“ის დაქირავებული რეჟისორი გახდა” -, რას წერდა აკაკი ბაქრაძე რობერტ სტურუაზე

“სტურუას აკაკი ბაქრაძემ დიდი ხნის წინ დაუსვა დიაგნოზი” – ასე ეხმაურება  ჟურნალისტი ვახო სანაია რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 700 ათასი ლარის ღირებულის მიწის გადაცემის ფაქტს და სოციალურ ქსელში წერს:
“სტურუას აკაკი ბაქრაძემ დიდი ხნის წინ დაუსვა დიაგნოზი.
მას შემდეგ მისი მთელი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ბაქარაძის შეფასების დადასტურება.
ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ღარიბაშვილიც კი ყიდულობს.
სტურუას ღარიბაშვილის განკარგულებით მიწა აჩუქეს 1 ლარად, მერე ეს მიწა ვიღაც მასთან დაახლოებულ ტიპს ,,აჩუქა”. ფიქციური შეთანხმება გააფორმა. ამ ტიპმა გაყიდა და სტურუამ 221 ათასი დოლარი გამოიმუშავა.
აი, რას წერდა მასზე აკაკი ბაქრაძე:
1978 წლის 14 აპრილსა და კონსტიტუციასთან დაკავშირებული ამბების გამო ხელისუფლება ძალიან გადამეკიდა. ჩემი მოხსნის საკითხი რამდენჯერმე იდგა, მაგრამ ვერ გაბედეს. ერთხელ ოთ.თაქთაქიშვილს დაუყვირა კიდეც შევარდნაძემ – შენ რა მინისტრი ხარ, ბაქრაძე ვერ მოგიხსნიაო. შეშინებული თაქთაქიშვილი სამინისტროში მოვარდა და მეხვეწებოდა, წადი თეატრიდან, კულტურის სამინისტროში გადმოგიყვან, იქ იმუშავეო. მე ჯიბრის გამო უარი ვუთხარი. ასეთი რამ ბევრჯერ მოხდა. ყველა რომ გიამბოთ, ძალიან გრძელი გამოვა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ორი წლის მანძილზე ხან მხსნიდნენ და ხან მტოვებდნენ. ელოდნენ ჩემს განცხადებას. მე არ ვწერდი მას. ერთხელ ტრისტან ყველაიძეს ვუთხარი კიდეც – განცხადებას არავითარ შემთხვევაში არ დავწერ-მეთქი. თუ უნდათ ისე მომხსნან-მეთქი. მერე მაინც დავწერე განცხადება და აი, რატომ.
როცა ამგვარ სიტუაციაში ვიყავი, რ.სტურუა (და სხვები) სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს ,,ცარცის წრის” გამო. ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ სტურუას დაქირავებას აპირებდნენ და ჩემთან მის დაპირისპირებას. ეს რომ ასეა, ამას ის ადასტურებს, რომ ,,ცარცის წრე” დაგვიანებით და ინსტრუქციის დარღვევით წარადგინეს პრემიაზე. სამინისტრომ ყალბი დოკუმენტი შეადგინა, თითქოს ,,ცარცის წრის” განახლებულ, გადაკეთებულ ვარიანტს ადგენდნენ პრემიაზე.
,,ცარცის წრით” დაგვიანებული დაინტერესება ნაკარნახევი იყო ანგარებით. თუ სტურუას დააჯილდოვებდნენ, ჩამოაცილებდნენ იმ გეზს, რომელსაც ერთად ვადექით. რა თქმა უნდა, სტურუას პრემიაზე უარის თქმა არ შეეძლო, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაცით უნდა გამოეხატა პრემიისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამიტომ მე ვუთხარი მას, არ წასულიყო მოსკოვში პრემიის მისაღებად. ამით გასაგები გახდებოდა, რომ იგი მაინცა და მაინც დიდად არაფრად აგდებდა პრემიას. ჯერ დამპირდა, არ წავალო, მაგრამ მერე, ეტყობა სხვების შთაგონებით, მაინც წავიდა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იგი მაშინვე წამოეგება ანკესს, როგორც მას ხელისუფლება გადმოისვრის.
ჩემი ეს ვარაუდი უტყუარად დაადასტურა შევარდნაძემ ЛГ-ს კორესპონდენთან საუბარში – ,,…მოუთმენლად მოველით სპექტაკლს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებზე, რომელსაც რუსთაველის სახელობის თეატრში ამზადებს რობერტ სტურუა” (გაზ. ,,კომუნისტი”, 1980 წ., 21 სექტემბერი). ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა. დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა. სხვა რეჟისორი კი თეატრში არ იყო.” – წერს სანაია.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share