ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება და სოციალუ ქსელში წერს: “სამშობლო თუ სახელმწიფო – ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს…
ბოლო დროს დიდი დისკუსიაა გამართული სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს ყველას – მასში ჩართულ თუ ნეიტრალურ პირებს, შედეგად – საქართველოს. ასეთ ვითარებაში ახალი საზღვრის გავლება სამშობლოსა და სახელმწიფოს შორს მეტად სახიფათოდ და შემაშფოთებლად მიმაჩნია საქართველოს მომავლისთვის.
ვის სჭირდება საზღვარი იქ, სადაც არ უნდა იყოს?..
დიახ, სამშობლო კონტინიუმია – სულია, დროისა და სივრცის ერთობლიობაა. სახელმწიფო სხეულია, რომელიც ამ სულს ატარებს. თუ სახელმწიფო ავადაა, სული იტანჯება – იკარგება ტერიტორიები, იჩაგრებიან ადამიანები, საბოლოდ კი, სხეული კვდება. როგორც ადამიანი ზრუნავს საკუთარ სხეულზე, ისეა საჭირო ყოველდღიური ზრუნვა სახელმწიფოზე, რათა არც სული დაიტანჯოს და უფრო მეტიც, კონტინიუმმა იარსებოს. სხვაგვარად ჩვენ უმარავი სახელმწიფო და ერი ვიცით, რომლებიც ფიზიკურად არ არსებობენ. ან მათ ადგილას საერთოდ სხვები ბინადრობენ. რამდენი არ ვიცით, ეგ ცალკე საკითხად…
და თუნდაც ამიტომ ზღვარის გავლება სამშობლოსა და სახელმწიფოს შორის ერთის ტანჯვას და მეორეს ავადობას, ან ორივეს მოსპობას იწვევს.
მე სახელმწიფო ჩემი სამშობლოს დასაცავად მინდა.
მე სახელმწიფო ჩემი იდენტობის – ეროვნულობის, მისი კულტურის, ისტორიის, ტრადიციების დაცვისა და განვითარებისთვის მჭირდება.
მე სახელმწიფო სამშობლოსადმი პატივისცემით განმსჭვალული, პატრიოტი მოსახლეობის დასაფასებლად მინდა.
—–
ნამდვილად არ შევიდოდი პოლემიკაში – სამშობლო თუ სახელმწიფო, ამაზე სულ რამდენიმე დღის წინ რომ არ მიმეძღვნა პოსტი და ამ თემაზე ხშირად არ ვწერდე. მესმის, მე ვერ ვიქნებოდი ნიკა გვარამიასთვის ინპირაციის წყარო ამ თემაზე დისკუსიის დასაწყებად, თან ცოტაზე მეტად გაუგებარია პოლემიკაში „ჩემი“ პრივილეგიითა და „ჩემი“ აუდიტორიით პოზიციონირება, რადგან ჯანსაღ პოლემიკას თანაბარი პირობები, სივრცე სჭირდება და ამანაც გამაკვირვა გონიერი ადამიანისგან.
შეძლებოდა, იმიტომაც შემეკავებინა თავი, რომ ეს თითქოს ჩემი ომი არ იყო და რატომ უნდა გამეხადა „ჩემი ბრძოლა“, რომ არა თუნდაც იმ იდეის ნახევარფაბრიკატად (მაპატიეთ გასტრონომიული ტერმისთვის) მოწოდება, რომელმაც ნახევარფაბრიკატობა ჯერ კიდევ მაშინ დაასრულა, როდესაც ეთნიკური ჯგუფების ერთობით ერი ჩამოყალიბდა და საკუთარი ტერიტორიაც მიიზომა. სწორედ ერად ჩამოყალიბების შემდეგ ხდება უმთავრესი მისია სახელმწიფოს შექმნა – ადამიანთა ურთიერთობის და მეზობელ ერებთან – ტერიტორიებთან (ქვეყნებთან) ურთიერთობის წესების განსაზღვრა.
