დღეიდან გამჭვირვალობის კანონი ამოქმედდა

არაერთი საერთაშორისო მოწოდებებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ”ქართული ოცნების” მიერ მიღებული გამჭვირვალობის კანონი 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა.

კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.

დღეიდან რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ კანონი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფადაა.

კანონით გათვალისწინებულია, რომ “უცხოური ძალის გამტარ ორგანიზაციად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ინფორმაციის წარუდგენლობისთვის ყველა პირი, მათ შორის ფიზიკური პირი 5000 ლარით დააჯარიმოს. ფიზიკური პირი შეიძლება მათ შორის საიდუმლო ინფორმაციის არმიწოდებისთვის დაჯარიმდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ოცნების მიერ რეგისტრირებულ “აგენტების” ბაზაში არ დარეგისტრირდებიან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share