ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, წნევის დამწევი, ანტიალერგიული, ანაფილაქსიური შოკის საწინააღმდეგო, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, ჰიპოგლიკემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ასევე ბრონქული ასთმისა და სტენოკარდიული შეტევის კუპირების საშუალებები აუცილებლობის შემთხვევაში ურეცეპტოდაც გაიცემა.
“კაპტოპრილი, დექსამეტაზონი, ეპინეფრინი, ფუროსემიდი, გლუკოზა, ინსულინი, სალბუტამოლი, ნიფედიპინი, ამიოკორდინი, ატროპინი, დიფენჰიდრამინი, გლიბენქლამიდი, მეტფორმინი, მეტოპროლოლი, პრედნიზოლონი, ნიტროგლიცერინი, ნალოქსონი და სხვა დასახელების მედიკამენტის შეძენა, აუცილებლობის შემთხვევაში, რეცეპტის გარეშეც არის შესაძლებელი.
ეს გამონაკლისი მეორე ჯგუფის მედიკამენტებს ეხება, რომლის რეცეპტიც 1-ლი მარტიდან, მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება” – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ რეცეპტის გარეშე გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი მოქმედებით ხასიათდებიან.
მსგავსი ტიპის პრეპარატებია: ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, გაციების დროს გამოსაყენებელი, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო საშუალებები და სხვა.
გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების სია შეგიძლიათ ნახოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.