“შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები, ვაჩერებთ მთავრობის ფინანსურ დახმარებას… ვითარების გაუარესების შემთხვევაში განიხილება დამატებითი ზომები”, – ამის შესახებ ქართველი ემიგრანტებისთვის ევროკავშირის ბრიუსელის ოფისის მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილშია საუბარი.
ემიგრანტებმა მადრიდის ოფისის მეშეობით ევროკავშირის ბრიუსელის წარმომადგენლობას ივლისის დასაწყისში მიმართეს და ოლიგარქი ივანიშვილის, მოძალადე პოლიციელებისა და დეპუტატების დასანქცირება სთხოვეს.
გთავაზობთ ქართველი ემიგრანტებისთვის ევროკავშირის ოფისიდან გაგზავნილ წერილს:
“…ევროკავშირი დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს, მათ შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო მიღებას. როგორც ევროკავშირის ლიდერებმა 2024 წლის ივნისის ევროსაბჭოს დასკვნებზე განაცხადეს, დღევანდელი დემოკრატიული უკანდახევა საქართველოს გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას იწვევს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყდეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი აქტები. ევროკავშირი ასევე რჩება ღრმად შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციით.
ამ კონტექსტში მოგვმართეს კონკრეტული ზომებით რეაგირებაზე. შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ ევროპის სამშვიდობო ფონდის მხარდაჭერა. ჩვენ ვაჩერებთ მთავრობის ფინანსურ დახმარებას და განვიხილავთ ჩვენი დახმარების დანარჩენ პორტფელს. პარალელურად, ევროკავშირი უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუდმივ მხარდაჭერას, დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ და საარჩევნო პროცესის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში ვითარების მონიტორინგს და შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება დამატებითი ზომები.
ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან დგომას და მხარეს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას დემოკრატიის და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ”, – ნათქვამია წერილში.