“გლოცავთ და გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები, შეიძლება ითქვას, დიასპორის ერთობის მაგალითია და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად”. – საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გვერდი დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილეთათვის პატრიარქ ილია II-ის მიმართვას ავრცელებს.
“არაერთხელ მითქვამს, რომ უცხოეთში მცხოვრები ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს სახეა. ამიტომაც უნდა ეცადოთ თქვენი ცხოვრებითა და საქმიანობით იყოთ ღირსეული წარმომადგენელი სამშობლოსი და იმ ქვეყნისა, სადაც ხართ ამჟამად, ეცადოთ თქვენც და თქვენი შვილებიც ღვთის რწმენაში განმტკიცდეთ, არ მოსწყდეთ წინაპართა ფესვებს და, ძალისამებრ თქვენისა, ხელი შეუწყვეთ საქართველოს წარმოჩენას თქვენს გარემოში.
დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე გამოდის და თქვენც თქვენი ამჟამინდელი მყოფობის ადგილზე, თქვენი, თუნდაც მცირედი, წვლილი შეიტანეთ მის საკეთილდღეოდ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას აქვს თავისი წარმომადგენლობები უცხოეთში და ჩვენი სასულიერო პირები ცდილობენ თქვენს გვერდში დგომას, ცდილობენ მრევლში ერთობის სულის განმტკიცებას.
მათი შრომის შედეგია, რომ დღეისთვის 22 სამრევლო გვყავს საფრანგეთში, 25 იტალიაში, 10 ესპანეთში, 4 შვეიცარიაში, 20 გერმანიასა და ავსტრიაში. 8 სამრევლო ბელგიასა და ჰოლანდიაში, 21 სამრევლო ამერიკასა და კანადაში, სამრევლოები ასევე ფუნქციონირებს დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, პორტუგალიასა და მალტაში. ასე რომ, ეკლესია თქვენს გვერდითაა და თქვენი ჯვრის მტვირთველობაში შეგეწევათ.
მინდა თითოეული თქვენგანი დავლოცო და ღვთისა და სამშობლოს ერთგული მსახურება გისურვოთ.
ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და მთელი მსოფლიო”. – წერია პატრიარქის მიმართვაში.