ბიძინას ქველმოქმედების ფასი – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

„დამისახელეთ ადამიანი, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს ასეთი ენთუზიაზმითა და ემოციით მიუძღვნის საკუთარ მშობლიურ ქვეყანას. კაცს 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქვეყნისა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაში, ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ყოველდღე მადლობა ეკუთვნის“, – გვითხრა პრემიერმა და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ივანიშვილის ექვთიმეობის ფაბულა.

რა დაგვიჯდა დრუიდის ქველმოქმედება და საერთოდაც – არის თუ არა ეს ქველმოქმედება? მართლა „ფალოსიდან ჩამოხსნა“ საქართველო ბატონმა ბიძინამ ამ სამ მილიარდიანი ქველმოქმედებით, თუ პირიქით, უფრო გაგვაღარიბა, დაგვასუსტა და რუსეთის უკანალში შეგვიძღვა?

ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა – არა ქველმოქმედება, არამედ ჩვეულებრივი პოლიტიკური ინვესტიცია აღმოჩნდა. მან იყიდა ლამის მთელი საპატრიარქოს ლოიალობა; მოისყიდა, დაადუმა და პირი ამოუკერა ინტელიგენციას და დღეს ამ შემოქმედებითი ელიტის სახედ, ფორმითაც და შინაარსითაც, ასეთი ნაცნობი უცნობი აქცია; იყიდა ლამის მთელი ქვეყანა პირდაპირი გაგებით, რადგან გახდა ყველაზე დიდი კერძო მიწათმფლობელი; დაიმონა თითქმის ყველა ინსტიტუტი და მიითვისა სახელმწიფო. საქართველოს განვითარების ტემპი უკიდურესად შეაფერხა, რითაც ქვეყანას მომავალი, მოსახლეობას კი მრავალი ათეული მილიარდის შემოსავალი წაართვა.

მალე 10 წელი შესრულდება, რაც ივანიშვილი საქართველოს ერთპიროვნულად მართავს და შედეგად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი დოლარში ფაქტობრივად უცვლელია; ჩააგდო ანაკლიის პროექტი, რომელიც რუსეთის ჩახურვის გამო საქართველოს უმნიშვნელოვანეს აქტივად იქცეოდა; რკინიგზის მოდერნიზების ნაცვლად, ის წამგებიან საწარმოდ გადააქცია; დღემდე დაუსრულებელია ავტობანი; ქვეყანამ შეწყვიტა რეფორმები, თავად ივანიშვილმა აუწყა დავოსში მსოფლიოს ბიზნეს ელიტას, რომ ყველა მიღწევა მოჩვენებითი იყო და საქართველოში ფულის ჩადება არ ღირდა; ქვეყანა საგრძნობლად დაქვეითდა ბიზნეს რეიტინგებში; რადიკალურად შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები; საქართველო არაერთმა დასავლელმა ინვესტორმა დატოვა; თავად ივანიშვილი გახდა ქვეყნის მთავარი და ლამის ერთადერთი პანამელი ინვესტორი, ეს ქვეყანა – მისი საბალახო, ბიუჯეტი კი მისი მსახურების სახრავი. ყველაზე მოზომილი პროგნოზითაც კი, დანაკარგი არაერთ ათეულ მილიარდ ლარს აღემატება და ეს საქართველოს მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოღებული, ან ვერ გამომუშავებული ფულია.

როგორც თავად იტყოდა, ეს იყო ოპერაცია – ჰეჯირება, რომლის მიზანი სხვა არაფერი გახლდათ, თუ არა რისკების მაქსიმალურად დაზღვევა და საკუთარი ოჯახისა და კაპიტალისთვის უსაფრთხო სივრცის მოწყობა. ისეთის, სადაც მთელი ქვეყანა მისი მძევალია, მისი ქველმოქმედებისა და ინვესტიციების მძევალი. დღეს რომ ის რუსეთში ყოფილიყო, გარდა იმისა, რომ კაპიტალი გაუუფასურდებოდა, დიდი ალბათობით, ფულსა და აქტივებს დაუყადაღებდნენ, მსოფლიოს დედაქალაქებში მიმოფანტულ მის 25 თუ 30 სახლსა და სასახლეში უკრაინელი ლტოლვილები იქნებოდნენ შესახლებული. აქ კი, საკუთარ სამფლობელოში, საქართველოს მთავრობა, ანუ მისი მსახურების ერთობა მზადაა, ქვეყნის მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენოს, ამერიკა და ევროკავშირი მტრებად გამოაცხადოს, მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილი არ დაასანქცირონ; დღეს საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყება თუ ინსტიტუტი მილიარდერის აქტივების სადარაჯოზე დგას. და მეტიც, მზადაა ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს, რომ ბიძინას ფინანსებს არავინ შეეხოს.

ცალკე საკითხია ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია. საქართველო, თვალსა და ხელს შუა, ახლა უკვე შესამჩნევად ცვლის გეზს და კარგავს პერსპექტივას. თუ მანამდე ჩვენი ქვეყანა რეგიონში ლიდერი სახელმწიფო იყო, დღეს ის უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სამეულში აშკარა აუთსაიდერია და სტრატეგიული საერთაშორისო ფორმატებიდან საერთოდ ამოვარდნილი. ჩვენ აღარ გვეპატიჟებიან არც ნატოს არაფორმალურ მინისტერიალზე და არც დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, სადაც უკრაინა და მოლდოვა ღირსეულად არიან წარმოდგენილი. და რაც ყველაზე უარესია, რუსეთ-უკრაინის ომში, ანუ ცივილიზაციურ არჩევანში, საქართველოს მთავრობა ისტორიის არასწორ მხარეს დგას და რუსეთს გულშემატკივრობს.

ქველმოქმედება გაგვიგია, როცა “ქვაზე დადებ, გაივლი და წინ დაგხვდება”, მაგრამ ბიძინამ ქვაზე კი არ დადო, გაიარა და დაელოდა შედეგს მომავალი თაობისთვის – ჯიბეში ჩაიდო. შემდეგ კი აიღო და სულ თავში გვირტყა! ყოველ დღე მადლობის გადახდისკენ საყოველთაო ბრძანება-მოწოდებებიც სხვა არაფერია, თუ არა სარფიანი ქველმოქმედებისთვის ამორტყმული ანგარიშის ჩეკი!

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share