ამერიკული გაზეთი “პოლიტიკო” (Politico) აქვეყნებს სტატიას სათაურით – “ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას მიანიშნა, რომ უარი თქვას ვლადიმერ პუტინის რუსეთის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მოთხოვნაზე” (ავტორი – ალექსანდრე ვორდი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან გაჟღერებული ახალი პოზიცია, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის დროსაც შეიძლება დაიწყოს, პირდაპირ უკავშირდება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის “რბილ ბიძგს” უკრაინის მიმართ. ანუ გამოდის, რომ ზელენსკიმ თავისი მოთხოვნები გარკვეულწილად შეარბილა.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით.
ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ჩამოთვალა ის ხუთი ძირითადი პირობა, რომელთა შესრულება რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებისთვის არის აუცილებელი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; რუსეთის მიერ გაეროს წესდებისადმი პატივისცემა; პასუხისმგებლობა სამხედრო დანაშაულისათვის; კომპენსაციის გადახდა რუსეთის მიერ ომით მიყენებული ზარალის გამო და გარანტიის მიცემა, რომ ომს რუსეთი აღარ გაიმეორებს.
ამასთან, ვლადიმერ ზელენსკი აღარ ითხოვს იმას, რასაც ადრე ითხოვდა: – მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებას ჩამოშორდებაო.
“ზელენსკის პოზიციის ცვლილება, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, მას შემდეგ მოხდა, რაც კიევსა და ვაშინგტონს შორის რამდენიმედღიანი მოლაპარაკება გაიმართა, მათ შორის – აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის პირადი შეხვედრაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან. თეთრი სახლის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ამერიკელებს კონკრეტულად არ უთხოვიათ უკრაინის პრეზიდენტისა და მისი მრჩევლებისთვის, პოზიცია უნდა შეიცვალოთო, მაგრამ უთხრეს, რომ სასურველი იქნებოდა, თუ კიევი მინიშნებას გააკეთებდა ომის გონივრული და მშვიდობიანი დასრულების სურვილით.
“არის იმედი, რომ ასეთი პოზიცია, მშვიდობის დამყარების მიზნით, უფრო მომგებიანია, თანაც სწორედ უკრაინა გამოდის კონფლიქტის გადასაწყვეტად და ამიტომ მოთხოვნებს არბილებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ახლავე უნდა მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას. არ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის მოლაპარაკების დრო, იმის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი დღეს აკეთებს”, – ამბობს მაღალჩინოსანი, – “მაგრამ უკრაინამ მაინც უნდა აჩვენოს თავისი მზადყოფნა ომის შესაწყვეტად, რადგან მისი რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ყველაზე მეტად უკრაინას უნდა აწყობდეს”.
მხარეთა შეხვედრების დროს ყველას მიმართ დაცული იყო ანონიმურობის პრინციპი, დელიკატური და პირადი საუბრების წარმოების მიზნით.
ბოლო კვირაში დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ჯო ბაიდენის გუნდზე გარკვეულ ზეწოლას ახორციელებდნენ, ომის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად. აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ კავშირი აქვთ თავიანთ უკრაინელ და რუს კოლეგებთან, რათა დაძაბულობის დონემ დაიწიოს და შეცდომები თავიდან აიცილონ, თუმცა რამე ღია კამპანიის დაწყება მებრძოლი მხარეების [შესარიგებლად] არ იგეგმება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ახალი პოზიცია კონგრესის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გააჟღერა. როგორც ცნობილია, მოსალოდნელია, რომ არჩევნებში წარმატებას რესპუბლიკელები მოიპოვებენ და ისინი ერთ-ერთ პალატას (ან ორივეს) თავიანთ კონტროლქვეშ მოაქცევენ, რაც პირდაპირ უკავშირდება უკრაინისთვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების მკვეთრად შემცირებას.
საინტერესოა, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ამ თემაზე კომენტარებს თავს არიდებენ. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭომ უარი განაცხადა რამის თქმაზე.
უილიამ ტეილორის, უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის მტკიცებით, კიევის ხუთი პირობა, უკვე შეცვლილი სახით, სრულიად გონივრულია, რადგან ის შეესაბამება საერთაშორისო სამართალს. ასევე, ობიექტურია პასუხისმგებლობის მოთხოვნაც რუსეთის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების გამო. დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა სამშვიდობო მოლაპარაკების პირობებზე მას გულწრფელად მოეჩვენა და, ალბათ, ვლადიმერ პუტინიც სერიოზულად მიიღებს.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ვლადიმერ პუტინი რეალობას შეურიგდა”, – თქვა უილიამ ტეილორმა გაზეთთან საუბარში. მან აღნიშნა, რომ რუსეთი ისევ შეუერთდა “ხორბლის შეთანხმებას” და შეარბილა ბირთვული მუქარები, თუმცა მოლაპარაკების რეალურად დაწყება მანამდე არ მოხდება, სანამ “კრემლი კიდევ რამდენიმე სამხედრო დამარცხებას არ იწვნევს”.
უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენლის, კურტ უოლკერის მტკიცებით, ამერიკამ უკრაინას საჯაროდ არ უნდა უბიძგოს მოლაპარაკების მაგიდისაკენ, განსაკუთრებით კი – ამჟამად, “იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს დღეს სერიოზულად არ აქვს განზრახული მოლაპარაკების დაწყება, მით უმეტეს – ზელენსკის პირობების მიღება. იგი მზად არის, კვლავ გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები და უკრაინის ქალაქებს დარტყმები მიაყენოს. უკრაინამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან გამარჯვებას უნდა მიაღწიოს, უნდა დაიბრუნოს თავისი ტერიტორია, ხოლო ვაშინგტონი კიევს უნდა დაეხმაროს ამ მიზნის რაც შეიძლება სწრაფ განხორციელებაში”, – თქვა კურტ უოლკერმა.
სხვათა შორის, თავის დროზე, გაზეთმა “ვაშინგტონ პოსტმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ კიევმა თავისი მოთხოვნებიდან ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებისაგან ჩამოშორების საკითხი ამოიღოს