ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის არყოფნა “ლოგიკურია” და, მისივე სიტყვებით, “ყველაფერი იდეალურად დალაგდა”.
“რაც შეეხება ვიზიტს – მე მგონია, რომ იდეალურად ლაგდება ყველაფერი. გუშინ, სხვათა შორის, მათი მხრიდან იყო რაღაც საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა. ჩვენი შეთავაზება იცით, რაც იყო გუშინ – ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის მერე გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი. პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც, ერთი მხრივ, მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრიანელი ხალხის მიმართ და, ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არ იქნებიან ამ ვიზიტში.
ეს არის ძალიან ლოგიკური, ნიშანდობლივი და სიმბოლურიც – ნაციონალური მოძრაობა, რომელიც არის ომის პარტია, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ქართულ ოცნებასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ამ ვიზიტზე წარმოდგენილი. ძალიან კარგი, ნაცმოძრაობა დარჩა მარტო, ყველა პოლიტიკური ჯგუფი მიდის უკრაინაში, ყველა ერთად, ქართულ ოცნებასთან ერთად, შალვა პაპუაშვილთან ერთად, რომელიც არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. გამოდის რა? ერთადერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც ამას აცხადებს, Fake-ს ავრცელებს, არის ენმ. მოხდა ლუსტრაცია. ომის პარტია უნდა იყოს ბორტს მიღმა და ისინი დარჩნენ ბორტს მიღმა”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, დელეგაციაში მისი ფრაქციის წევრები არ იქნებიან. დეკანოიძის შეფასებით, “მართებული არ არის” ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ყოფნა.
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა. მასში ქართული ოცნების მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ასევე, არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო შედიან. რაც შეეხება ოპოზიციას, ქართული ოცნების განცხადებით, მათი შეთავაზება იყო, ოპოზიციის კვოტითაც სამი ადამიანი წასულიყო, რაზეც უარი მიიღეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამის შემდეგ, ოპოზიციას შეთავაზეს, რომ თითო პოლიტიკური ჯგუფიდან იყოს თითო წარმომადგენელი.
“საპარლამენტო უმრავლესობამ თანხმობა განაცხადა, რომ არ გაზარდოს თავისი წარმომადგენლობა. ამ შემთხვევაში თანაბრობის პრინციპი დაირღვევა და ოპოზიციური უმრავლესობის დელეგაცია იქნება. თუმცა, გამომდინარე ამ ვითარებიდან, ეს შეთავაზება, ვფიქრობ, სწორი იყო და აქედან გამომდინარე, თხოვნა მექნება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომ დროულად მოგვაწოდონ საკუთარი კანდიდატები ამ დელეგაციისთვის” – ამბობს პაპუაშვილი.