“120-მილიმეტრიანი ჭურვი მოფრინავდა… ბეწვზე გადავრჩით”, “იმღერე შენი სასიკვდილო სიმღერა და მოკვდი, როგორც გმირი, შინისკენ მიმავალ გზაზე”, “რუსულმა მედიამ მკვდრებად გამოგვაცხადა, მაგრამ მათი სიხარული ნაადრევია. ყველა გადავრჩით…” ” ახლა ვვახშმობთ, ჩემ წინ ამერიკელი მოხალისეები სხედან. ჩემზე ლაპარაკობენ. ყველაზე ახალგაზრდა ხარ, ვინც აქ ვნახეთო, – მეუბნებიან… არ ვიცი, როგორ ვუთხრა ინგლისურად, რომ “შემონახული” ვარ, თორემ უკვე 27 წელს მივუკაკუნე…” – ეს “ფეისბუკ”-სტატუსები რუსეთ-უკრაინის ომში მებძოლ თორნიკე გოგუაძეს ეკუთვნის.
თორნიკეს 27 წელი ფრონტის ხაზზე შეუსრულდა. ის გაერთიანებულ, ძლიერ საქართველოზე ოცნებობს, წერს ჩანახატებს, პატარ-პატარა ნოველებს… როგორც თანამებრძოლები ამბობენ, სიკეთით სავსე გულს დაატარებს, იდეალისტია და ცდილობს, გულდასმით შეისწავლოს ყველაფერი, რასაც მისი უფროსი, გამოცდილი თანამებრძოლები ასწავლიან. ამბობს, რომ უკრაინაში საქართველოს სახელით, ოკუპანტის დამარცხებისთვის იბრძვის. სჯერა, რომ იღბლიანია და ფრონტის ხაზზე, ყველაზე კრიტიკულ მომენტშიც კი კეთილისმყოფელების ლოცვა იცავს. უფრო ვრცლად უკრაინაში მებრძოლი ახალგაზრდა ქართველის იდეალებზე, მიზნებსა და ოცნებებზე ინტერვიუში შეიტყობთ.
– როგორ დაიყოლიეთ მშობლები, რომ ასეთი ახალგაზრდა ომში გაეშვით, თანაც, სხვა ქვეყნების ომში?
– მე არ ვფიქრობ, რომ ეს სხვა ქვეყნების ომია, ეს არის ჩემი ქვეყნის მტრისა და ჩემი ქვეყნის მეგობრის ომი. რუსეთი ოკუპანტია. ამ ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ბევრჯერ დაღვარა ჩემი წინაპრების, ჩემი თანატოლების სისხლი და ყოველთვის შერჩა. როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მივხვდი, ეს იყო საშუალება, შური მეძია ქართველების დაღვრილი სისხლისთვის, ჩემი გმირის – გიორგი ანწუხელიძისთვის. ომი ხომ 24 თებერვალს დაიწყო, მე 27 თებერვალსვე ჩავეწერე მოხალისედ, კიევის საელჩოში, მაგრამ არავინ დამიკავშირდა და გადავწყვიტე, უკრაინაში “ქართულ ლეგიონს” დავკავშირებოდი. 6 მარტს უკვე უკრაინაში ვიყავი. მაშინვე შევუერთდი ლეგიონერთა რიგებს. ახლა დონეცკის ოლქში ვარ, უფრო მეტი კონკრეტიკისგან კი თავს შევიკავებ. ერთს გეტყვით, ამაყად ვატარებ ქართულ დროშას და ვიბრძვი საქართველოს სახელით. ომში წასვლამდე საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკის მეცნიერებებს ვსწავლობდი ილიას უნივერსიტეტში. მიუხედავად იმისა, რომ გრანტი მქონდა და კარგი სტუდენტიც ვიყავი, თბილისში ცხოვრება გამიჭირდა. სწავლას და მუშაობას ერთმანეთს ვერ ვუთავსებდი, ამიტომ უნივერსიტეტი მივატოვე და გურიაში, ჩემს სოფელში დავბრუნდი, შერეული ტიპის მეურნეობა გავაკეთე და ერთი წელი ამ საქმით ვიყავი დაკავებული. რაღაც დროის შემდეგ მივხვდი, ამ საქმიანობით ვერ შემოვიფარგლებოდი და პერსონალური განვითარების ტრენინგების ჩატარება დავიწყე. სამოტივაციო სპიკერიც ვიყავი, პარალელურად კი რამდენიმე კომერციულ პროექტში ჩავერთე. რუსეთი უკრაინაში რომ შეიჭრა, მოსვენება დავკარგე, ძილი აღარ მეკარებოდა, ვეღარც საქმეს ვუდებდი გულს, მთელი არსებით რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე გადავერთე. არც ჯარი მაქვს გავლილი და არც ომში ვარ ნამყოფი, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე, საბრძოლველად წავსულიყავი. ამ ჩანაფიქრის შესახებ ოჯახის წევრებს ძალიან გვიან გავაგებინე, იცოდნენ, აზრს მაინც ვეღარ შემაცვლევინებდნენ, ამიტომ არც უცდიათ. თანაც გასამგზავრებლად ყველა საჭირო დეტალი უკვე მზად მქონდა. მშობლებმა ისე გამზარდეს, ისე ვცხოვრობდი და ვცხოვრობ, რომ მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩემს მოვალეობად მიმაჩნია. დედამ და დამ ბევრი ტირილის შემდეგ, გზა დამილოცეს. მამა გარდაცვლილი მყავს. ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ომში ერთად წამოვიდოდით.
