ვინ არის „გლობალური ომის პარტია“? ვიღაცები ბნელ ოთახში სხედან, სახე არ უჩანთ და მსოფლიოს მართავენ, ეს ლოგიკურია? – ტუღუში

”წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ ვჩანვართ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, რომ ავირჩიეთ ეს ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ?!, – ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ ეთერში  „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული განცხადებების თაობაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, უბედურებაა, როცა ამას რიგითი პოლიტიკოსი ამბობს და კიდევ უფრო ცუდ დღეშია ქვეყანა, თუ ამ შეთქმულების თეორიაზე თავად მმართველი საუბრობს.

„მოდი, შევხედოთ, როგორი ტიპის ფორმულირებაა ეს ე.წ. გლობალური ომის პარტია და შეთქმულება, მათი შეხედულებიდან გამომდინარე – ეს არ არის ამერიკის მთავრობა, არც ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის მთავრობა, ანუ, ყველაზე გავლენიანი ვინც არის დასავლეთში, ისინი არ არიან, აბა ვინ არიან? ვიღაცები არიან ბნელ ოთახში, სახე არ უჩანთ და მართავენ მთელს მსოფლიოს – ეს ახლა ლოგიკურია? რას ამბობენ, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც სახელმწიფო არ არის? სერიოზულ საზოგადოებაში ეს რომ ვინმემ თქვას, დასცინებენ, როცა ამას რიგითი პოლიტიკოსი ამბობს – უბედურებაა და როცა მმართველი ამბობს და თან ამის სჯერა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა. მართლა უხერხულ სიტუაციაში ვართ და ყველა გვიყურებს ახლა, ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ როგორ ვჩანვართ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, რომ ავირჩიეთ ეს ადამიანები, რომლებიც ასე მსჯელობენ?!

ამათმა იციან თურმე, ვინ ესროლა დონალდ ტრამპს და რობერტ ფიცოს, ყოჩაღ, ყველაფერი სცოდნიათ, სად რა ხდება. თუ ასეთი მაგრები არიან და ასეთი სპეცსამსახურები ჰყავთ, რომ ამერიკამ არ იცის ვინ ესროლა ტრამპს, ვინ დგას ამის უკან და ამათმა იციან, დროის მანქანაც ხომ არ ჰყავთ?!“ – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

კითხვაზე, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას ამ არჩევნებზე, ტუღუშმა თქვა, რომ საჭირო ცვლილებები, რათა ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, სხვაგვარად, საქართველოს პერსპექტივა არ აქვს.

„ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. ეს ცვლილებები პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს შანსზე, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ჩვენ თუ ასე დავტოვეთ, რაც არის, მაშინ, უნდა გადავხაზოთ საქართველოს მომავალი. ყველასთვის მიუღებელია ის ნაბიჯები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა ამ კანონებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არ არის სათამაშო, რომ გადავტვირთოთ, თითქოს მერე ევროკავშირი და ამერიკა შეცვლის პოზიციას“, – განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share