რუსეთში მე-11 კლასის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში, რომელიც რუსეთის ყოფილი კულტურის მინისტრმა, ვლადიმირ მედინსკიმ დაწერა, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონების სიიდან ცნობილი მოჭადრაკე და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გარი კასპაროვი ამოიღეს.
ამის შესახებ რუსული საგამოძიებო ჟურნალი The Insider წერს.
გამოცემის თანახმად, ახალ წიგნში, “1964-1985 წლების იდეოლოგიისა და კულტურის” განყოფილების იმ ნაწილში, რომელიც ჭადრაკს ეძღვნება, მსოფლიო ჩემპიონებს შორის მოხსენიებულნი არიან მიხაილ ბოტვინიკი, ვასილი სმისლოვი, მიხაილ ტალი, ტიგრან პეტროსიანი, ბორის სპასკი და ანატოლი კარპოვი. ის ფაქტი, რომ 1985 წელს მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი გახდა, ნახსენები არ არის.
კასპაროვი წლებია პუტინის რეჟიმს აკრიტიკებს და პოლიტემიგრანტია.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მან და სხვა პოლიტემიგრანტებმა, მიხაილ ხოდოროსვკიმ, სერგეი გურიევმა და დმიტრი გუდკოვმა ომის საწინააღმდეგო კომიტეტი დაარსეს.
2022 წელს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კასპაროვი და ხოდოროვსკი უცხოელი აგენტების სიას დაამატა.
2024 წლის 6 მარტს რუსეთის ფინანსური მონიტორინგის ფედერალურმა სამსახურმა (Росфинмониторинг) კასპაროვი თავისუფალი რუსეთის ფორუმის თანადამაარსებელთან ერთად, ივან ტიუტრინთან ერთად ექსტრემისტებისა და ტერორისტების სიაში შეიყვანა.