მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტალში სამშენებლო პერიმეტრზე ჩატარებული სხვადასხვა სახის მონიტორინგის შედეგებიც. კვლევები მოიცავდა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ლოკაციებზე ხმაურის, ვიბრაციის, მტვრისა და ზედაპირული წყლების ხარისხის მონიტორინგს. ამასთან, საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ამ მიმართულებით მეორე და მესამე კვარტალში დაგეგმილი აქტივობებისა და ასევე, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების SLR-სა და Alpage-ის მიერ გაწერილი შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა სამსახური, იქნება ეს ტექნიკური, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა, სოციალური პროექტები თუ კომუნიკაციები, აქტიურ ფაზაშია გადასული და სრული დატვირთვით მუშაობს. დიდი სამუშაო ჩავატარეთ და წინ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. რაც მთავარია, შეკრულია გუნდი და ყველა მაქსიმუმს დებს თავის საქმეში. სამშენებლო სამუშაოების პარალელურად მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელიც გარემოსდაცვის მიმართულებით ხორციელდება. როგორც გახსოვთ, გვაქვს კონკრეტული გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთის მხრივ დაამტკიცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, დამატებით კი, საერთაშორისო ექსპერტემბმა გაგვიწერეს შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები. სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. სოციალური პროგრამის კუთხით განვახორციელეთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. აუცილებლად აღნიშვნის ღირსია, სოფლის გზების მოწესრიგება, რომელმაც გადაადგილება ერთმნიშვნელოვნად მარტივი გახადა“ – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, კომპანია ბახვი ჰესის დირექტორმა.
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს კომპანიის ახალი ვებ გვერდი: www.bakhvihpp.com წარუდგინეს.
შემდეგი გეგმიური სხდომა სექტემბრის თვეშია დაგეგმილი.