რა შედეგებამდე მიჰყავს TikTok-ზე განთავსებულ ვიდეოებს მოზარდები

TikTok-ი – სოციალური ქსელი, რომლის მომხმარებელთა ძირითად ნაწილსაც მოზარდები შეადგენენ. ეს არის აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს 15 წამიანი ვიდეოს გადაღებისა და მასზე სასურველი სიმღერის, მუსიკისა თუ დიალოგის სინქრონიზების შესაძლებლობას აძლევს.

TikTok-ი გასართობი პლატფორმაა, თუმცა ამ ონლაინ სივრცეში არსებობს უამრავი უხილავი საფრთხე, რომლის წინაშეც შესაძლოა მოზარდი დადგეს.

სოციალურ ქსელში ხშირია კიბერბულინგი და სიძულვილის ენა, რომელიც მოზარდების ფსიქიკაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

ფსიქოთერაპევტები თვლიან, რომ მოზარდებში ეს 21-საუკინის ახალი გამოწვევაა, რომელიც საკმაოდ მძიმე შედეგებს იძლევა.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი ნია ჭინჭარაული “რუსთავი 2-თან” TikTok-ზე საუბრობს, სოციალურ ქსელზე, რომელმაც შესაძლოა მოზარდი პიროვნულ აშლილობამდე და სხვა ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს.

“”ტიკტოკის” თემა მე, როგორც თერაპევტს ძალიან მაშინებს, რადგან 10-დან 8 მოზარდს ძალიან დიდი დოზით აქვს “ტიკტოკი” შემოყვანილი.

სწორედ ამ სოციალური ქსელიდან აქვთ შექმნილი თვითშეფასება, სტანდარტები, რომელიც “ტიკტოკზე” არსებობს, ამაზე ამახვილებენ ყურადღებას. თუ ამ სტანდარტებს ვინმე არ შეესაბამება, იწყება ბულინგი და ემპათია საერთოდ უქრებათ. ამ სტანდარტებით აფასებენ ერთმანეთს და ამას ძალიან მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

მე სეანსების პროცესში ამას ბავშვებისგან უფრო ხშირად ვისმენ ვიდრე მშობლებისგან, რადგან მათ არ აქვთ წვდომა და ინფორმაცია, რას აკეთებენ თავიანთი შვილები.

გაცილებით აქტიურია 10-12 წლის ბავშვებში ეს ბულინგი და აქედან გამოწვეული სტრესი, რადგან ეს არის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი.

ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც გავლენის მოხდენა ძალიან მარტივია და ასეთ დროს კარგავენ საკუთარ თავს და ხელმძღვანელობენ სტანდარტებით, რომელსაც აწვდის ეს “ტიკტოკი”,” – აღნიშნა ფსიქოთერაპევტმა.

როგორ მოქმედებს მოზარდის ფსიქიკაზე სიძულვილის ენა და კიბერბულინგი?

“არიან ბავშვები, ვისზეც ეს სიძულვილის ენა ნაკლებად მოქმედებს, მაგრამ უმეტესად სავალალო შედეგებამდე მივყავართ ამ სოციალურ სივრცეს.

ძალიან ხშირია, როდესაც ამით ვითარდება პიროვნული აშლილობები, შფოთვითი აშლილობა, რის შემდეგადაც სჭირდებათ ფსიქიატრის ჩარევა და შემდეგ ანტიდეპრესანტები.

თუ მოზარდი მოწყვლადი ფსიქიკისაა, შესაძლოა სუიციდამდეც კი მივიდეს.

ეს ის ასაკია, როდესაც საკუთარი თავის აღქმა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და ამას მივყავართ ფატალურ შედეგებამდე. ყველაფერი მათთვის, ყველა სიტყვა გაცილებით უფრო მძაფრი და მტკივნეულია.

არ მინდა ვიყო ძალიან რადიკალური, მოზარდი ისედაც ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ტიკ-ტოკის გარეშეც ძალიან უჭირთ მოზარდებს. ეს არის სათუთი ასაკი, სადაც თუ არ არის მშობლის მხარდაჭერა და მხოლოდ გარედან იღებს ემოციებს და ეს ემოციები ცუდია, შეიძლება მძიმე შედეგები დადგეს,” – აღნიშნა ნია ჭინჭარაულმა.

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ  უპირველეს ყოვლისა აუცილებელია, მშობლები საქმის კურსში იყვნენ და იცოდნენ, რით არის მოზარდი დაკავებული და რამდენად ჯანსაღად ატარებს დროს სოციალურ ქსელში.

ხშირია შემთხვევები, როდესაც მოზარდებს უცხო პირთა გავლენით ინტიმური ფოტოები გაუგზავნიათ და ეს მათი დაშინების, შანტაჟის მიზეზი გამხდარა, რაც უკეთეს შემთხვევაში, მოზარდის ფსიქიკას საგრძნობლად აზიანებს.

TikTok-ი 2017 წელს ჩინეთში შეიქმნა და მას შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის, საქართველოშიც, უამრავი მომხმარებელი ჰყავს.

2018 წელს “ტიკტოკი” იმ მობილურ აპლიკაციებს შორის მოხვდა, რომლებიც ყველაზე მეტჯერ გადმოწერეს, სულ 45,8 მილიონმა ადამიანმა. ბოლო მონაცემებით “ტიკტოკს” 800 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

TikTok-ში ატვირთული ვიდეოების გაზიარება შესაძლებელია სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის, “ფეისბუქსა” და “ინსტაგრამზე”.

https://rustavi2.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share