გაითვალისწინეთ, რომ სხვა დაავადებები არ გამქრალა. თუ ჰოსპიტლებში ადგილები არ იქნება, ადამიანები ინფარქტით, ინსულტით და სხვა დაავადებებით სახლებში დაიღუპებიან – აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და სთხოვს დაიცვან წესები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ დამძიმდეს ეპიდვითარება და საავადმყოფოები სრულად არ ჩაიკეტოს.
“დღის სტუმარში” საუბრისას ნანა გეგეჭკორი ამბობს, რომ პანდემიის აფეთქების საწყის ეტაპზე აშშ-ში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა მოიმატა, რადგან კოვიდინფიცირებულების გამო კლინიკებში ადგილები აღარ იყო და ადამიანები ინსულტითა და ინფარქტით, სახლებში იღუპებოდნენ.
“ძალიან გთხოვთ ყველას, თუ რაიმეს ნიშნავს ჩემი სიტყვა ვინმესთვის, ძალიან მარტივი დასაცავია ეს. ატარეთ ნიღაბი, ის მართლა იცავს, თქვენგან იცავს სხვას. შეიძლება თქვენ არ დაგიცვათ სრულად ინფიცირებისგან, მაგრამ თქვენ თუ ხართ ინფიცირებული, იცავს სხვებს, რომ თქვენ მიერ გავრცელებული წვეთები მათ ორგანიზმში არ მოხვდეს. დაიბანეთ ხელები, ატარეთ ე.წ. სანიტაიზერები, ნუ იქნებით ერთმანეთთან კონტაქტში, ტელეფონით ესაუბრეთ ერთმანეთს, შორიდან ისაუბრეთ, ღია სივრცეებში შეხვდით ერთმანეთს. ოჯახში მოერიდეთ ერთმანეთთან კონტაქტს, რომ როგორღაც დავასრულოთ ეს პანდემია” – ამბობს ნანა გეგეჭკორი “დღის სტუმრის” ეთერში.
წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი თქმით, დაგდება ქვეყნის სრულად ჩაკეტვის აუცილებლობა, რადგან სხვანაირად ვირუსის აფეთქების შეკავება გაჭირდება.