შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარედ ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე საკურორტო კომპლექსს აშენებს

შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფის“ მიმდებარედ 47468 კვ.მ არეალზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დამტკიცდა.

დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიას ფლობს, „ვი არ შეკვეთილი რესორტ“-ია, რომლის 100%-იან წილი „ვი არ ლისის“ საკუთრებაა, რომლის მფლობელი და დირექტორიც ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძეა. სწორედ ის არის შეკვეთილში არსებული ტერიტორიის მფლობელი კომპანიის დირექტორიც.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა:

1.სასტუმრო;

2.სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი;

3.დასასვენებელი სახლები;

4.სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტები;

5.კვების ობიექტები;

6.გართობისთვის განკუთვნილი მომსახურებების ობიექტები;

7.მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების ობიექტები;

8.ავტოსადგომი;

9.დასაშვები სახეობებისათვის დამხმარე და დროებითი შენობა-ნაგებობები.

დოკუმენტში წერია ისიც, რომ დამკვეთის მოთხოვნით, ტერიტორია სასტუმრო „პარაგრაფის“ კონტექსტში უნდა განაშენიანდეს.

საპროექტო წინადადება ითვალისწინებს საპროექტო არეალზე ტურისტული კომპლექსის მოწყობას მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინებით. ტერიტორია დაიქსელება სამანქანო გზებით. დაიყოფა ნაკვეთებად. სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილი გათვალისწინებულია მრავალბინიანი სასტუმროს ტიპის შენობებისთვის. ამ შენობაში განთავსდება დაახლოებით 398 სასტუმროს ტიპის ნომერი, კვების ობიექტები, გართობისთვის განკუთვნილი მომსახურების ობიექტები, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურების ობიექტები და ავტოსადგომები დაახლოებით 199 მანქანაზე.

ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი დაეთმობა ინდივიდუალურ დასასვენებელ სახლებს. ტერიტორიის უკუდურეს დასავლეთით მოეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის საძირკვლის არმქონე მსუბუქი კონსტრუქციები, როგორიცაა საჩრდილობლები და ასაწყობი კონსტრუქციის საცურაო აუზი.

დოკუმენტის მიხედვით, განაშენიანების ეტაპები და რიგითობა შემდეგია:

1. პირველ ეტაპზე იგეგმება საპროექტო საინჟინრო ქსელის მოწყობა
2. საპროექტო გზების მოწყობა
3. საპროექტო ღობეების მოწყობა
4. სასტუმროს ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება
5. საპროექტო დასასვენებელი საცხოვრებელი სახლების აშენება.

კომპლექსის აშენების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარების ფონდსა  და VR Holding-ს შორის გასული წლის ბოლოს გაფორმდა. მაშინ ითქვა, რომ პროექტის ჯამური ღირებულება 600 მილიონი აშშ დოლარია. კომპლექსს VR Shekvetili Forest Beach by Paragraph ჰქვია და ის სასტუმრო “პარაგრაფიდან” 100 მეტრით იქნება დაშორებული.

 

კომერსანტი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share