მოემზადა თუ არა სათანადოდ საქართველოს ჯანდაცვა ეპიდემიის სამართავად და რა ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას – ამ საკითხებზე რადიო კომერსანტთან აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული საუბრობს.
მისი განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას გულწრფელად უნდა ესაუბრებოდეს ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობებზე.
„საავადმყოფოებში არის ადგილი, მთავარია მოძებნო ვინმე, ვინც ამ ადგილს გიშოვის – როდესაც ასეთი მესიჯი იგზავნება ბუნებრივია,რომ ფსიქოლოგიური მომენტია და უკვე პანიკაა საზოგადოებაში. იგივე ხდებოდა ამერიკაშიც. ადამიანები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ჯობია დროზე გახდე ავად და მოხვდე კლინიკაში,სანამ ადგილებია, ვიდრე მერე,როცა ყველა ადგილი გადაივსებაო.
საზოგადოებაში არ იქნა გაგზავნილი სწორი მესიჯები. იმის შესახებ, პირველ რიგში, თუ როგორ უნდა მართულიყო სახლში კოვიდი ? რა იყო ის კრიტერიუმები,რომლისთვისაც ადამიანს დროულად უნდა მიექცია ყურადღება და მიემართა კლინიკებისთვის.
მთავრობის სხდომის დასასრულის შემდეგ ინტერვიუშიც ვთქვი,რომ ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იმისა,რომ გარკვეულ წარმატებით მოახდინო და გარდატეხა შევიტანოთ ამ პროცესში, ხალხის ნდობის აღდგენაა. რამდენად მოხერხდება ეს, სხვა საკითხია. საჭიროა შეცდომებს ანალიზი გავუკეთოთ. მასების ფსიქოლოგია დიდი მნიშვნელობისაა პანდემიის მართვის დროს. ერთადერთი გზა ,რომ მოსახლეობამ გაიგოს, რატომ არის შედარებით გამკაცრება საჭირო, არის ხელისუფლების გულახდილი განცხადება ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ამჟამინდელ შესაძლებლობებთან დაკავშირებით,“– აცხადებს ზურაბ გურული.
ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური ქულების დაწერა სცადა პირველი ტალღის დროს და ლოქდაუნის პერიოდი ვერ გამოიყენა პანდემიასთან საბრძოლველად.
„დასაწყისში პოლიტიკური ქულების დაწერას შეეცადა ხელისუფლება და ილუზია შექმნა იმისა, რომ საქართველოს, როგორც მთავრობა,ისე ჯანდაცვის სექტორი მართავდა კოვიდ ინფექციას. ეპიდემიის პირველი ტალღა გაჩერდა პრიმიტიული ხერხით, ჩაკეტვით. თუმცა, როცა იკეტები, საჭიროა ეს დრო გამოიყენო, მოემზადო. ექსპერტებს,რომლებსაც ისინი იკრებდნენ, ეგონათ რომ ვაქცინა შემოდგომაზე მოუსწრებდა მსოფლიოს. ყველაზე სავალელო,რაც მოხდა ისაა,რომ ჩვენ გადავანაცვლეთ პირველი ტალღა, ავირიდეთ გაზაფხულზე, ზაფხულზე და დავამთხვიეთ ზამთრის უძნელეს თვეებს, წინ კი დიდი ზამთარი და ადრეული გაზაფხულია,რომელიც საკმაოდ კრიტიკულ პერიოდს წარმოადგენს.
მაღალი ალბათობით ეკონომიკური პრობლემები იქნება, თუმცა მეორე მხარეს, შესაძლებელია მოხდეს ხვალვე კატასტროფა და ვიხილოთ დიდი ტრაგედია, ისეთი,რაც იტალიაში ხდებოდა თავის დროზე. ამ დილემის წინაშე დგას საქართველოს მთავრობა. ეს არის ზე პარტიული მოვლენა, იგი არ ეხება რომელიმე პარტიულ და პოლიტიკურ სიმპატიებს, ანტიპატიებს, რეალურად გვაქვს საქმე გადარჩენასთან და დაღუპვასთან,ისევე როგორც ომში. აუცილებელია გავერთიანდეთ. ეპიდემიას ვერ შევწყვეტთ, ამ ჯაჭვს ვერ გავწყვეტთ, უბრალოდ უნდა მოვაქციოთ იგი მკაცრი კონტროლის ქვეშ,“– ამბობს ზურაბ გურული.