ბარემ, აქაც გავიმეორებ – ქვეყანა, სამშობლო არის ემოცია, განცდა, ანუ გრძნობა. „ქვეყანას (სამშობლოს) გრძნობა ყოფნის – გიყვარს და შენია. სულაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ბატონობს ან როგორ პატრონობს – ქვეყანაა თუნდაც მისი მიწის, რომელიც ამავდროულად შენიცაა – ეზო-კარის თუ წინაპართა საფლავის სახით. ქვეყანაა მოცემულობა, რომელიც თან გეამაყება და თან უბრაზდები ხოლმე. ქვეყანა, რომელსაც თუ უკეთესი შანსი გექნა, მიატოვებ, მაგრამ მაინც შენი იქნება – სწორედ განცდების საფუძველზე. ქვეყანა მუდამ ითხოვს – სიყვარულს, თავგანწირვას. გაძლევს თავგანწირულთა მითების, სიცოცხლეში ერთ მუჭა მიწას და შესაძლოა, სიკვდილის შემდეგ სამშობლოში საფლავიც არ გეღირსოს – ქეთევანის, სოლომონის, გურამიშვილის, ბაგრატიონებისა თუ ასი ათასობით ქართველის დარად.
სახელმწიფო აზრი და იდეაა. სახელმწიფო შანსი და პერსპექტივაა. სახელმწიფოს არ სჭირდება ყალბი პათეტიკა, რადგან მას ღირსების მაღალი სტანდარტი აქვს, საკუთრივ თავისთვის და მისი მოქალაქეებისთვის. სახელმწიფო ითხოვს აზრს, იდეას და სანაცვლოდ უზრუნველყოფს შენს პიროვნულ, მატერიალურ, სოციალურ სტატუსს. შენი აზრებისა და იდეების საფუძველზე გიცავს შენ ყველგან და ყოველთვის – სახლშიც და მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. სახელმწიფო – შენი აზრებისა და იდეების საფუძველზე – იმ ქვეყანას (სამშობლოს), რომელზეც განცდებით ხარ მიბმული, განადიდებს წარსულის სახით, ასევე, აჩენს უკეთესი მომავლის ღრმა და შეუქცევად რწმენას. სახელმწიფო გაფასებს!
ვიღაც იკითხავს, სადაა ასეთი სახელმწიფო, ანუ ასეთი საქართველო? არ არის! იცით, რატომ? ჩვენ განცდებს ვერ გავცდით. ის, რასაც სახელმწიფოს ვეძახით, ბუტაფორიაა – პოტიომკინის სოფელი. ჩვენ გვირჩევნია, სხვამ იაზროვნოს, სხვას ჰქონდეს იდეები (ფულიც – ეს განსაკუთრებით) და გვაცხოვროს. ხშირად მომისმენია – ამისთვის ვქირაობთ მთავრობასო. აქაც თავს ვიტყუებთ. ჩვენ არასოდეს გაგვიკეთებია არჩევანი იდეისა და აზრის სასარგებლოდ, 1990 წლის 28 ოქტომბრის გარდა და მაშინაც უმეტესობისთვის განმსაზღვრელი მოტივაცია გამარჯვება-დამოუკიდებლობა კი არა, კომუნისტური რეჟიმის დამარცხება, ან უარეს შემთხვევაში და მეტწილად რაიკომის მდივნობა იყო. არჩევნების შემდეგ უამრავი პირველი მდივანი კაბინეტიდან არ გამოდიოდა, ხოლო როცა გამოვიდნენ, სხვები ვერ არკვევდნენ – ახლა ვინ უნდა ყოფილიყო პირველი კაცი. არსებობის მცდარ წარმოდგენებზე – „ბორჯომი და ჩაი გვარჩენს“ არაფერს ვამბობ. ჩვენ გადავეჩვიეთ გამარჯვებას, ჩვენ მუდამ ვიღაცის დამარცხება გვსურს და ესეც „ქვეყნის და მისი მოსახლეობის“ სინდრომია. სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების მოტივაცია კი ყოველთვის გამარჯვებაა.