როგორც კი ჩამოვედი, რამდენიმედღიანი სწრაფი და ინტენსიური წვრთნა გავიარე. შესაძლებლობის გაჩენისთანავე გამოცდილ მეომრებს ბევრ კითხვას ვუსვამდი და ბევრსაც ვსწავლობდი მათგან. ძალიან მოვინდომე და დავამტკიცე, რომ ბრძოლისუნარიანი ვიყავი.
– რა მოლოდინებით წახვედით ომში და რა დაგხვდათ ადგილზე?
– როცა წამოსვლა გადავწყვიტე, უკრაინაში კრიტიკული მდგომარეობა იყო. მოლოდინი მქონდა, პარტიზანულ ბრძოლებში მომიწევდა მონაწილეობა და მჯეროდა, ადრე თუ გვიან, გავიმარჯვებდით. თუმცა, ჩამოვედი თუ არა, მალევე გავაცნობიერე, რომ შანსები 50/50-ზე გვქონდა. ახლა კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ომს მოვიგებთ. ეს შეუქცევადი პროცესია. როცა ლვოვში ჩავედი, ეს ქალაქი ყოველ დღესა და ღამეს იბომბებოდა. საფრთხე იყო, რომ რუსების დესანტს გადმოსხამდნენ. ამიტომ ამ ქალაქის დაცვაზე დაგვაყენეს. პირველი 20 დღე მეც იქ ვიყავი. ყოველ 4-6 საათში ერთხელ, 4 საათით გავდიოდით პატრულში ან საბრძოლო პოზიციებზე გახლდით. ბევრი დივერსანტი იყო და საფრთხეს ყველა მხრიდან ვგრძნობდით. არავის ვენდობოდით. ყოფილა შემთხვევები, როცა ღიმილით მოსული ადამიანი რუსების ან ბელორუსების აგენტი აღმოჩენილა. ლვოვიდან მალევე გადავედი კიევის დაცვაზე. თუმცა, კიევში შემოჭრა და პოზიციების დაკავება რუსებმა ვერ შეძლეს, იქ ინტენსიურ ბრძოლებში მონაწილეობა არ მიმიღია. დაბომბვები კი მრავლად იყო, იქნებოდა ეს არტილერია თუ ავიაცია. იმ პერიოდისთვის რუსები ცას მთლიანად აკონტროლებდნენ, მათი გამანადგურებლები უპრობლემოდ დაფრინავდნენ მთელ უკრაინაში.
– სიკვდილისთვის თვალებში თუ ჩაგიხედავთ?
– არაერთხელ, მაგრამ არასდროს დავჭრილვარ. ლისიჩანსკის დაცვისას, ქართველები ძალიან რთულ პოზიციებს ვიცავდით. რამდენიმე დღის განმავლობაში ცენტრთან კავშირიც კი გაწყდა. ყველას მკვდრები ვეგონეთ. რუსულმა მედიამ მიცვალებულებად გამოგვაცხადა, ჩვენი მხარე ამ ინფორმაციას ვერც უარყოფდა და ვერც ადასტურებდა. ყველასთვის გასაკვირად, იმ სასაკლაოდან უდანაკარგოდ გამოვაღწიეთ. სოციალურ ქსელში ბევრს უნახავს ჩემი ვიდეოები… ბევრს უკვირს, რომ არასდროს დავჭრილვარ, არც კონტუზია მაქვს მიღებული და ეს მეც მიკვირს. როგორც ჩანს, იღბლიანი ვარ, ჩემი კეთილისმსურველების ლოცვა მიცავს.
