„ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება წყალში აღმოჩნდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც ახლა შავი ზღვის სანაპიროზე შენდება“,- ამის შესახებ „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ რადიო „პალიტრას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში უკვე შეინიშნება ზღვის წყლის დონის მატება და ეს საფრთხე საქართველოშიც არსებობს.
„უკვე დაფიქსირებულია მსოფლიოში ზღვის დონის მატება და 2050 წლისთვის შეიძლება 50მ-ით მოიმატოს. ჩვენ ვთვლით, რომ ინფრასტრუქტურა, რომელიც დღეს საქართველოში შენდება, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება აღმოჩნდეს წყალში. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვეყრდნობით იმ ზომებს, რასაც ჰქვია სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვა და არ არის ამის შესახებ კანონი მიღებული, თუმცა, ოდესღაც იყო გამზადებული ეს კანონპროექტი.
ვფიქრობ, რომ ტერიტორიები შეიძლება დაიტბოროს, ისე, როგორც ფოთის ნაწილი დაიტბორა. ფოთის 60-იანი წლების ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე წყალშია მოხვედრილი. როცა ჩვენ მაღალსართულიან შენობებს ვაშენებთ და ასეთ დატვირთვას ვაძლევთ სანაპირო ზონას და მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ეს ტურიზმს განავითარებს, ამით შეიძლება საფრთხე შევუქმნათ სანაპიროს. არ გვაქვს საზღვაო სტრატეგია“, – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.