„ივანიშვილის მკვლელობა გათამაშებული სცენაა” – იგორ კვესელავა

„შესაძლოა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობა განახორციელონ იმ ძალიდან, რომელშიც თვითონ არის. გამორიცხული არც ისაა, ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ამით დაინტერესებულები იყვნენ”, – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა „ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობაზე დაწყებულ გამოძიებას.

„ბიძინა ივანიშვილის მკვლელობა ვის უნდა აწყობდეს? ან რატომ? ერთი მხრივ, ფიქრობენ, რომ ის წყვეტს ყველაფერს და მას ხალხის გარკვეული ნაწილი ენდობა. შეიძლება არ უნდა ვთქვათ, მაგრამ თუ ბიძინა ფიზიკურად არ იქნება, ხმების დიდი ნაწილი დაიკარგება, რადგან ზოგიერთი ბიძინას გამო აძლევს „ოცნებას” ხმას.

ეს შეიძლება განახორციელოს იმ ძალამ, რომელშიც თვითონ ივანიშვილია, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მოკლან და მოიშორონ, არამედ არჩევნების წინ მეტი ხმა მიიღონ. ასეთი რაღაცები გასაიდუმლოებულია და ამას უფრო ღრმა გამოძიება სჭირდება. თუ ვიღაც ცდილობს მის მოკვლას, მაშინ გამოაშკარაონ და დასაჯონ.

გამორიცხული არაა ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ამით დაინტერესებულები იყვნენ. ბიძინა, ასე თუ ისე, მაინც წარმოადგენს იმ ადამიანს, რომელიც მათი მოწინააღმდეგეა. ქართული ამომრჩევლის 8-10% „ოცნების” რესურსია, რომელიც უკვე აქვს და ეს სახელმწიფო სტრუქტურებიდან შემოსული ხმებია. მეორე რესური ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც შეუძლია 7-8%-ის მიღება და შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში10%-მდეც ავიდეს. ივანიშვილი თავისი პარტიისთვის გმირია, მაგრამ არა საქართველოსთვის. მე მგონია, რომ ეს არის გათამაშებული სცენა, რომელიც ერთ მხარესაც სჭირდება და მეორესაც.

ივანიშვილის საქართველოში მოსვლა ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალებას მშვიდობიანი გზით. თუ ხელისუფლება შეიცვლება ეს მშვიდობიანი გზით გადატრიალება იქნება თუ ძალაუფლების წართმევა? ფაქტია, რომ მათ ვერ მართეს ქვეყანა.

„რ”: თქვენი აზრით, იქნება თუ არა ივანიშვილი და პრეზიდენტობის კანდიდატი?

ი.კ: ასეთ ინფორმაციებს ყველა ავრცელებს, ეს შეუძლია გააკეთოს თვითონ „ოცნებამ” და ასევე ოპოზიციამაც, რადგან საზოგადოებრივი აზრი გაიგონ, თუ რას ფიქრობენ ამ საკითხზე. ამ ეტაპზე, როდესაც არჩევნების წინა პერიოდი გვაქვს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება ამას წინასაარჩევნო ტექნოლოებისთვის აქვს მნიშვნელობა ან პიარისთვის და ამას უფრო ოპოზიცია კი არა, ხელისუფლება აკეთებდეს, რადგან ხალხი დაარწმუნოს იმაში. ეს უფრო „ოცნების” ტექნოლოგიაა.

აქ მეორე მხარეცაა – „ოცნების” მოწინააღმდეგეები, შესაძლოა ისინიც ავრცელებდნენ ასეთ ინფორმაციებს საზოგადოების აზრის გასაგებად. ამ საზოგადოებრივი აზრიდან მეც ჩემ მოსაზრებას გამოვთქვავ, გულახდილად რომ ვთქვა, საქართველოში მთავარი საკითხია ის, თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები და მისი მიმართულება.

ჩემი აზრით, თუ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატობას მოინდომებს, გამორიცხული არცაა, რომ მას ამის სურვილი ჰქონდეს, რადგან ეს ფაქტობრივად იმუნიტეტიცა. „ოცნებასაც” ეს სჭირდება. ასე რომ, ეს მისი პიროვნული და ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაც არის, რომ იმუნიტეტი ჰქონდეს და ეს მას დაიცავს.

ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის ასეთი მტრული დამოკიდებულება ისეთია, რომ ფაქტობრივად მსგავსი რამ არსად არაა. ეს მიუღებელია და დიდი სირცხვილია. ასეთი დამოკიდებულებით ვართ პრეზიდენტთან და ჩვენ გვინდა რამის მიღწევა? არასწორია ასეთი მიდგომა და ბევრ შემთხვევაში არა ქართულიც კი. ყველაფერს თავი დავანებოთ და ისეთ სიტყვებით მიმართავენ-ხოლმე, რომ წესით ქალს არ უნდა აკადრებდნენ. უშეცდომო ხელისუფლებაში და პარლამენტში არავინაა, მაგრამ გააჩნია როგორი ხასიათისაა ეს.

ყველაფერს დრო გვიჩვენებს. „ოცნების” მხრიდან ეს ნიადაგის მოსინჯვაა, ბოლოს და ბოლოს გამოვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი იმ დარბაზიდან, სადაც ჩაკეტილია, გახდება პრეზიდენტი და პასუხისმგებელიც ის იქნება. ახლა ის არაა, მაგრამ მაინც ყველაფერს მას ეკითხებიან. იცით, რატომ წყვეტს ყველაფერს ის? მან უფრო მეტი იცის, ვიდრე „ოცნებამ” ერთად აღებულმა: პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ და სხვა თვალსაზრისებით,

„რ”: ოპოზიციური ცენტრების ჩამოყალიბებისა და „ოცნების” „ხალხის ძალასთან” გაერთიანების ფონზე რა მოლოდინები უნდა გვქონდეს არჩევნებზე?

ი.კ: პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება სწორია. საქართველოში დაახლოებით 250 პარტია იყო და ახლა 100-მდე რეგისტრირებული მაინც დარჩა. რაც უფრო ბევრი წვრილი პარტიაა, ეს ხელისუფლებას აწყობს. ახლა ოპოზიციამ ისწავლა სწორად როგორ უნდა მოიქცეს და გაერთიანდენენ. ჩამოყალიბდა სამი ცენტრი და არა 10 და 20, როგორც ადრე იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება” 60%-ს ვერც ერთ ვარიანტში ვერ აიღებს, რადგან ამერიკასა და ევროპასთან პოლიტიკური ურთიერთობა გაუარესდება.

როგორ ხდება, რომ მსოფლიო ლიდერები გამოდიან, განცხადებებს აკეთებენ, ეს არაფერს წარმოადგენს და პრემიერი არის სულ მართალი? ეს პოლიტიკის არცოდნაა. საერთაშორისო ურთიერთობების გარეშე ჩვენ ნაბიჯს ვერსად გადავდგამთ.

„რ”: ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპს აქვს შანსი თუ კამალა ჰარისს და როგორ აისახება საქართველოზე?

ი.კ: მაშინ, როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა მე საქართველოდან ერთადერთი ვიყავი, რომელმაც მას მილოცვა გაუგზავნა და მადლობაც მივიღე. ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მის გუნდათან გაგრძელდა და მე ფაქტობრივად საზოგადოებრივი მრჩეველი გავხდი. ჩვენ ერთმანეთს მასალებს, მოსაზრებებს ვუგზავნიდით. მათ გამომიგზავნეს ტრამპის პროგრამები და ამის შესახებ აზრს მეკითხებოდნენ.

ჩემი აზრით, ამერიკელები ტრამპს აირჩევენ მიუხედავად მისი ასაკისა. თუ კამალა ჰარისმა გაიმარჯვა, ეს საქართველოზე კარგად არ აისახება, ტრამპის შემთხვევაში კი, ეს განსაკუთრებით დადებითად არ იმოქმედებს. ყველაფერი ტყუილია, თითქოს ტრამპი მოვა და საქართველოს მოეფერება. ეს არარელისტურია. მას ბათუმში სააკაშვილთან ერთად ცათამბრჯენები უნდა აეშენებინა, მაგრამ როცა ხელისუფლებაში მოდიხარ ეს უკვე სულ სხვაა და განსხვავებულად იქცევი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share