“ერთიანობის” ლიდერი, გია ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის და მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს “ამორალურს” უწოდებს.
ჯაფარიძე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებისა და კრემლის სპიკერების მიერ გაკეთებულ კომენტარებს შორის ზუსტ მსგავსებას ხედავს და “საჯარო პოლიტიკის” ეთერში აცხადებს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება და პუტინის რუსეთი იდენტურ ნარატივს ავრცელებს.
”მე არ მინდა გავიმეორო ის ამორალური განცხადებები, რაც კობახიძემ და მდინარაძემ თქვეს. შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი, მსოფლიოს არცერთი სახელმწიფოს არცერთ ლიდერს მსგავსი ამორალური განცხადება არ გაუკეთებიათ. გააკეთა მხოლოდ კობახიძემ, მდინარაძემ და რუსებმა. მეტიც, კობახიძემ და მდინარაძემ დაასწრეს რუსეთს. ეს იყო ამორალური განცხადება, რომელიც აჩვენებს “ქართული ოცნების” სახეს. ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება შეუძლიათ. შეუძლიათ, ნებისმიერი რამე აქციონ პროპაგანდის საგნად”, – ამბობს ჯაფარიძე.
საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპზე თავდასხმას ორი ერთმანეთისგან განსხვავებული განცხადებით გამოეხმაურა. ერთი განცხადება ირაკლი კობახიძემ პლატფორმა X-ზე გაავრცელა, სადაც მომხდარი დაგმო და აშშ-ს ექსპრეზიდენტს წარმატება უსურვა.
მოგვიანებით პრემიერმა ფეისბუქზე კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ ტრამპზე თავდასხმა გლობალურმა ომის პარტიამ განახორციელა. კობახიძე ამტკიცებს, რომ “ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა”.