აზრი და იდეა, იდეა და აზრია მთავარი და არა – განცდა, რომელიც შენთან ერთად კვდება. აზრი და იდეა – შენი გარდაცვალების შემდეგაც ცოცხალია. ამის გააზრებაც გვიჭირს და ამიტომაც მედია – აკადემიური თუ ყვითელი გადავსებულია მავანთა განცდების გადმოცემით, ტირაჟირებით. განცდა ვერასოდეს იმარჯვებს და ხშირად ყალბია. ასე რომ, თუ გვინდა გავიმარჯვოთ, ერთი რამ უნდა გავიაზროთ სწორად – ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო და არა – ქვეყანა. ქვეყანა 3 ათას წელზე მეტია გვაქვს. ის სიდიადე კი, რაზეც ვბაქიბუქობთ ისტორიულ კონტექსტში, სწორედ იმ სხვადასხვა პერიოდის კუთვნილებაა, როდესაც ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფოები არსებობდნენ.
და კიდევ – საქართველო არ არის ქრისტიანობის მონაპოვარი. ჩვენ 20 საუკუნის მიღმა უფრო დიდი და სახელოვანი ისტორია გვაქვს, რომელიც სამწუხაროდ, არ ვიცით. ისტორია სახელმწიფოსი, სადაც აზრი და იდეა იყო მთავარი!“ – ეს ის პოსტია, მცირედ რედაქტირებული, რომელზედაც ვსაუბრობდი.
აქვე განვმარტოთ, რა აყალიბებს ქვეყანას, სამშობლოს სახელმწიფოდ? მისი გამორჩეული (!) შვილების სურვილი, გახადოს ის უკეთესი. დიახ, ის – სამშობლო უკეთსი.
სახელმწიფო ინსტრუმენტია, პირველ რიგში, ინსტრუმენტი, რომელსაც სამშობლოს ხან კარგი და ხან ცუდი შვილები აყალიბებენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო ტოვებს საკუთარ კვალს სამშობლოს შემდგომი განვითარების საქმეში. კვალს – რა იყო კარგი და კვალს – რა იყო ცუდი.
ვინ-ვინ და, ნიკა გვარამიამ მშვენივრად იცის დისკურსი სამშობლოზე და მის პრიორიტეტულობაზე საკმაოდ სახიფათო თამაშია და მას არანაირი კავშირი პატრიოტიზმსა და პრაგმატიზმთან არ აქვს. სწორედ ამიტომ იყო გასაკვირი მისი მონოლოგი, სამწუხაროდ, ერთ-ერთი ყველაზე სუსტი, რაც მომისმენია.
—
სხვა თუ არაფერი, რუსებსაც უყვართ ჩვენი სამშობლო – საქართველო, მაგრამ სძულთ ქართული სახლმწიფო და ეს კარგად უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც რუსეთის სიძულვილი სახელმწიფოს ხელისუფლებაში ყოფნისაც იწვნია. რა გვინდა რუსებისგან, რომელთაც სისხლში აქვთ გამჯდარი საკუთარი სამშობლოს ველოკოდერჟავული ამბიციები? დაგვამარცხა, როგორც ქვეყანამ ქვეყანა, მაგრამ დღეს მის წინააღმდეგ სამშობლო იბრძვის თუ სახელმწიფო? აბა, სამშობლო ითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისგან დეოკუპაციას თუ სახელმწიფო? რუსეთის მიერ სწორედ ქართული სახელმწიფოს სიძულვილი იყო ჩვენი სამშობლოს ტერიტორიების დაკარგვის საფუძველი, ანუ ამ ელემეტარული, მაგრამ უმტკივნეულესი მაგალითიდანაც ჩანს, რომ ნებისმიერ გონიერ მტერს ეშინია თუნდაც პატარა, მაგრამ ძლიერი სახელმწიფოსი. ისრაელი ქვეყანაა თუ სახელმწიფო? სახელმწიფო რომ არ იყოს ისრაელი, ქვეყანას ამდენი ხანი გადაყლაპავდნენ მისი მტრები, მაგრამ სწორედ სახელწმიფოა იმის გარანტი, რომ მისი მოქალაქეების სამშობლო დაიცვას..? აშშ სახელმწიფო რომ არის, იმიტომაა ანგარიშგასაწევი და ჩინეთიც, იაპონიაც, ინდოეთიც… ჩვენ რომ სუროგატო სახელმწიფო ვართ, ან ვერშემდგარი, იმიტომაც გვაქვს ის, რაც გვაქვს.
