ამერიკული გამოცემის, New York Times-ის ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალ ხამენეიმ ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიას მკვლელობის შემდეგ ისრაელზე შურისძიების ბრძანება გასცა.
ამ ფაქტის შესახებ, ამერიკულ გამოცემას ირანის სამმა ოფიციალურმა პირმა [მათ შორის, ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ორმა წარმომადგენელმა] მიაწოდა ინფორმაცია.
გამოცემის ცნობით, ხამენეიმ ბრძანება ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს საგანგებო სხდომაზე, 31 ივლისის ოთხშაბათ დილას გასცა – მას შემდეგ, რაც ირანმა გამოაცხადა, რომ ისმაილ ჰანია თეირანში მოკლეს.
ჰანია 31 ივლისის გამთენიისას თეირანში სარაკეტო იერიშის შედეგად მოკვდა – ის გასულ დღეს ირანის ახალი პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.
ვარაუდების მიხედვით, იერიში ისრაელმა მიიტანა, თუმცა იერუსალიმს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. გასულ დღეს ისრაელმა ლიბანში, ბეირუთში ჰეზბოლას ერთ-ერთ უმაღლეს ლიდერზეც, ფუად შუქრიზე მიიტანა იერიში.