“საზოგადოებას აგრძნობინა ამ ჩვენმა ნაკრებმა, რომ შეგვიძლია დიდი გამარჯვებები გვქონდეს ჩვენი ერთობით, ბევრი შრომით და თავდადებით,“ – ამის შესახებ ფოლკლორისტი გიორგი უშიკიშვილი საუბრობს და ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება.
უშიკიშვილი ხაზს უსვამს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების შრომისმოყვარეობას და თავისუფლების სიყვარულს.
”ამ ბიჭებმა შეძლეს, გადაელახათ მთავარი, რომ ასეთ გუნდთან თამაშის შიში – მაგალითად, სუფრასთან რომ ვართ და ვიღაცას სიმღერა უნდა და მეუბნებიან, შენ რომ ზიხარ, რანაირად ვიმღეროთ, არადა პირიქით, ამაში მოდის წარმატება, რომ ყოველთვის უნდა იარო ადამიანმა წინ. შეუძლებელი შეძლეს რითი, ეს არის ერთად ყოფნა, ეს არის ერთობა, ეს არის თავდაუზოგავი შრომა – ეს არის ის ევროპული ღირებულებები, რაზეც ვსაუბრობთ.
ასეთი გამარჯვებების ხიბლი ძალიან ბევრია – ეს თაობაც ხომ დამოუკიდებელ საქართველოში გაიზარდა, ეს თაობაა, ვინც მეტად იცის თავისუფლების ფასი. მსოფლიოში, ვინც რამე განსაკუთრებული შექმნა, არა არსებობს, რომ ასეთი წარმატებები შექმნა, რომელსაც არ აქვს თავისუფლების შეგრძნება და არ არის ამაში გაზრდილი.
ჩვენ გვინდა თავისუფალი საზოგადოება, გვინდა ხალხი, ვინც ქმნის ასეთ გამარჯვებებს – საზოგადოებას აგრძნობინა ამ ჩვენმა ნაკრებმა, რომ შეგვიძლია დიდი გამარჯვებები გვქონდეს ჩვენი ერთობით, ბევრი შრომით და თავდადებით,“ – ამბობს უშიკიშვილი.