რადგან ისრაელი ვახსენე, ბარემ, გავიხსენოთ ისრაელი სახელმწიფოებრიობის მოშლიდან სახელმწიფოს შექმნამდე. მსოფლიოში მიმობნეული მილიონობით ადამიანისთვის რა იყო მთავარი? – აღთქმული მიწა! როგრო იყო ებრაელი ხალხის ხვედრი სახელმწიფოებრიობის არქონის პირობებში, ამის გასააზრებლად ჰოლოკოსტის გახსენებაც კმარა. და ახლა ისიც ვთქვათ, რა არის ისრაელი დღეს და რა არის თითოეული ებრაელის თავაწეული და ღირსეული არსებობის გარანტი – ისრაელის სახელმწიფო ხომ არა? დიახ, სამშობლოს ღირსეული არსებობის გარანტია სახელმწიფოა.
აბსოლუტურად არასწორი იყო დისკურსი იმაზეც, სახელმწიფოში სამშობლო დავივიწყეთო. რეალურად, ჩვენ გვქონდა ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტები სამშობლოში – ქვეყანაში. სამშობლოს დავიწყება (მისი ხსენების უხერხულობა) კი იმით იყო განპირობებულული, რომ ან ინსტიტუტების არათუ მმართველებს, ჩინოვნიკებს ისე მოეწონათ „სადღაც“ გაგებული – „სახელმწიფო მე ვარ“, რომ როგორც ავანტიურისტებმა შეაფარეს თავი პატრიოტიზმს, ასევე, შეაფარეს/აიფარეს სახელმწიფო და უფრო მეტიც, მავანი დღმდე ფიქრობს – „სახელმწიფო მე ვარ!“ (ვინც არ იცის, მაგათთვის – ეს სიტყვები მეფე მზეს ეკუთვნის)
სამშობლო – აბა, მითხარით, რომელი წაართმევთ სამშობლოს ლიპარტ ბაღვაშს, სტალინს, ორჯონიკიძეს..? სამშობლო ისევე ეკუთვნის მათ, როგორც ეკუთვნის ფარნავაზს, ქუჯის, გორგასალს, დავით აღმაშენებელს, ცოტნე დადიანს…
სამშობლო ჩვენ საბჭოთა კავშირიშიც გვქონდა, მაგრამ სახელმწიფოებრიობისთვის ვიბრძოდით, რომლის პირველი აუცილებელი აქტი დამოუკიდებლობა იყო. ძნელი არაა, მით უფრო, ისეთი გონიერი ადამიანისთვის, რომელმაც ეს იდეოლოგიური დისკურსი წამოიწყო, იმის გააზრება, რომ მტერი საშობლოს ვერ გართმევს – სახელმწიფოს გისპობს. არ არის საქართველო სამშობლო ენგურს მიღმა დღესაც მცხოვრები ქართველებისთვის? სახელმწიფოს მოსპობაა მტრის მიზანი.
„შოთა რუსთაველიდან დაწყებული“… იყო ნახსენები. ისევ მცდარია ეს მოცემულობა… რუსთაველი ქართული სახელმწიფოს რენენსანსის პროდუქტია, სახელწიფოსი და არა – ქართული ქვეყნის.
—-
მოდით, მორალურ ემოციურ სიღრმეებში არ წავალ და ახლა პოლიტიკურ პრიზმაში შევხედოთ ამ თემას.
რა არის მიზანი? ძალიან მინდა ვცდებოდე, რომ ეს არის ახალი იდეოლოგიური მოდუსისთვის ნიადაგის მოსინჯვა. არ გამოვა ეს, რადგან სენეკა ისევ „ცოცხალია“ და ვინ ამბობს, არის, პირველ რიგში, აქტუალური. აქ პიროვნული „ვინ“ არაფერ შუაშია, იდეოლოგიურად ვინ ახმოვანებს, ამას ვამბობ – მომხრეებს ეს არ სჭირდებათ – დაიბნევიან, მოწინააღმდეგეები – არ დაიჯერებენ, ხოლო ნეიტრალურები – გაიღიმებენ.
უფრო ღრმად: ის სახელმწიფო, რაზეც ვამბობთ, რომ სახელმწიფო იყო, რეალურად ვერ შედგა. მას ჰქონდა უამრავი ატრიბუტი – ინსტიტუცია, მაგრამ ვერ მოესწრო ყველაფერ ამის გაერთიანება. ყველაზე მთავარი, იმ სახელმწიფოში არ იყო სამართლიანობა და ეს არ გახლავთ ჩემი დასკვნა, ამას ხომ ღიად ამბობენ ყოფილი ხელისუფლების ლიდერები. სახელმწიფო კი არ არსებობს სამართლიანობის გარეშე და აქ ნეტარ ავგუსტინეს დავესესხები, რომ სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე არის ყაჩაღთა დიდი ბანდა. კიდევ კარგი, ეს სიტყვები პირველად არ წარმოვთქვი, ჯერ კიდევ 2009 წლის 23 აპრილს ვწერდი: „რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ყაჩაღთა დიდი ბანდა“. ხოლო 2013 წლის 16 აგვისტოს გამოვაქვეყნე პუბლიკაცია – „ქვეყანას ისევ ყაჩაღთა ბანდა მართავს“… ეს იმ „ბიდლოსთვის“, ვინც იტყვის, „ქოციაო“, 2013 წელია, მაშინ ბევრი ლიდერი ლიდერი არ იყო და ბევრი კიდევ პოლიტიკურ გამოდარებას ელოდებოდა.
არასწორი გააზრება – ჩემი, თუნდაც წინა ხელისუფლების მომხრეების, ნეიტრალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების და, მით უფრო, მოწინააღმდეგეების მოტყუების მცდელობა იქნება იმ აზრის კულტივირება, რომ თურმე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას სამშობლოს ხსენება უტყდებოდა და სულ სახელმწიფოს ახსენებდა, ამიტომ დაიკავეს ეს ნიშა შარტლატანებმა ან ურაპატრიოტებმა. რა სამწუხარია, ეს გააზრება – აბა, ჰკითხეთ, რომელმეს, ეს იყო პრობლემა? ან ხელისუფალნი რომ სამშობლოს არ ახსენებენ, ეს დააკარგვინებს ვინმეს სამშობლოს, ან გაუნადგურებს იმ ემოციურ ბმას, რომელიც მას აქვს საკუთარ ქვეყანასთან? იმ ხელისუფლების პრობლემა იყო ადამიანი! დიახ, აი, „სახელმწიფო მე ვარ“ ტიპებისგან ღირსებაგათელილი ადამიანი, რომელიც ვერსად პოულობდა სამართალს. 2012 წელს სამშობლო კი არ დაიხსნა განსაცდელისგან იმ ამომრჩეველმა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, არამედ – „მე“, იმ განცდით, ამათზე უარესი რა და ვინ უნდა იყოსო?
და იცით, ყველაზე დიდი პარადოქსი რა არის? – „სახელმწიფო მე ვარ“ ყველაზე ნაკლებად იყო მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, მას „შეეტენა“ ყველაფერი და ამ დრომდე იშვიათად მინახავს ადამიანი – აი, ის „სახელმწიფო მე ვარ“ რომ გაჰყვიროდა, ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა ტვირთი მისი ლიდერისთვის.
ახლა, ვის არ აქვს სამშობლო – „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თუ „ოცნების“ მხარდამჭერებს? იქნებ, „ლელოს“, „ლეიბორისტების“ ან „გირჩის“ ამომრჩეველს? თუ მისი განცდისთვის ემოცია აკლია ვინმეს, თუ „შარლატან-ავატიურისების“ სამშობლო ემოციურად უფრო მდგრადია? აბსურდია ეს მსჯელობა. ამ მდგრადობას პოლიტიკა განაპირობებს.
ეგეც რომ არ იყოს, რას ერჩის მაშინ ვინმე „ოცნების“ ხელისუფლებას? საყდრისის აფეთქებას დ გავრილოვის ღამეს? ორივე სწორედ იმის შედეგი ხომ არ არის, რომ სახელწიფო არ გაქვს, ან სუროგატო სახელმწიფო გვაქვს? პოლიტპატიმრებს? და ეგეც სახელმწიფოს არქონის – უსამართლო სახელმწიფოს შედეგი ხომ არ არის? ამომრჩევლის მიერ ხმების გაყიდვას? ჰკითხეთ რომელიმე ხმის გამყიდველს, მისია თუ არა ეს ქვეყანა (სამშობლო)? სახელმწიფოში კი არ იზამდა ამას. ზურაბ ადეიშვილმა თქვა საკმაოდ მიგნებულად, ამ ქვეყანაში ნორმალური არჩევნები მაშინ ჩატარდება, როცა საშუალო ფენა შეიქმნებაო.
გავრილოვის ღამეზე ცალკე – მანდ ეპიტცენტრში, იცით, რატომ ვიყავი? იმიტომ, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვა და იმიტომ, რომ სახელმწიფოს და არა – სამშობლოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო უაპელაციოდ დაუთმო ოკუპანტს, თუნდაც რამდენიმე წუთით.
საოკუპაციო ზოლზე პირველი აქციები ჟურნალისტებმა მოვაწვეთ – მერე ეს პროცესი რად გადაიქცა, მაგაზე არაფერს ვიტყვი. მე ვიყავი ერთ-ერთი ორგანიზატორი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამშობლოს ორი მეტრი წამართვა ვიღაცამ, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან მოვითხოვდი რეაგირებას და უფრო მეტიც, მტრისთვის მეჩვენებინა – მე მოქალაქე ვარ, ჩემი პასუხისმგებლობითა და ვალდებულებით ამ თუნდაც სუროგატო სახელმწიფოს წინაშე.
—-
სწორედ აქ უნდა გავამახვილო ყურადღება ერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე. რისთვის დასჭირდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს სამშობლოსა და სახელმწიფოზე საუბარი? თან ისეთი მაგალითი მოიყვანა ქვევრის და ღვინის სახით, რომ უცებ შეეწინააღმდეგა საკუთარ ფორმულას, რომ სამშობლოა უპირატესი. სად წაიღებ ღვინოს ქვევრის გარეშე და რაში გჭირდება ქვევრი ღვინის გარეშე?
მაგრამ, სამშობლო რეალურად მის „პატრიოტ“ მოქალაქეს არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს მაშინ, როდესაც სახელმწიფოში ორმხრივი პასუხისმგებლობა და ორმხრივი ვალდებულებებია. ურაპატრიოტებისთვის სამშობლო იმიტომ არის კარგი „ნიშა“, რომ როდესაც სურთ, აიფარებენ და თან მის წინაშე არანაირი პასუხისმგებლობა არ ექნებათ. სახელმწიფოში კი ამას ვერ გააკეთებ. ნორმალურ სახელმწიფოში, თორემ, ისე, რა პრობლემაა, ახლაც არის შესაძლებელი მოდერნიზებული გილიოტინა დაიდგას რუსთაველზე ან პარლამენტის წინ, თუნდაც საქართველოს ყველა ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში, მაგრამ ჩვენ ხომ სიმახინჯეზე არ ვსაუბრობთ.
ღირსების არმქონეს ვერ გაუღვივებ პატრიოტიზმს, მაგრამ ეს სამშობლო მისიცაა. სამშობლო ვერ მოკვდება ადამიანისთვის და ვერც გმირობას ჩაიდენს. ადამიანები კვდებიან სამშობლოსთვის და ამ ადამიანების დაფასება სახელმწიფოს შეუძლია. ყველაფერი სხვა კი მითია. თანამედროვე სახელმწიფოს მოდუსი ითვალისწინებს ომსაც კი საკუთარი მოქალაქის დასაცავად. სამშობლო მითს ქმნის, სახლმწოფო კი უკვდავყოფს.
ისევ დღევადელ პოლიტიკურ პარადგიმას დავუბრუდები – „ოცნების“ პირობებში დაგებულია უფრო მეტი გზა, აშენებულია უფრო მეტი ცათამბჯენი, ქვეყანას უფრო მეტი მილიონერი ჰყავს, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, არ გვაქვს ომი, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები. მუშაობს ფორმულა – გაანძრიე ხელი, მიდექი-მოდექი, უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის… რას ვერჩით? მშვენიერი ქვეყანაა, სამშობლოდაც ჩვენი სამშობლოა…
იმას ვერჩი, რომ არ არის სამართლიანობა! დიახ, უსამართლობა განსაზღვრავს კორუფციასაც, პოლიტპატიმრებსაც, არჩევნების გაყალბებასაც, შიმშილსაც – ყველაფერს! სამართლიანობა კი ვერ იქნება სამშობლოში, სამართლიანობას სახელმწიფო სჭირდება.
