საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ სიცრუეა, რომ მან MRT კვლევაზე უარი თქვა. მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას 3 Tesla კლასის MRT აპარატი სჭირდებოდა, რესპუბლიკურ საავადმყოფოს კი მხოლოდ 1,5 Tesla გააჩნია.
“პენიტენციური სამსახური ცრუობს, როცა წერს, რომ MRT კვლევაზე უარი ვთქვი. საქმე იმაშია, რომ მე მჭირდება 3 Tesla კლასის MRT აპარატი და რესპუბლიკურს მხოლოდ 1,5 Tesla გააჩნია, თანაც 3 Tesla აპარატს სჭირდება სპეციალური პროგრამა, რაც საქართველოში მხოლოდ ერთ კლინიკას აქვს. ამიტომ, რაც შემომთავაზეს, ეგ იყო ბლეფი და როგორც ყოველთვის ცრუობენ”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე გუშინ განაცხადა, რომ 13 მარტს ის კლინიკაში რეკომენდირებული გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვნეს. უწყება ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა.