გერმანიამ, შვედეთმა და პოლონეთმა, თითოეულმა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევეს. ეს ნაბიჯი პასუხია რუსეთის მიერ ამ ქვეყნების დიპლომატების გაძევებაზე.
ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა გადაწყვეტილება თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ქალაქ პოზნანში რუსეთის საკონსულოს თანამშრომელს ქვეყნის დატოვება “ნაცვალგების პრინციპის თანახმად და გერმანიასა და შვედეთთან შეთანხმებულად” მოსთხოვეს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს თქმით, შვედეთის ქმედება “ნათელი პასუხია რუსეთის მიუღებელ გადაწყვეტილებაზე, გაეძევებინა შვედი დიპლომატი, რომელიც თავის მოვალეობებს ასრულდება”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ქვეყნის ქმედება “არამეგობრულ ნაბიჯად” შეაფასა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სამი ევროპელი დიპლომატი “უკანონო აქციებში” მონაწილეობისთვის გააძევეს. უწყების თქმით, ისინი 23 იანვარს დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას.
მათი გაძევების შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის, მოსკოვში ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა. ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ბორელმა დიპლომატების გაძევებაზეც ისაუბრა:
“აგრესიულად გამართული პრესკონფერენცია და ევროკავშირის წარმომადგენელი 3 დიპლომატის გაძევება, ჩემი ვიზიტის დროს, აჩვენებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს შესაძლებლობის გამოყენება ევროკავშირთან უფრო კონსტრუქციული დიალოგისთვის. ეს მოულოდნელი არაა, თუმცა საწყენია, შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთის სტრატეგიული პერსპექტივიდანაც. ევროკავშირმა დასკვნები უნდა გამოიტანოს და სიფრთხილით განიხილოს, რა გზას აირჩევს რუსეთთან ურთიერთობებში და ერთსულოვნად განახორციელოს ის”.
ბორელის ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იყო რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისა და მისი მხარდამჭერი აქციების მონაწილეების დაკავება.
აღსანიშნავია, რომ 2 თებერვალს, როდესაც ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი იმართებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პროცესზე დასავლელი დიპლომატების მისვლა რუსეთის შიდა საქმეში ჩარევად შეაფასა. RIA-ს ინფორმაციით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში ოცამდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ, მათ შორის აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, შვედეთის, ნორვეგიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის წარმომადგენლები.
მანამდე, 25 იანვარს, რუსეთმა დასავლეთი ნავალნის მხარდამჭერი აქციების წაქეზებაში დაადანაშაულა. 100-მდე ქალაქში, აკრძალვის მიუხედავად, ქუჩაში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
2 თებერვალს ალექსეი ნავალნის, 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.
ალექსეი ნავალნი 17 იანვარს რუსეთში დაბრუნებისთანავე დააკავეს. 2014 წლის “ივ როშეს” საქმეზე გამოსაცდელი ვადისა და პირობითი სასჯელის დარღვევისთვის სასამართლომ მას 30 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია “ივ როშე”, გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი.
2014 წელს რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც “უკანონო და თვითნებური” და “პოლიტიკურად მოტივირებული”.
ამასთან ერთად, ნავალნის წინააღმდეგ აღძრულ კიდევ ერთ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამჯერად ნავალნის ბრალად ედება შეურაცხყოფის მიყენება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანისათვის, რომელმაც პუტინის მიერ განხორციელებული რეფორმების პროპაგანდისტულ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. საქმეზე მოსმენა 12 თებერვლამდე გადადეს.
ამავდროულად, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა გამოაცხადეს, რომ მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესო აქციებს გაზაფხულამდე შეწყვეტენ. მიზეზად პოლიციის მხრიდან ძალადობა და დემონსტრანტების დაკავება სახელდება. ლეონიდ ვოლკოვი ამბობს, რომ ეს ორგანიზაციის გეგმებს და სექტემბერში დანიშნული საპარლამენტო არჩევნების კამპანიას შეაფერხებს. ვოლკოვი ამბობს, რომ ნავალნის გათავისუფლების მცდელობას უცხოეთიდან ზეწოლის გაზრდის მეშვეობით გააგრძელებენ.
“ტაბულა”