მეჩვიდმეტე საუკუნეში ძიმითში მოსახლე გვარები
.
ძიმითის შესახებ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს 1664 წლის „შეწირულობის წიგნი გიორგი გურიელისა ბიჭვინტის საბუთთაგან“. რომლითაც დგინდება ძიმითში მოსახლე შემდეგი გვარები – კბილიანისშვილი, ქართველაისშვილი, ნანაძე, კალანდარესშვილი, მჩხაიძე და მგელაძე.
.
„შეწირულობის წიგნი გიორგი გურიელისა ბიჭვინტის საბუთთაგან
.
ჩვენ გურიელმან ბატონმან გიორგიმ და დედა ჩემმან დედოფალმან ბატონმან ხვარამზემ, მას ჟამსა ოდეს დადიანსა ვამეყს და დედოფალსა ელენეს გურიას ჩვენი საყდარი კვირიკეწმიდა შემოეწირა ბიჭვინტ-სა ღთისმშობლისათვის იოვანე დეკანოზი და მისა შვილი გაბრიელ და მისი ძმა ბაუჟა მათის გლეხებითა და მამულითა და აწ ჩვენ გაგვიახლებია და ჩვენ შემოგვიწირავს, ბიჭვინტისა ღთისმშობელო, წმიდის კვირიკეს საყდარი ძიმითისა და მისი დეკანოზი იოვანე და მისი შვილი გაბრიელ და მისი ძმა ბაუჟაი კბილიანის შვილი მისის ცოლშვილითა, სახლკარითა, ალაგითა, ჭურმარნითა, ტყითა და ველითა, ვენახითა და საყანითა, სათიბითა, და სასაძოვრეთა, ეკლესითა და სასაფლავოთა, მთითა და ბარითა და მისი ყმა მამია ქართველაისშვილი ნასხიდაი რამიშვილის სეული, მამისთვალი ნანაძე, გიორგისაი მგელაძე, სეხნიაი და ზაზუტაი კბილიანისშვილი, გაბრიელ კალანდარესშვილი, გიორგი მჩხაიძე, ჯუმლად რაც შინ ყმა ჰყავდეს იმიანად, ეს რვა კვამლი კაცი მათის ცოლ შვილითა, სახლკარითა, ჭურმარნითა, ტყითა და ველითა, ვენახითა და საყანითა, მთითა და ბარითა, საძებრითა და უძებრითა, დღეს რისაც მქონებელი იყვენ, მათის სამართლიანის ყოვლისფერითა. სხვა ამას გარდა ამათი ხარაჯა ბიჭვინტის ღთისმშობლისათვის შეგვიწირავს, არცარა ვის კორციელის კაცისაგან ეთხოვებოდესრა….. კათალიკოზი სვიმეონისთვის მიგვიცემია, ღ”თნ უბედნიეროს. რამანც გვარმან კაცმან ან დიდმან ანუ მცირემან ეს მოგიშალოს, ჩვენდა ნუქბად ის განიკითხვის დღესა მას დიდსა განკითხვისასა, ამინ.“
.
– სარგის კაკაბაძე – დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები : წიგნი I (1921 წელი)
– ძიმითის ციხის ნანგრევები (ფოტოები კულტურული მემკვიდრეობის პორტალიდან)
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა