მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილი მის პოსტში არ გულისხმობდა კონგრესმენ ტერნერის და სენატორ შაჰინის უკანასკნელი შეხვედრის დროს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან განხილულ საკითხებს, რადგან მას “არ ახასიათებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნაცვლად საზოგადოების ინფორმირება მათი კომუნიკაციის თაობაზე”.
“მინდა გამოვეხმაურო ქართული ოცნების პროპანაგდისტულ ჟრიამულს აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე.
პრეზიდენტი სააკაშვილი გაეცნო აშშ-ის საელჩოს განცხადებას და სრულად იზიარებს პოზიციას, რომ დეზინფორმაცია და სპეკულაცია ვერ მოაგვარებს უთანხმოებას.
პრეზიდენტის უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ განხილულა და ამ თემაზე არაერთი კომუნიკაცია არის შემდგარი თითქმის ყველა პოლიტიკურ დედაქალაქთან. კონკრეტულად აშშ-თან მიმართებაში – როგორც სენატსა და კონგრესთან, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
კონგრესმენი ტერნერის და კონგრესმენი სკოტის წერილი, რომელიც მათ ოფიციალურად გაუგზავნეს სახელმწიფო დეპარტამენტს (გამოქვეყნებულია პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე) არის ძალიან კონკრეტული და არ ტოვებს სივრცეს სპეკულაციისთვის პრეზიდენტი სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის საკითხზე და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტი მის პოსტში არ საუბრობს კონგრესმენ ტერნერის და სენატორ შაჰინის უკანასკნელი შეხვედრის დროს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან განხილულ საკითხებზე. პრეზიდენტ სააკაშვილს არ ახასიათებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნაცვლად საზოგადოების ინფორმირება მათი კომუნიკაციის თაობაზე.
შემიძლია დავადასტურო, რომ პრეზიდენტი იმყოფება განგრძობით კომუნიკაციაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ვინაიდან თავად ვარ ამ პროცესის თანამონაწილე.
ჩემთვის, ისევე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილისათვის, გაუგებარია, რამ გამოიწვია ქართული ოცნების საცირკო მხიარულება იმ დროს, როდესაც აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის მითითებული, თუ რა ნაბიჯები არის გადასადგმელი საქართველოს მთავრობის მიერ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებისათვის”. – წერს ჩალაძე.
“მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა შეხვედრაზე ამჯერადაც ჩემი უკანონო და უსამართლო პოლიტპატიმრობის საკითხი არაერთხელ წამოიჭრა”. – ასე გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკელი სენატორისა და კონგრესმენის საქართველოში ვიზიტს.
ამავე დღეს, აშშ-ს საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ კონგრესმენი, მაიკ ტერნერის და სენატორი, ჯინ შაჰინის ვიზიტისას მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა.