ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთის საკითხს ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: “მიტროპოლიტი პეტრე ისედაც აღარაა ეს წლებია საქართველოს ეკლესიის, როგორც ორგანიზაციის წევრი, მისი გაკვეთით დადასტურდება მხოლოდ ის, რაც არის. მე კიდეც მიკვირს, რომ პეტრემ თავად არ მოითხოვა მისი ტიტულატურის აყრა და არ წავიდა საქართველოს ეკლესიიდან, რადგან მთელი მისი ტიტულები პატრიარქის მიცემულია, იმ პატრიარქის, რომელიც პეტრესთვის მაოხრებელი გზირია და არა პატრიარქი, მაგრამ, ჩანს, მიტროპოლიტის ტიტული, შესამოსელი და ა.შ. “საპატივსაცემოდ გამოსარჩევი” რეკვიზიტები მისთვის არაა ასე ადვილად ხელიდან გასაშვები… თორემ ნებისმიერმა მორწმუნემ იცის, რომ ღვთისთვის მეგობარს შესამოსელი და ტიტულატურა კი არ ქმნის, არამედ შინაგანი სამყარო ღვთის მიმართ. ჩემთვის პეტრე ცაავას განკვეთა მაშინ მიიღებდა ბუნებრივ ხასიათს, თუ სინოდის არაერთი წევრიც მიჰყვებოდა, მაგრამ ჩვენმა წმინდა სინოდმა, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, კლანის შინაარსი უფრო მიიღო და თუ კი ერთმანეთთან თანაარსებობას ახერხებენ ისე, რომ ერთმანეთისგან დაცულები იყვნენ ნაწილობრივ მაინც, არაფერ პრობლემას არ უქმნიან ერთმანეთს ღია დონეზე. თუმცა, გარედან კი ვხედავთ რა რიგ სიძულვილში არის სინოდის არაერთი წევრი ერთმანეთთან.
“ჩემთვის პეტრე ცაავას განკვეთა მაშინ მიიღებდა ბუნებრივ ხასიათს, თუ სინოდის არაერთი წევრიც მიჰყვებოდა”
პატრიარქი ერთ რამეში ცდება მხოლოდ პეტრესთან, როდესაც ეკლესიის მეთაური ზოგჯერ ბიძა უფრო აღმოჩნდა ხოლმე ან ვინმეს მეგობარი, ვიდრე მეთაური, სხვა შემთხვევაში ეკლესიიდან გარიყულთა შორის მხოლოდ პეტრე არ იქნებოდა.
დაზუსტებით არ ვიცი, რა მოხდება სინოდის სხდომაზე, მაგრამ პატრიარქი რომც გადადგეს და ახალი არჩევნები მის სიცოცხლეშივე ჩატარდეს პატრიარქისა, არც გამიკვირდება, თუმცა, პატრიარქის ხასიათიდან გამომდინარე ეს ნაკლებად შესაძლებლად მოჩანს.
კიდევ უფრო მეტი ტრაგედია ის არის, რომ სინოდში ვერ მოიძებნება ვერცერთი ეპისკოპოსი, ვინც პატრიარქს გაუტოლდება უნარებითაც, ცოდნითაც, მსოფლმხედველობითაც, ძლიერებითაც, სიმკაცრითაც, პოლიტიკური უნარებითაც და ა.შ.
ბევრ ხელისუფლებას სურდა საქართველოში “საკუთარი” პატრიარქი ჰყოლოდა, “ქართული ოცნება” ბოლო 8 წელია ცდილობს ამას, ხან გადაყენების მცდელობით, ხან მისი სიცოცხლის ხარჯზე, ხან დაყოლიების მცდელობით.
დადგა თუ არა ეს დრო და აჯობებენ თუ არა ილია მეორეს ამჯერად, ეს 11 თებერვალს გამოჩნდება.
თუმცა, ამაზე უფრო დიდი ტრაგედია ის არის, ვინც პოტენციურად შეიძლება შეცვალოს ის, მსურველი არაერთია სინოდში, ვინ როგორ “დაალაგა” სიტუაცია სინოდში ხმის მოპოვების მიზნით, ეს კიდევ ცალკე საკითხია, არც ისაა გამორიცხული, ახალი პატრიარქის შემთხვევაში სულად “სიურპრიზი” მივიღოთ ისეთი ეპისკოპოსის სახით, რომელზეც ყველაზე ნაკლებად იყო საუბარი პრეტენდენტების განხილვების დროს საზოგადოებაში”.- წერს გამზარდია.