– ომმა შეგცვალათ?
– ომი ყველას ცვლის… მეც შემცვალა, უფრო გამაძლიერა, მეტად დისციპლინირებული, ორგანიზებული და მიზანდასახული გამხადა, დროის ფასი ვისწავლე. დავრწმუნდი, რომ რაც შეგიძლია დღეს, აქ და ახლა გააკეთო, სამომავლოდ არ უნდა გადადო. ახლა ვიცი, რომ ცხოვრება ცვალებადი და წარმავალია. არავინ იცის, გექნება კიდევ ამა თუ იმ საქმისთვის დრო და მომენტი. ომმა კიდევ უფრო მეტად შემაყვარა სამშობლო, ჩემი ხალხი და უახლოესი წრე. როცა სიკვდილს გადაურჩები, ადამიანებს სულ სხვა თვალით უყურებ, ყველა გეძვირფასება, თითოეულში მხოლოდ სიკეთეს ხედავ. რაც მთავარია, ომი სამყაროს ერთი კანონზომიერების გააზრებაში დამეხმარა: “ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!”
– ცოტა ხნის წინ, როდესაც ფრონტის ხაზზე უკრაინელების სასარგებლოდ შეიცვალა სურათი და ხერსონის მიმართულებით სერიოზულ წარმატებას მიაღწიეთ, ალბათ უფრო იმედიანად იყავით. რა შეიცვალა ახლა, როდესაც რუსებმა ირანული დრონებით მასობრივი დაბომბვა დაიწყეს?
– ფრონტის ხაზზე არსებითად არაფერი შეცვლილა. მხოლოდ ის დადასტურდა, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა. რუსები ახლა მოქმედებენ ისე, როგორც ტერორისტები და კრიმინალები. ეს მოცემულობა უკრაინულ ჯარს კიდევ მეტ მოტივაციას აძლევს. ახლა თითოეული უკრაინელი მებრძოლი მოწადინებულია, რაც შეიძლება მალე იძიოს შური და ბოლო მოუღოს ბოროტების იმპერიას. ჩვენ დღითი დღე წინ მივიწევთ აღმოსავლეთ უკრაინისკენ, ვიბრუნებთ დაკარგულ და ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასე რომ, რუსეთის მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტები ვერ გაგვტეხს და ვერ შეგვაჩერებს.
– საქართველოში დაბრუნებას მართლა აპირებთ?
– როცა აქ ჩამოვედი, ბოლომდე ვაპირებდი ბრძოლას, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ გადაწყვეტილება შევცვალე. ხშირად მეკითხებიან, თუ რას ვაპირებ ომის შემდეგ. ზოგს ჰგონია, უნივერსიტეტში სწავლას გავაგრძელებ, ზოგი სამსახურის დაწყებასაც კი მთავაზობს. მე კი ერთადერთი მიზანი მაქვს, ჩემი სამოქალაქო აქტივიზმით დავეხმარო საქართველოს, ჩემს ქვეყანას, რომელიც ახლა, ყველა გადმოსახედიდან, უმძიმეს დღეშია. ქვეყანა რუსიფიკაციის გზას ადგას. ჩვენი მამებისა და უფროსი ძმების მიერ სიმწრით მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსულ ჭაობში იძირება. ეს ბევრ ახალგაზრდას არ მოსწონს… უახლოეს კვირებში დავბრუნდები საქართველოში და აქტიურად ჩავერთვები ჩემი დაფუძნებული მოძრაობის – “სამოქალაქო წინააღმდეგობის” საქმიანობაში. ჩვენ უკვე გვქონდა პირველი აქტივობა 7 ოქტომბერს, პარლამენტის წინ ჩავატარეთ აქცია “ჩაკეტე საზღვარი”, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოდინების წინააღმდეგ. ისევ გავაგრძელებთ საქართველოს რუსიფიკაციასთან ბრძოლას და ზოგადად, დავუპირისპირდებით ყველა იმ მანკიერებას, რაც ქვეყანაშია გაბატონებული.
– ასეთი მოძრაობის დაფუძნება როდის მოასწარით?
– ბოლო ორ კვირაში, სპონტანურად. ჯერ ოფიციალურადაც კი არ არის რეგისტრირებული. ჩამოვალ და ორგანიზაციულ საკითხებს მოვაგვარებ.
– თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი სჭირდება.
– ყველაფერი იდეით იწყება, დანარჩენი კი გამოჩნდება.
kvirispalitra.ge