სხვაგვარად იცით, რა ხდება? ის, რაც გვაქვს – სუროგატი სახელმწიფო, ორღობე და მოსახლეობის უმრვალესობა, რომელსაც სამშობლოში ჩალიჩი ურჩევნია, ვიდრე სახელმწიფოში შრომა.
და აქ ისევ გამზადებულ ფრაზას – ციტატას მოვიშველიებ 2009 წელს დაწერილს: „რა არის სახელმწიფო სამართლიანობის გარეშე, თუ არა ყაჩაღთა დიდი ბანდა… ეს სიტყვები ნეტარ ავგუსტინეს ეკუთვნის. სამართლიანობა ადამიანმა შეიძლება რელიგიაში ეძებოს, შეიძლება ქვეყნის უზენაეს კანონში, შეიძლება სამართლიან სასამართლოში. განა აბსურდული არ არის სასამართლო უსამართლო იყოს? კიდევ, სამართალიანობა შესაძლოა, ადამიანშიც ეძებო. სამართლიანობის პოვნა ძნელია მხოლოდ იქ, სადაც ამის სურვილი არ არსებობობს. და თუ სამართლიანობის გარეშე სახელმწიფო ნეტარი ავგუსტინესთვის ყაჩაღთა ბანდაა, ნეტავ ვინ არის ვალდებული ამ ბანდის თვითნებობა აღკეთოს თუ არა ხალხი? რისი ღირსია ის, ვისაც ასე ცხოვრების სურვილი აქვს? რა ჰქვიათ იმ ადამიანებს, რომლებთაც “ყაჩაღთა დიდ ბანდასთან” ჰარმონიული თანაცხოვრება სურს?..“
ვიმეორებ – სამშობლო განცდაა და მეტს არ მოითხოვს. გინდათ მხოლოდ ქვეყანა? – იყავით ხან ერთი და ხან მეორე „ყაჩარღა დიდი ბანდის“ წევრები. მე სახელმწიფო მინდა, რომლითაც ყაჩაღობას ავლაგმავ. ვიბრძვი და ვიბრძოლებს ამისთვის.
რა თქმა უნდა, გვერდი ავუარე უამრავ მოაზროვნეს, მათ ნაშრომს, რომელიც შესაძლოა, მომეხმო ჩემი არგუმენტების გასამყარებლად. მხოლოდ ერთ რამეს შევნიშნავ – სოკრატეს და პლატონის სახელმწიფოს ფილოსოფია უმთავრესად სამართლიანობას ეყრდნობა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც სოკრატეს აღსასრული. ნებისმიერ სახელმძღვანელოში ამოიკითხავთ, რომ ციხეში ყოფნისას სოკრატეს გაქცევის ყველა შესაძლებლობა ჰქონდა, ვინაიდან მის თანამოაზრეებს მცველების მოქრთამვა შეეძლოთ. გაქცევისას სოკრატეს ადვილად შეეძლო სხვა ქალაქისთვის შეეფარებინა თავი, თუმცა კრიტოსთან დიალოგში, სოკრატე ხელმძღვანელობს რა კანონის უზენაესობის იდეით, ამბობს, რომ მისი ციხიდან გაქცევის შემთხვევაში, იგი შექმნის კანონის დარღვევის პრეცედენტს, რომლითაც შეეძლებათ ხელმძღვანელობა პოლისის სხვა მოქალაქეებს. ციხიდან გაუქცევლობით სოკრატემ დაიცვა და თვალნათლივ აჩვენა ყველას კანონის უზენაესობის იდეა. კანონის უზენაესობა სახელმწიფოს პრეროგატოვაა და მისი მოქალაქეების პატივისცემა კანონისადმი.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ იმედს, რომ თემა, რომელიც ძალიან სახიფათოა (შეგნებულად ავუარე გვერდი ამ მიმართულებას), იდეოლოგიურ ნარატივად არ იქცევა და ამ ისედაც საშინელ დღეში მყოფ ქვეყანას კიდევ უკან არ დახევს”.- წერს მირცხულავა.