პრორუსული პარტია რუსეთს და საქართველოს ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას სთავაზობს

4 აგვისტოს, პრორუსული პარტიის სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრები გეორგიევსკის ტრაქტატის 241 წლისთავის აღსანიშნავად თელავში ჩავიდნენ და ერეკლე II-ის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მათ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნითა და “ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის” დადების შეთავაზებით მიმართეს.

“ბატონო რუსეთის პრეზიდენტო, ბატონო საქართველოს პრემიერმინისტრო, დღეს, 4 აგვისტოს, გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგი წლისთავის დღეს, ჩვენი პოლიტიკური პლატფორმის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, წარმომადგენლები მოგმართავთ ერეკლე II-ის მშობლიურ ქალაქ თელავიდან.

ერეკლე მეორე რუსეთთან დადო ხელშეკრულება, გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელიც გამოხატავდა საქართველოს მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას, დაახლოებოდა ერთმორწმუნე, მძლავრ ჩრდილოელ მეზობელს და მისგან მიეღო საგარეო აგრესიისგან დაცვა.

ისტორიული პროცესების რკინისებრი ლოგიკა კვლავ მთელი სიმწვავით აყენებს ორი ქვეყნის, ორი ხალხის გაერთიანების საკითხს. იმისთვის, რომ დაიძლიოს დროის მრისხანე გამოწვევები, რუსეთი და საქართველო მოწოდებული არიან, გადალახონ უთანხმოებები და გაერთიანდნენ ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.

მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთის ხელისუფლებასთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. ამ ურთიერთობის სტრატეგიული კავშირის სწრაფი გადაზრდის პერსპექტივით თანასწორობის, სუვერენიტეტის პრინციპების გათვალისწინებით. დროა, აღვადგინოთ უშიშროების ერთობლივი სისტემა. ჩვენ ხალხებს სჭირდება ახალი გეორგიევსკი, ჩვენ ხალხებს სჭირდება ახალი კავშირი”. – თქვა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ჟღენტმა.

პარტიის მეორე ლიდერის მამუკა ფიფიას თქმით კი, საქართველოს “სახლში დაბრუნება სჭირდება”.

“ჩვენ გადაგვარჩინა გეორგიევსკის ტრაქტატმა. რო არ ყოფილიყო გეორგიევსკის ტრაქტატი, საქართველო, არ ვიცი, იქნებოდა თუ არა საერთოდ. […]

ჩვენ 32 წელია ერთ წრეში დავდივართ [გულისხმობს საბჭოთა კავშირის დაშლიდან გასულ დროს]. ჩვენ გვჭირდება სახლში [რუსეთში] დაბრუნება” – თქვა ფიფიამ ჟურნალისტთან საუბრისას.

პარტიამ მიმართვა წინა დღეს, 3 აგვისტოს დააანონსა.

ფიფიას პუტინისთვის ადრეც მიუმართავს. მაშინ სერგეი გავრილოვთან დაახლოებული წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი პუტინს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებას სთხოვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share